ნანული თორდინავა: “ჩემი ზრუნვის შედეგი ჩემი შვილები და ოჯახია”


-მე მარტვილელი ვარ, დავიბადე 1963 წელს, საშუალო სკოლა დავამთავრე სოფელ სალხინოში, შემდეგ ჩავირიცხე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1988 წელს და მუშაობა დავიწყე მშობლიურ სოფელში, წაჩხურუს რვაწლიან სკოლაში, შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სოფელ ოჩეს რვაწლიან სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ოჯახის შექმნის შემდეგ, საცხოვრებლად გადმოვედით ქალაქ ზუგდიდში და მუშაობა დავიწყე ჯუმის საჯარო სკოლაში კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორად, სამ წელიწადში დამაწინაურეს ჯუმის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობაზე, სადაც ვიმუშავე 20 წელიწადი. “არეულობის დროს”, მოკლე პერიოდი, ვიყავი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. შემდეგ კი, ისევ დავუბრუნდი ჩემს თანამდებობას. ამჟამად, იგივე სკოლაში, ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი.
-ქალბატონო ნანული, თქვენი საჯარო სკოლა, ერთ-ერთი წარმატებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში…
-ჩვენი სკოლა ძალიან კარგი პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, ვამაყობ ჩემი კოლექტივით. თითოეული მათგანისგან, ყოველთვის, ვგრძნობდი და ვგრძნობ მხარდაჭერას და თანადგომას, მათთან ერთად, მეც პროფესიულად გავიზარდე.
-ქალბატონო ნანული, თქვენი აზრით, რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს?
-უპირველეს ყოვლისა, მოწოდებით უნდა იყოს პედაგოგი, უყვარდეს საკუთარი პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა. უნდა ცდილობდეს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მუშაობაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივირებას და განვითარებას.
-თქვენმა ქალიშვილმა თქვენი პროფესია აირჩია, როგორ მიიღეთ მისი გადაწყვეტილება?
-ჩემმა ქალიშვილმა, 21 წლის ასაკში, დაიწყო სკოლაში მუშაობა. ბავშვობიდან მბაძავდა, უყვარდა ჩემი პროფესია, არც გასჭირვებია მოსწავლეებთან ურთიერთობა. ახლა ჩვენს სკოლაში დირექტორის მოადგილეა.
-როგორ გგონიათ, რომ არა პედაგოგი, ვინ იქნებოდა ნანული თორდინავა?
-ვერ წარმომიდგენია, ამ პროფესიის გარეშე!
-თქვენი სკოლის მოსწავლეთა აკადემიური დონით თუ ხართ კმაყოფილი?
-კმაყოფილი ვარ, განვითარებული ბავშვები არიან. მიხარია, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები წარმატებულები არიან, მუშაობენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე და საზოგადოების ღირსეული წევრები არიან.
– ქალბატონო, ნანული, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?
-ჩემი მეუღლე გახლავთ ნუგზარ ჟვანია. ჩვენ ვიყავით ერთი რაიონიდან და ერთ-ერთ დიდ ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს, მაშინ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ნუგზარი უმაღლესი განათლებითაა, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ახალგაზრდობის პერიოდში იყო დიდიჭყონის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, გეგეჭკორის, ახლანდელი მარტვილის, სატყეო მეურნეობის დირექტორი, ამავე რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების პირველი მოადგილე. ახლობლების რჩევით, საცხოვრებლად გადმოვედით ქ. ზუგდიდში, სადაც მუშაობდა რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შემდეგ მუშაობდა სამეგრელო-ზემო სავანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალურ სამმართველოში უფროს სპეციალისტად. ჩვენ 35 წელია ერთად ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლის სურვილია, ერთად ყოფნის 50 წლის იუბილის აღნიშვნა 15 წელიწადში (იცინის).

გვყავს სამი შვილი: უფროსი სოფიკო, ტყუპები თემურ და თამარ ჟვანიები. სოფიკომ დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე, შემდეგ კი, მაგისტრატურა, იგივე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით. ჯერ ოფიცრად მუშაობდა კრედო ბანკში, შემდეგ კი კრედო ბანკის მმართველი გახდა, მუშაობდა დუშეთის და გლდანის ფილიალების მმართველად. ამჟამად, მთაწმინდის რაიონის ფილიალის მმართველია.

მეორე ვაჟიშვილმა, თემურიმ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის მაგისტრი, მუშაობდა პოლიციაში, ამჟამად კერძო ბიზნესით არის დაკავებული. მისი მეუღლე ია ბარქაია, სამშენებლო კომპანია ჯითიინვესტის დირექტორია. ჰყავთ პატარა ეკატერინე ჟვანია.
თამრიკო, თემურის ტყუპისცალი, ნარაზენელი როლანდ ბეჭვაიას მეუღლეა, ჰყავთ ერთი შვილი-ილია ბეჭვაია, მუშაობს, როგორც გითხარით, კოლხიდის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.

ჩემი ზრუნვის შედეგი ჩემი ოჯახია, ჩემი შვილები, მეუღლე კი, ჩემი მრჩეველია, დამრიგებელიც, ჩემი “ენციკლოპედია”. უსაზღვროდ მიყვარს და ვაფასებ.
როზა როგავა


კომენტარი

  1. ლუარა

    ნანული გამარჯობა ,მე ვარ ლუარა ნადარაია,გამიხარდა რომ გნახე ფეისზე,წლებია შენზე არაფერი მსმენია გავიგე შენი ოჯახის და შვილების შესახებ, გამიხარდა, მე თბილისში ვცხოვრობ,მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი, ულევი ბედნიერება და წარმატებები შენ და შენს ოჯახს გეფერები ჩემი ბავშვობის ნეგობარო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!