“ჟურნალ „ზუგდიდელების“ სტუმარია ააიპ „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა შედანია, რომელიც პროფესიით იურისტია. მუშაობს „ლაზიკა კაპიტალის,“ იურიდიულ განყოფილებაში, გარდა ამისა, აქტიურად არის დაკავებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებით.
ნანა, გარკვეული პერიოდი, ცხოვრობდა გერმანიაში და ამბობს, რომ საზღვარგარეთულ ცოდნას და გამოცდილებას თავის რეგიონს მოახმარს და ყველაფერს გააკეთებს მის განსავითარებლად.
-დავიბადე სოხუმში. ომის შემდეგ, საცხოვრებლად გადმოვედით სოფელ რიყეში. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. გარკვეული წლები ვმუშაობდი თბილისში, სხვადასხვა ორგანიზაციაში. მოგვიანებით, მივიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ორი წელი ვსწავლობდი და ვცხოვრობდი გერმანიაში (ფრანკურტი, ჰამბურგი) მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო იქ დავრჩენილიყავი, გადავწყვიტე, დავბრუნებოდი მშობლიურ კუთხეს და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა ჩემი ქალაქისთვის.
-მეც სოხუმელი ვარ და მაინტერესებს, როგორ შემორჩა შენს მეხსიერებას სოხუმი?
-აფხაზეთი ჩემი ტკივილია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩემს მეხსიერებას ბუნდოვნად შემორჩა სოხუმი, მე ის ძალიან მენატრება. მამა ხშირად მიყვებოდა სოხუმზე, ზღვაზე, მდინარე კელასურზე, რომელიც ჩვენს ეზოს მიუყვებოდა. მიყვებოდა მის ლამაზ ბულვარსა და სანაპიროზე. დღე არ გავიდოდა სოხუმი არ ეხსენებინა. საოჯახო ალბომი ერთადერთია, რაც სოხუმიდან შემოგვრჩა და სწორედ ამ ალბომიდან, ფოტოებიდან ვიღდგენ მეხსიერებაში, თუ როგორი იყო სოხუმი, ჩემი ეზო, ზღვა. მე მჯერა და მწამს, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, სოხუმში, ეს მამასაც სჯეროდა.
– ღმერთმა ქნას, ეს მოხდეს… ნანა, შენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ, მოგვიყევი რა საქმიანობას ეწევა თქვენი ორგანიზაცია?
– ორგანიზაცია დაფუძნდა 2015 წელს და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა. ორგანიზაცია ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას და ახორციელებს ლექცია-სემინარებს, ტრენინგ-კურსებს, კონფერენციებს. უკვე განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი: როგორიცაა „დასაქმება და არაფორმალური განათლება რეგიონის ახალგაზრდებისათვის“ (ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით), „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების განვითარებისთვის“ („ევროპის ახალგაზრდული საბჭოს მხარდაჭერით“), „გაცოცხლებული მე-19 საუკუნე“ და სხვა. ამჟამად, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
-ერთ-ერთი სოციალური პროექტია „მეგობარი“, რომელიც უკვე შემოვიდა ზუგდიდურ ცხოვრებაში…
-„მეგობარი“ არის პროექტი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ზუგდიდს. თავისუფალი სამუშაო სივრცე, რაც გულისხმობს, რომ დღის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, ეს სივრცე, სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენოს ტრენინგებისთვის, შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის, სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის. საღამოს ექვსი საათიდან სივრცე ფუნქციონირებს როგორც ბარი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაერთონ, იმღერონ, კინოჩვენება, პოეზიის საღამოები მოაწყონ, დისკუსიები გამართონ, აზრები გაცვალონ და უბრალოდ ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ხორციელდება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით“, ადგილობრივები ძალიან დაუმეგობრდნენ „მეგობარს და არამარტო ადგილობრივები, ჩვენთან მოდიან ტურისტები, რაც სასიხარულოა. მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი სივრცე, დაათვალიერეს აქაურობა და კმაყოფილება გამოთქვეს. ახალგაზრდები ჩვენთან ამბობენ, რომ ეს არის ის რაც გვაკლდაო.
-ნანა, პროექტის ფარგლებში, შენ იმყოფებოდი გერმანიაში, გქონდა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა.
-გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას უწევს კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯი (Karl Friedrich Goerdeler Kolleg Fur Good Governance) რობერტ ბოშის (Robert Bosch Stiftung) ფონდისა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ( Deutsche Gesellschaft Fer Ausvertige Politik DGAF) საზოგადოების მხარდაჭერით. მონაწილე 10 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი საქართველოა. კონკურსის ფარგლებში, გავაგზავნეთ პროექტი, რომელმაც ასობით პროექტს შორის გაიარა ჯერ პირველი ეტაპი, შემდეგ მოხვდა საფინალო შესარჩევ ეტაპზე, რომელიც ჩატარდა ბერლინში და სადაც ვიყავი მიწვეული. საბოლოო ეტაპზე, გადაირჩა მხოლოდ 20 პროექტი და მე ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ჩვენი პროექტი აღმოჩნდა. საქართველოდან სულ სამი წარმომადგენელი ვიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას, ორი დედაქალაქიდანაა, რეგიონებიდან მარტო მე ვარ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისათვის“ წარმომადგენელი. პროგრამა ერთწლიანია. ვიყავი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. მონაწილეობა მივიღე სემინარებში, გაიმართა შეხვედრები ექსპერტებთან, საჯარო და კერძო მოხელეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან. ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცვლელი შეხვედრები გამოდგა. პროგრამამ ძალიან ბევრი შემძინა და მომცა იმის საშუალება, რომ ჩემს რეგიონში განვახორციელო საჭირო და კარგი პროექტები. პროგრამის ფარგლებში, მომავალი შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი პოლონეთში, ვარშავაში.
– ნანა, ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობების გამო, ახალგაზრდების უმრავლესობა საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად. შენს შემთხვევაში პირიქით მოხდა, გქონდა შესაძლებლობა დარჩენილიყავი და მაინც სამშობლოში დაბრუნდი.
-საზღვარგარეთ, წლების განმავლობაში, დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. ადაპტაციის პერიოდი დიდ ხანს არმქონია, რადგან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყავდა დიდი სამეგობრო წრე, გადავწყვიტე, დაბრუნება. თუ დავრჩებოდი, მაშინ, სამუდამოდ მომიწევდა დარჩენა. გაუცხოების მომენტი, რომ არ მქონოდა, ამიტომ ჩამოვედი საქართველოში. წლები როცა რჩები საზღვარგარეთ, შინ დაბრუნებული, შენს სამშობლოში, თავს უცხოდ გრძნობ, ამიტომ დავბრუნდი ჩემს ქალაქში”.
…
ეკა ფარულავა
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალში “ზუგდიდელები” №52