ნანა ქობალიას ორკვირიანი ამერიკული მოგზაურობა


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულების პროგრამა “რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში” ხელმძღვანელი და ტელეკომპანია „ოდიშის” ჟურნალისტი ნანა ქობალია, სასწავლო ვიზიტით, ორი კვირით, ამერიკაში იმყოფებოდა.  

-ნანა, რა პროგრამით იმყოფებოდი ამერიკაში?

-ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებული და WorldChicago-ს ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამა. მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy) ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State) და მისი წლიური ბიუჯეტია $250,000. წელს, ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაცია არის World Chicago.  ორგანიზაციის დირექტორია პეგი პარტენოფი და მედიაგანათლების პროგრამის დირექტორია დენის მეტსონი. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელები და პროფესორები. პროგრამის მიზანია, საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა. პროგრამა გრძელდება ერთი წლის განმავლობაში და მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში (ქალაქები: ჩიკაგო და ნორმალი ილინოისის შტატში) და ამერიკელი მედია პროფესორების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.  

პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩომ გააკეთა კვლევა და მოიძია ყველა ის უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებდა სწავლების ნებისმიერ  საფეხურზე ჟურნალისტიკის სწავლების პროგრამას და ჩვენ, როგორც პროფესიული პროგრამის განმახორცილებელი სასწავლებელი, ჩავერთეთ ამ პროგრამაში და მე, როგორც პროგრამის ხელმძღვანელს, რადგან წელს სწორედ პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობაზე იყო აქცენტი, მომიწია მონაწილეობის მიღება. გვქონდა გასაუბრების ეტაპები და ასევე, სანამ აგვისტო დადგებოდა, დისტანციურად ვხვდებოდით ერთმანეთს. ფასილიტატორობას უწევდა შეხვედრებს ვორლდ ჩიკაგოს პრეზიდენტი დენის მეტსონი ამერიკული მხრიდან, ხოლო ქართული მხრიდან, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პროექტში სოფო ბზიშვილი.

-საინტერესოა, პროგრამის მონაწილეების შეხვედრები იქ ადგილზე ამერიკაში…

-შეხვედრა გვქონდა ილინოისის წამყვან უნივერსიტეტებში 30-მდე პროფესორთან, რომლებიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებს გვაცნობდნენ. ეს არ არის პროგრამა, რომელიც ერთჯერადია, არამედ არის განგრძობადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიკაგოში მიღებული გამოცდილება აუცილებლად უნდა დაინერგოს ჩვენს უნივერსიტეტში.

პროგრამა, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ათვისებულია ქართულ უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის მიმართულებებზე და სილაბუსებიც კი თანხვედრაშია ამერიკულ სილაბუსებთან, თუმცა, არის საკითხები და კომპონენტები, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია ჩვენს რეალობაში, მაგალითად, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების ღრმად ცოდნა, მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერება, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და დოკუმენტალისტიკის თანამედროვე მიდგომები, კვლევითი მეთოდები რეცენზირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისათვის. ნიუსრუმის დივერსიფიკაცია და მედია გაშუქება, რა პრობლემის წინაშეც დგანან თანამედროვე ნიუსრუმები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური მიდგომების თვალსაზრისით, კონკრეტულად კი, რამდენადაც ეს ეხება მედიის მიერ ახალი ამბებით მოვლენების გაშუქებას, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობის საკვანძო ტერმინებისა და კონცეფციების შინაარსი, რამდენადაც ის უკავშირდება ჟურნალისტიკას, განსაკუთრებით კი მოქალაქე-ჟურნალისტის ცნებას. ასევე ვიმსჯელეთ  სიზუსტის, ავთენტურობის, იდეოლოგიისა და სიტყვის /გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, მოქალაქისა და პროფესიონალი ჟურნალისტის როლებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს იყო ახალი აკადემიური პროგრამების შექმნა, წერის სწავლება მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე გასატანად. აგრეთვე, როგორ უნდა განავითარონ სტუდენტებმა ხარისხიანი ბეჭდვითი, რადიო, სატელევიზიო, სოციალური მედიის, მხატვრული ფილმისა და წერის ახალი ფორმების კრიტიკული მიდგომები. როგორ უნდა შექმნან სოციალური მედიის ანალიტიკური ლაბორატორია, როგორ უნდა გამოიყენონ სტუდენტებმა სოციალური მედიით კამპანიის დაგეგმვისა და შეფასების მიზანზე ორიენტირებული სტრატეგია, მათ შორის სოციალური მედიის ტრენდების შესწავლის, კონტენტის კალენდრების შედგენისა და რეალურ კლიენტებთან მუშაობის მოსაზრებები.

ძალიან ბევრი იდეის განხორციელებას ვაპირებთ უნივერსიტეტში და გვექნება სიახლეები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი თეონა ხუფენია და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მედიაგანათლების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტი იწყებს ახალი  აკადემიური საფეხურის პროგრამისთვის მუშაობას, რაც იქნება ამ პროექტის კულმინაცია და უმნიშვნელოვანესი შედეგი.

-როგორი იყო პირველი ამერიკულ შეგრძნებები…

-პირველი აღქმა, პირველი შეგრძნებები, პირველი ემოცია დაუვიწყარი იყო. რაც თვალში გხვდება, ესაა შესანიშავი არქიტექტურა და ცათამბჯენების კასკადი. მდინარე ჩიკაგო – ჩიკაგოს სავიზიტო ბარათი და მიჩიგანის ტბა. ტყუპი შენობა “გავიცანით” – ცნობილი “სიმინდები”, რომელიც შემდეგ დღეებში ჩვენი ათვლის წერტილი გახდა და სწორედ ამ შენობიდან ვიწყებდით იმ ტრაექტორიის განსაზღვრას, თუ რომელი მხრიდან გვიწევდა წასვლა და სად.

ჩიკაგოში ყოფნის ყველა დღე იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ვსწავლობდით და ვესწრებოდით ლექციებს, გვქონდა არაჩვეულებრივი კულტურული ტური, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ტურისტული ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ჩიკაგოში, დავათვალიერეთ, ეს არის უდიდესი მეგაპოლისი, ცათამბჯენების ქალაქი მიჩიგანზე, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი არქიტექტურა, ძველი და თანამედროვე დიზაინის შეზავებით, რაც ესოდენ მიმზიდველს ხდის ჩიკაგოს.

თავისუფლების ქვეყანაში ყველა ბედნიერია, ქუჩაში გაღიმებული სახეების ნაკლებობას ვერ იგრძნობთ. ძალიან თბილები არიან, თუ რამე დაგჭირდა, აუცილებლად დაგეხმარებიან, ისე გექცევიან, რომ თავი უცხოდ არ იგრძნო. უშუალო კომუნიკაციის ხალხია, რაც მათ სხვებისგან განასხვავებს.

-ტრადიციული ამერიკული კერძები თუ დააგემოვნეთ…

-ყველაფერი გავსინჯეთ, რაც ამერიკაში უნდა გასინჯო. ტრადიციული კერძი არა აქვთ, მაგრამ “ბარბექიუ” უნიკალურია. ერთი დღე გვქონდა ამერიკულ ოჯახებში სტუმრობა და ვიმყოფებოდით ტონი ბრაუნის ოჯახში. სასიამოვნო და საინტერესო სტუმრობა გამოვიდა, მარტოხელა ტონიმ საგანგებოდ მოიწვია მისი მეგობარი ქალი, რომ ჩვენთვის ტრადიციული ამერიკული ვახშამი მოემზადებინა. მან საქართველო მხოლოდ რუკაზე იცოდა, ჩვენ კი ჩვენი ქვეყნის ისტორია გავაცანით და ახლოს დავანახეთ საქართველო. მირიან მეფიდან დაწყებული, თამარის და დავითის ეპოქა, თანამედროვე ისტორია. დაფიქრდა ბრაუნი, გაიოცა კიდეც, რამხელა კულტურის და წარსულის მქონე ერი ყოფილხართო. ძალიან თბილად დაგვემშვიდობა მასპინძელი და გზა დაგვილოცა.

-როგორ შეაფასებდი შენს ორკვირიან „ამერიკულ ვოიაჟებს“…

-ვფიქრობ და ვხვდები, რომ ამ ორმა კვირამ ბევრი რამ მასწავლა, უფრო დამაფიქრა და გონების ჯერაც ხელშეუხებელი ნაწილი გახსნა. ვცდილობდი, თითოეული დღე ყოფილიყო დასამახსოვრებელი, დღემდე მომყვება ის ემოცია, რაც ამერიკაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. ეს ქვეყანა გასწავლის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, უნდა გაილაღო, თავისუფლებას საზომი არა აქვს, დრო ფუჭად არ უნდა დაკარგო ისეთ წვრილმანებზე, რომელიც აქამდე გაწუხებდა, ეს ყველაფერი კომპლექსებია და სხვა არაფერი.

-წარმატებებს გისურვებ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!