მოსწონს ყველაფერი ლამაზი, უყვარს მეგობრებთან ყოფნა, მათი პრობლემების მოგვარება, რაც ყოველთვის წარმატებით გამოსდის და რაც მთავარია, უყვარს თავისი საქმე. თავისუფალი დრო თითქმის არა აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო საკუთარი თავის შესაცნობად,- საკუთარ თავს კარგად უნდა იცნობდე, რომ სხვებთან ურთიერთობა შესძლოო.
ქალბატონ ნანა ანთიასთან პირველად რომ მივედი, ცოტაზე მეტად შევშინდი. შიშის მიზეზი სრულიად გასაგები გახდება თუ ვიტყვი, რომ ნანა სტომატოლოგი გახლავთ. გაახარა ღმერთმა, ვინც პირველად მასთან გამაგზავნა, ამით ერთი პრობლემა გადაიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ახლა სტომატოლოგი თუ დამჭირდა, წინასწარ თვეობით გულის ხეთქვა და მომზადება აღარ მჭირდება, მშვიდად მივდივარ ნანა ექიმთან, ვიცი არ მეტკინება და არც გული გამიხდება ცუდად. ამას რეკლამისათვის არ ვამბობ, “ჩემს ექიმს” ეს არ სჭირდება და არც ეს წერილი არ იწერება ამ მიზნით. კარგი ოჯახის შვილი, კარგი დედა, კარგი მეუღლე, შესანიშნავი სპეციალისტი, საინტერესო პიროვნება და მოსაუბრე – ჩვენც მეტი რა გვინდა?
-ქალბატონო ნანა გაეცანით ზუგდიდელებს?
-დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში, დავამთავრე ქალაქის #6 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 1980 წელს. სტუდენტობაც ჩვეულებრივი მქონდა. 1981 წელს მაგისტრატურაც დავამთავრე და მუშაობა დავიწყე ზუგდიდში, მაშინ ერთადერთ, ცნობილ სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ბატონი ამირან აბრამია. თითქმის 10 წელი დავყავი ბავშვთა განყოფილბაში. შემდეგ რაონულ საავადმყოფოში ვიყავი ექიმ-სტომატოლოგი. ახლა ვარ ინდმეწარმე და ჩემს კოლექტივთან ერთად ვეწევი დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას.
-თქვენ ცნობილი და ერთ-ერთი პოპულარული ექიმ-სტომატოლოგი ბრძანდებით. რატომ უყვარხართ პაციენტებს, რატომ გამოგარჩევენ სხვებისაგან?
– მე ასე ვფიქრობ, რომ არამარტო ჩემთან, არამედ ყველა ექიმში, პაციენტს, პირველ რიგში იზიდავს პროფესიონალიზმი, შემდეგ კი, პაციენტისადმი მისი თბილი დამოკიდებულება, თბილი მიღება. მითუმეტეს კბილის ტკივილი ყველამ ვიცით, თუ როგორი აუტანელია.
– ჰელიობჟენები, პროტეზირება, კბილების სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურები თქვენთან წარმატებით კეთდება, მაგრამ ხომ შეიძლება პაციენტს ვურჩიოთ პრევენციისათვის როგორ მოუაროს პირის ღრუს?
-პრევენციისათვის, პირველ რიგში, უნდა უვლიდე პირის ღრუს, იყო ყურადღებით და დროულად უნდა მიმართო ექიმს, როგორც კი პატარა პრობლემას შეამჩნევ, მაგრამ ჩვენს ხალხს ასეთი სიფრთხილე და სიფხიზლე არ ახასიათებს, – ძალიან თუ არ ეტკინება, ძალიან თუ არ ჩავარდება სტრესში, რაც ღამის თევაში და გაუსაძლის ტკვილში გამოიხატება, არ მოგვმართავენ.
-რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
-პროფესიის არჩევაში მშობლებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით, სტომატოლოგობა თვითონ მოვინდომე. დედაჩემს უნდოდა ან პედიატრი, ან თერაპევტი ვყოფილვიყავი, მაგრამ სამკურნალო ფაკულტეტის ნაცვლად საბუთები სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე შევიტანე. რა ვიცი, ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი სტომატოლოგი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, არასდროს არ ვიღლები, შაბათ-კვირას სახლში რომ ვარ, ისიც კი დისკომფორტს მიქმნის. შვებულებაზე რომ გავდივარ, ორ კვირაზე მეტ ხანს ვერ ვჩერდები. სულ მინდა ჩემს პაციენტებთან ვიყო, თუ არადა, ასე მგონია, ყველაფერი დამავიწყდება რაც ვიცი სტომატოლოგიაში.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
– მე გრეტა ნაჭყებიას და ალიოშა დიდიშვილის რძალი გახლავართ. ჩემი მეუღლე არის თენგიზ დიდიშვილი, ინჟინერი. მყავს 2 გოგონა ანა და ბაია დიდიშვილები. უფროსმა ანამ დაამთავრა შავი ზღვის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ანკარაში წითელ დიპლომზე. მუშაობს ქართულ-ამერიკულ ორგანიზაციაში. უმცროსმა ბაიამ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა “ჯიპაში” გაიარა. ჯანდაცვის მენეჯმენტი დაამთავრა და ამჟამად მუშაობს სადაზღვევო კომპანიაში “ირაო”. მიხარია, რომ მათაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე.
-ზუგდიდელების უმრავლესობა თქვენი პაციენტები არიან, რას უსურვებთ მათ?
– ყველას ვუსურვებ ერთმანეთში კარგ და თბილ ურთიერთობას, მშვიდობას.
როზა როგავა
ფოტოებზე: ნანა ანთია და მისი ქალიშვილები
R