მსოფლიოს გიჟური ფესტივალები


ფორთოხლების სროლა, იტალია

იტალიის ქალაქ ივრეის მცხოვრებლები მარხვის წინა სამ დღეს ერთმანეთისთვის ფორთოხლების სროლით ზეიმობენ. ლეგენდის მიხედვით, ივრეის შუა საუკუნეების თავადი იმდენად ძუნწი იყო, რომ გლეხებს ნახევარ წელიწადში მხოლოდ ერთ ქოთან ბარდას აძლევდა. პროტესტის ნიშნად ქალაქელებმა ქუჩებში ბარდის სროლა დაიწყეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ბარდაფორთოხლით შეიცვალა, რადგან ეს ხილი სამხრეთ იტალიაში უხვად მოდის.

ფორთოხლების სროლის დღეებში ქუჩაში მოსეირნე ხალხს ამ ხილს ესვრიან. ხშირად ეს მხიარულება მცირე ტრავმებს იწვევს, ამიტომაც თუ ივრეის ქუჩებში ფორთოხლების სროლის დღეებში გავლა დააპირეთ, ჩაფხუტი და წყლის სათვალე არ დაგავიწყდეთ.

ყველის დევნა კუპერის მთაზე, ინგლისი

ინგლისში ყოველ გაზაფხულზე იმართება ფესტივალი, რომლის დროსაც ყველის დიდ თავს ციცაბო მთაზე აგორებენ, ათობით ბრიტანელი კი მას უკან მოსდევს. ეს შეჯიბრი მონაწილეებს ნაღრძობი კოჭით, მოტეხილობებითა და უზარმაზარი დალურჯებებით ემუქრება, თუმცა ფესტივალს მონაწილეები არასდროს აკლია, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულის პრიზი მხოლოდ ყველის თავის ხელში დაჭერაა.

ზუსტად არავინ იცის, როგორ და რატომ შეიქმნა ყველის დევნის ტრადიცია. ადგილობრივი ლეგენდა გვიამბობს, რომ ტრადიციის ფესვები ჯერ კიდევ ძველ რომშია საძებნი. თუმცა ფესტივალი ყოველთვის უპრობლემოდ არ ტარდებოდა. მეორე ომის დროს, როცა ქვეყანაში ყველის აშკარა ნაკლებობა იყო, მთიდან არა ყველის Double Gloucester-ის მთელ თავს, არამედ ხის ბორბალში ჩადებულ პატარა ნაჭერს აგორებდნენ. კიდევ მეტი საფრთხე ფესტივალის არსებობას 1997 წელს დაემუქრა, როდესაც მონაწილეებმა იმდენი ტრავმა მიიღეს, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. მომდევნო წელს ყველის დაგორება დაუშვეს, თუმცა მისთვის გამოდევნების უფლება არავის მისცეს. თუმცა ახალმა ტრადიციამ ერთი წელიც ვერ იარსება და მომდევნო წელს მძაფრი შთაბეჭდილებების მოყვარულებს ყველის დევნის საშუალება კვლავ მიეცათ.

მაიმუნების ფესტივალი ლოპბურიში, ტაილანდი

ტაილანდის სხვა მხარეების მსგავსად, ქალაქი ლოპბურიც მაიმუნებითაა სავსე. ისინი თავისუფლად დადიან ქუჩებში, მანქანების სახურავებით მოგზაურობენ და გულუბრყვილო ტურისტებს ხელიდან საჭმელს აცლიან. მაიმუნები საკმაოდ მომაბეზრებლად იქცევიან, თუმცა ტაილანდელები მათ მაინც აღმერთებენ.

ინდუისტური ლეგენდის მიხედვით, აქ ოდესღაც ღმერთი ჰანუმანი (მაიმუნების მეფე) ბატონობდა. მის პატივსაცემად ქალაქი წელიწადში ერთხელ 2000 მაიმუნისთვის „შვედურ მაგიდას“ აწყობს. მაგიდები ივსება ტროპიკული ხილით, ბრინჯის სანელებლებიანი კერძებითა და კოკა-კოლის მსგავსი თანამედროვე სასმელებით, მაიმუნები კი ხმაურიან ნადიმს აწყობენ.

ბოლოკის ღამე, მექსიკა

XVI საუკუნეში ესპანელმა მკვლევარებმა მექსიკაში ბოლოკი ჩაიტანეს, ახლანდელი ქალაქის ოახაკას შორიახლოს მცხოვრებმა ფერმერებმა კი მაშინვე დაიწყეს ამ ბოსტნეულის მოყვანა. სამწუხაროდ, ბოლოკს არავინ ყიდულობდა და მაშინ გამყიდველებმა, უამრავი პროდუქტი თავიდან როგორმე რომ მოეშორებინათ, ბოლოკისგან სხვადასხვანაირი ფიგურების გაკეთება დაიწყეს.

ბოლოკის ფიგურებმა მყიდველი მართლა მოიზიდა და ახალი ბოსტნეული იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფერმერებმა ბოლოკის მიწაში დიდხანს დატოვება დაიწყეს, რათა ნაყოფს წარმოუდგენელი ზომები და ფორმები მიეღო. ახლა ყოველი წლის 23 დეკემბერს მექსიკის ქალაქ ოახაკაში „ბოლოკის ღამის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. ქალაქელები მთავარ მოედანზე იკრიბებიან, რათა გამოფინონ და დაათვალიერონ ბოლოკისგან დამზადებული სკულპტურები წმინდანების, აღდგომის სცენებისა და თავად ქალაქის ამსახველი ფორმებით.

ზეთიანი ბრძოლა, თურქეთი

თურქეთში ზეითუნის ზეთი იმდენად უყვართ, რომ ის ერთ-ერთ უსაყვარლეს ეროვნულ გართობაში – კირკპინარის ბრძოლის კონკურსის დროს მთავარ როლს ასრულებს. უკვე 650  წელია ეს ტურნირი ძალიან პოპულარულია და ქვეყნის რეგულარული სპორტული მოვლენების რიცხვში შედის. ყოველი წლის ივნისში 1000 მებრძოლზე მეტი რინგზე გასვლის წინ ტანზე ზეითუნის ზეთს ისვამს. ტანზე წასმული ცხიმი ბრძოლას სასაცილომდე სრიალას ხდის, თუმცა ეს მონაწილეებს არ აბრკოლებს და ისინი შეჯიბრს სრული სერიოზულობით ეკიდებიან. ტურნირი სამი დღე გრძელდება, გამარჯვებულს კი ქვეყნის წარჩინებული სპორტული ვარსკვლავით აჯილდოვებენ.

გასტრონომია კატებით, პერუ

პერუს პატარა ფერმერულ ქალაქ ლე კებრადას მოსახლეობა წინაპრებისადმი პატივისცემას საკმაოდ უცნაური გზით გამოხატავს. ყოველ წელს ისინიკატებისჭამით ზეიმობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამით ქალაქის უძველესმცხოვრებლებს იხსენიებენ. ოდესღაც ღატაკი მონები მხოლოდ კატის ხორცით აღწევდნენ საშინელ შიმშილს თავს. მთელი მსოფლიოს ცხოველთა უფლებების დამცველებისა და კატების მოყვარულების აღშფოთების მიუხედავად, პერუში ეს ფესტივალი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო დღესასწაულებზე მონაწილეებმა მიირთვეს დელიკატესები „მილანური კატა“ და „კატა გრილზე პერუული შავი პიტნით“.

კულინარიული შეჯიბრი გზაზე მანქანის გატანილი ცხოველების ხორცისგან კერძების დამზადებაში, აშშ

დასავლეთ ვირჯინიაში ყოველ წელს ტარდება კულინარიული კონკურსი, რომლიც 1998 წელს მიღებული კანონის შედეგია. ამ კანონით მოქალაქეებს გზატკეცილზე ნაპოვნი ცხოველების ხორცის ჭამის  უფლება მიეცათ.

კონკურსის მენიუ, ბუნებრივია, ძალიან მრავალფეროვანია, აქ შეიძლება გაკეთდეს ირმის ფაჰიტასი, კაკაჩას ბარბექიუ, ციყვის სოუსი და სხვა მრავალი.

ფქვილით ბრძოლა სუფთა ორშაბათს, საბერძნეთი

მსოფლიოს ხალხები, როგორც წესი, კარნავალების დროს იქცევიან გიჟურად, საბერძნეთის საზღვაო ქალაქ გალაქსიდიში კი ყველაზე საინტერესო ამბები სუფთა ორშაბათის ზეიმის შემდეგ იწყება. ამ დროს ქალაქელები ერთმანეთს სხვადასხვაფრად შეღებილ ფქვილს აყრიან და მთელი ქალაქი შეპუდრულ ფუნთუშას ემსგავსება. ფქვილში დამატებული საღებავი საკმაოდ ძლიერია და ძველ შენობებზე ლაქებად რჩება, ამიტომაც სანამ ქალაქში ათას კილოგრამზე მეტი ფქვილი დაიყრება, გალაქსიდის მცხოვრებლები შენობების უმეტესობას პოლიეთილენს აფარებენ.

რიტუალი მამე მაკი, იაპონია

იაპონელები საუკუნეების განმავლობაში გაზაფხულის დასაწყისს სახლებიდან ეშმაკის განდევნით აღნიშნავენ. ტრადიციულად ყველაზე გავრცელებულია რიტუალი მამე მაკი, რომლის დროსაც ოჯახები სახლების ირგვლივ სოიოს მარცვლებს ყრიან და თან ამბობენ: „დემონებო, წადით! ბედნიერებავ, სახლში!“. რიტუალის ბოლოს ოჯახის წევრები მარცვლებს ისევ აგროვებენ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში წელიწადში თითო მარცვალს ყლაპავენ.

დღეს იაპონიის ბევრი ქალაქის ქუჩებში შეიძლება შეხვდეთ ბავშვებს, რომლებიც ქუჩებში სოიოს მარცვლებს ყრიან. სასულიერო პირები და ცნობილი ადამიანები ამ დღესასწაულს ტაძრებში აწყობენ და სოიოს მარცვლებს შეკრებილ ხალხს აყრიან.

ფესტივალი „მწყემსის სკანდალი“, ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიელებს არაორდინალურობაში ცოტა თუ აჯობებს. ამ ქვეყანაში ტარდება ფესტივალი „მწყემსის სკანდალი“, რომელიც 3 კილომეტრიანი რბოლაა. რბოლაში მწყემსები ძაღლებთან ერთად მონაწილეობენ. ამ მანძილს სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვის შედეგად ფარავენ, გზაზე კი მრავალფეროვანი საკვები გამოცდები ელით. რამდენიმე წლის წინ მონაწილეებს ცხვრის თვალებისა და ზეთში დამარინადებული მწერების ჭამა მოუხდათ, 2008 წლის ფესტივალი კი ყველაზე არაორდინალური შეთავაზებით გამოირჩეოდა. შეჯიბრის მონაწილეებს 50 მეტრი უნდა ერბინათ პირში ხარის უმი სათესლე ჯირკვლებით. ამ „დელიკატესის“ შემდეგ კი შეეჭამათ უმი კვერცხი და თბილი ლუდიც დაეყოლებინათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!