მოქალაქე წერს პრობლემაზე


“1993 წლის 31 დეკემბერი იყო, შუქი არ გვქონდა, საშინელი პირობები იყო ქვეყანაში, მაგრამ ხომ იცით როგორცაა, ბავშვებს და შესაბამისად დიდებსაც ახალი წლის დადგომა გვიხაროდა, სამზადისში ვიყავით. მამაჩემს რადიო ჰქონდა ელემენტებზე, კედელზე ეკიდა და მას ვუსმენდით. იმ საღამოს, “ამერიკის ხმამ” გადმოსცა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპაო. მახსოვს, ძალიან დიდი ხანი ხმას რომ ვერ ვიღებდით და ჩუმად, გასუსულები ვისხედით. მე მაშინ 9 წლის ვიყავი და აქედან მოყოლებული, აგერ 28 წელია, ტრავმად მომყვება ისტორია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს ტყე-ტყე სდიეს, ნადირივით, ჩააძაღლეს და შაბაში გამართეს. და ეს არაა ჩემი ტრავმა მხოლოდ, სახელმწიფოს ტრავმაა, ყველა უბედურების, ყველა პრობლემის სათავეა. წყევლასავითაა, რომელიც ვერ მოვიშორეთ, რადგან არც გვინანია სათანადოდ, არ განვბანილვართ მისგან. ახლა ისტორია მეორდება.

სააკაშვილი ზოგიერთს უყვარს, ზოგიერთს სძულს და მე ამ დისკუსიაში არ შევალ ახლა, მაგრამ ციხეში ზის და კვდება ქვეყნის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი. მე არც გამსახურდიასა და სააკაშვილს შევადარებ ერთმანეთს, არც ამ დისკუსიაში მინდა შემოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ მისდამი დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო გამსახურდიას მისამართით შევარდნაძის ხელისუფლების მიდგომა. ეს პოსტი ამაზეც არ არის – ვიცი, რომ ჩვენ ხელისუფლების სახით გვყავს ჩვეულებრივი რუსული ადმინისტრაცია და მათგან არაფერს კარგს არ უნდა ველოდეთ. ეს პოსტი არც პატრიარქის და საპატრიარქოს გულგრილობაზეა – ეგეც ღიად რუსული ადმინისტრაციაა და სირცხვილიცაა სუკ-ის რეზიდენტისგან ქრისტიანულ ქმედებას ელოდე. ეს პოსტი არის თქვენზე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ადამიანებო, ვინც სხვა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენთ, ვინც არ იზიარებთ ჩემს პოლიტიკურ გემოვნებასა თუ მისწრაფებებს, თუმცა, ჩემსა და თქვენს სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ ამას ჩვენს ადამიანურ ურთიერთობაში არასოდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. მაგრამ ახლა უკვე აქვს. გულგრილობაზე აღარაფერს ვამბობ უკვე და შაბაში რომ გაქვთ გამართული ძალიან ბევრს, რომ ქირქილებთ და ხორხოცებთ, რომ ტკარცალებთ და იჭაჭებით, ლეშის გარშემო შეკრებილი გიენების ჯოგს ხართ დამსგავსებული და ვერც კი ხვდებით ამას. ვერ ხვდებით, რომ სიტუაცია, რომელზეც ეს შაბაში გაქვთ ატეხილი, დიდი ხანია გაცდა ერთი ადამიანის, თქვენთვის საძულველი ადამიანის სიცოცხლის ინტერესებს – აქ უკვე იმაზეა საუბარი შეგვრჩება სახე როგორც სახელმწიფოს თუ არა. ვერც გამსახურდიას ისტორიამ გასწავლათ ჭკუა, არც ქრისტიანობა აღმოჩნდა თქვენი ჭეშმარიტი ნავსაყუდელი, რომელსაც ჯერ თქვენი საბჭოთა ფუნქციონერი მშობლები და მერე უკვე თქვენ შეეკედლეთ. ვერც იმან გასწავლათ ჭკუა, რომ ვინც 1993 წელს თქვენსავით ქირქილებდა და ხორხოცებდა, შემდეგ ქვეყნისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც კი საძულველ ელემენტებად იქცნენ. ან შეიძლება ძალიან კარგადაც ხვდებით და შეგნებულად იქცევით ასე – მით უარესი თქვენთვის. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ. თქვენთვის სახელმწიფო ძვირფასი რომ იყოს, ახლა საკუთარი გრძნობების წინააღმდეგაც წახვიდოდით, რადგან მე ასე მესმის სახელმწიფო – ის უმეტეს შემთხვევაში პირად კომფორტზე უარის თქმაა უფრო დიდი კომფორტის, საყოველთაო კომფორტის მისაღწევად. რაც უახლესმა ისტორიამ ვერ გასწავლათ, იმას მე ახლა ვერ გასწავლით. მაგრამ ერთს მაინც გეტყვით: ისტორიის გეშინოდეთ, მომავლის გეშინოდეთ. არაფერი ამ სამყაროში არ იკარგება, არცერთი ენერგია, არც დადებითი, არც უარყოფითი უკვალოდ არ იკარგება და ბოლოს ისევ მის პირველწყაროს უბრუნდება. პრინციპში, ეგ თქვენი ღმერთი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებთ დემონსტრაციულად, სწორედ ეგაა, მეტი არაფერი – ენერგიათა მუდმივი ცირკულაცია”.-წერს გივი ქარჩავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!