მირანდა მესხი: მე თამარ ჟვანიას არ ავურჩევივარ!


#67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ყავს – მირანდა მესხი, რომელიც პროფესიით სოციოლოგია. ქალბატონი მირანდა საარჩევნო პროცესებში 2004 წლიდნაა  ჩართული.როგორც ექსპერტსოციოლოგი, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდა  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.-თავის დროზე, ვსწავლობდი მეორე საჯარო სკოლაში, მოგვიანებით დავამთავრე მეხუთე საჯარო სკოლა. შემდეგ,  ჩავაბარე  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსტიტეტში ფილოსოფიის    ფაკულტეტზე   სოციოლოგიის სპეციალობით. დავამთავრე ასპირანტურა ასევე სოციოლოგიის   სპეციალობით. ვკითხულობდი ლექციებს  ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, ვიყავი უფროსი  მასწავლებელი. ასევე ლექციებს ვკითხულობდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში. მოგვინებით უნივერსიტეტიდან წამოვედი  და გავხდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“  რეგიონალური კოორდინატორი. ვიყავი “პივიტი” ტრენერი,  ანუ ხმების პარალელურ დათვლას  ვაწარმოებდი, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია  დადებდა  თავის შედეგებს. 2010  წელს ვმუშაობდი ცესკოს ადმინისტრაციაში. ვიყავი რეგიონალური მონიტორინგის  სამსახურის ხელმძღვანელი, რეგიონალური ფალსილიტატორი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოლქში: ხობში, აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში  და მესტიაში. ბოლოს, ადგილობრივ  არჩევნებზე ვიყავი ცესკოს მიერ არჩეული მეექვსე წევრი  ზუგდიდის ოლქში და შუალედურ, ადგილობრივ არჩევნებზე ხობის  საოლქო საარჩევნო კომისიაში.

-პრივილეგია, რის გამოც მოხდა თქვენი არჩევა ოლქის თავმჯდომარედ.

-ინფორმაცია ამ თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის შესახებ, მოგეხსენებათ, საჯარო ინფორმაციაა  და დაიდო  კიდეც ვებგვერდზე.  მაქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი, ანუ ეს გახლავთ პრიორიტეტიც და ჩემი პრივილეგიაც ამ თანამდებობისათვის. იმავდროულად,  ვიყავი ადმინისტრატორი, არანაირ პარტიას არ წარმოვადგენდი. გამიჩნდა სურვილი, რომ მოვსულიყავი საოლქო საარჩევნო კომისიაში. თავიდან  ცესკომ აირჩია ხუთი  მუდმივი წევრი ყველა ოლქში, შემდეგ ხუთი წევრიდან მოხდა  თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის არჩევა. არანაკლებ ორი წევრი ასახელებს  კანდიდატებს, შემდეგ ხდება სახელობითი კენჭისყრა  და ხმათა უმრავლესობით ირჩევა თავმჯდომარე. მოადგილედ დაინიშნა ქალბატონი ნანა ოკუჯავა. მდივანი გახლავთ ახალი წევრი ნანა შენგელია. არ არსებობს  ჩემს ოლქში ისეთი კომისიის წევრი, რომელსაც არ ჰქონდეს საარჩევნო გამოცდილება უბნის დონეზე მაინც.

-ოპოზიცია მიანიშნებს თქვენს ახლობლობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან.

-არ ვმალავ, რომ ნათელმირონობა მაკავშირებს თამარ ჟვანიასთან,- მისი ერთ-ერთი შვილის ნათლია ვარ, მაგრამ ეს არაფერს  წყვეტს. მე თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არ ავურჩევივარ.  თამარ ჟვანიას ცესკოში მისვლამდე ვიყავი ცესკოში საარჩევნო სისტემებისა და  რეფორმების განვითარების  სწავლების ცენტრის კონტრაქტორი, მანამდე ვიყავი საარჩევნო პროცესებში ჩართული და არამგონია, თამარ ჟვანიასთან ჩემს ახლობლობას  ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ საქმეში, რაც უნდა გავაკეთო.

მე არ ვიცნობდი ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიას, ვიცნობდი მხოლოდ ქალბატონ ნანას, მაგრამ კარგად ვიცნობდი, ზოგადად, ამ ოლქის მუშაობას. უკვე გავიცანი ოლქის სხვა  წევრებიც. ჩვენ, ვიმუშავებთ კანონმდებლობის ფარგლებში, გამართულად, ობიექტურად, სამართლიანად, იმისათვის, რომ  გამჭირვალე არჩევნები   ჩავატაროთ.

-თქვენი ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველებს.

-მეუღლე დანიელ ჯაბუა ინდ.მეწარმეა. გვყავს ორი ვაჟი ლუკა და ლევან ჯაბუები. ისინი პირველ საჯარო სკოლაში სწავლობენ. უმცროსი – ლუკა მესამე კლასის მოსწავლეა და სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული. უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ცეკვავს, ჭადრაკს თამაშობს. ლევანი მეცხრე კლასშია და წარმატებული მოსწავლეა.

ე.ვეკუა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!