- მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მიიღეს. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტიის სხვა წევრებიც, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ამ ფონდში განახორციელებენ შენატანებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3. საჭიროებისამებრ მზად ვართ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის,“ – განაცხადა კობახიძემ.