მერიის მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ტოვებს


ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წევრთა ნაწილი ეხმიანება ქ. ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ქ. ზუგდიდისა და თემი ზუგდიდის ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანების მხარდაჭერის თაობაზე.

 საბჭო თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის გაუქმების იდეას. მიმართვაში ნათქვამია: “როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ 2017 წლის 19 მაისს გავრცელებული მოწოდების მიუხედავად, არც ქალაქ ზუგდიდის მერს, არც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტში არ გამოუხატავთ მკვეთრი და მკაფიო პოზიცია თვითმმართველი ქალაქების გაუქმების წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისაგან მიღებული დირექტივისათვის და არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებები. ამ პირობებში, ჩვენ, მიუღებლად მიგვაჩნია ვიყოთ ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ მას, შემდეგ ობიექტურ გარემოებათა გამო: ქალაქ ზუგდიდის მერმა და საკრებულომ ვერ შეძლეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვრის -„თვითმმართველი ქალაქის სტატუსის“ დაცვა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდნენ მის გაუქმებას; მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არც ერთ თანამდებობის პირს საჯაროდ არ გაუპროტესტებია თვითმმართველის ქალაქის სტატუსის გაუქმების იდეა; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, თანამდებობის პირებსა და საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე არ გაუმართავთ არც ერთი საჯარო შეხვედრა ზუგდიდის მაცხოვრებლებთან და გადაწყვეტილების მიღების დროს არც გაითვალისწინეს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენთვის დიდი პატივი იყო რომ ვიყავით ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მადლობას ვუხდით თითოეულ წევრს, ქალაქ ზუგდიდის მერს და მერიის წარმომადგენლებს გაწეული თანამშრომლობისათვის. თუმცა, ჩვენ როგორც ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო საბჭოს წევრები, რომელთა უმთავრესი ფუნქციაც სწორედ მოქალაქეთა ინტერესების გაჟღერება და დაცვაა, თავს მივიჩნევთ მოვალედ, დავდგეთ საზოგადოების გვერდით და რიგი მორალური თუ პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საბჭოს შემადგენლობას. ამავე დროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიზანიც არა თვითმმართველობათა გამსხვილება, არამედ მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, მუნიციპალიტეტებისათვის ჯეროვანი უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა უნდა იყოს.”

არჩილ თოდუა, კახა ჯიქია, ეკა მინჯორაია, გიორგი შელია, ინგა შეროზია

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!