მეგრელმა ლამარამ გულგრილი არავინ დატოვა…


“კეთილ თვისებებს ჩრდილივით მოსდევს დიდებაო’’- ნათქვამია… თითქმის ყველა ზუგდიდელს გაუგია ამ ქალბატონის ტკბილი სიტყვა, უნახავს მისი მარილიანი თვალები, სხვა ნიშან-წყალი რომ აქვს, სხვაგვარად იღიმის, ანათებს და ეფერება ყველა შემხვედრს, უმცროსს, თანატოლსა თუ უფროსს… ალბათ სწორედ ეს თვისებები კვალავს წარმატების გზას, ამ გზას მიჰყავს ადამიანი უეკლოდ ვარსკვლავებამდე… დიახ, ეს ადამიანი ზუგდიდის შვილია, შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ქალბატონი მარინა დარასელია… ინტერვიუზე დაგვთანხმდა, რა თქმა უნდა, ბევრი მოგვეფერა და წარმატებებზეც გვესაუბრა… შეგახსენებთ, რომ მსახიობი სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილ ქართულ სერიალ ‘’ჩემი ცოლის დაქალებში’’, მეგრელი ქალის – ლამარას როლში იხილაქართველმა მაყურებელმა… განსაკუთრებით, ზუგდიდელებს გაგვიხარდა მისი ტელეეკრანზე გამოჩენა…

ქალბატონი მარინა გვიყვება:

-‘’ჩემი ცოლის დაქალების’’ რეჟისორ, ბატონ გიორგი ლიფონავასთან შეხება პირველად რამდენიმე წლის წინ მქონდა, კლიპ ‘’მე მიყვარს სვანეთი’’-ს გადაღებებზე, სადაც სოფიკო ნიჟარაძის დედის როლს ვასრულებდი. მას შემდეგ, სამი წლის წინ,მიმიწვია სერიალ ‘’ჩემი ცოლის დაქალებში’’ სათამაშოდ… მაგრამ, სამწუხაროდ, იმ დროს პრემიერისთვის ვემზადებოდი და დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოვახერხე გადაღებებზე წასვლა.  ახლა კი, მეგრელი ქალის როლისთვის მიმიწვიეს, სადაც ჩემმა შესრულებულმა „ლამარამ“ გულგრილი არავინ დატოვა… მაყურებლები საკუთარ პოზიციას ამ სერიალის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე აფიქსირებდნენ, სადაც ყველა გამოხატავდა აღფრთოვანებას… ამან გული გამითბო და გამახარა…

თქვენი სერიალში გამოჩენის შემდეგ, ქალაქში „კეთილი ჭორებიც“ გავრცელდა… ამბობენ, სერიალის რეჟისორს ქალბატონი მარინასთვის უთქვამს, თბილისში რომ ცხოვრობდე, ტელევარსვლავად გაქცევდიო, მაგრამ ზუგდიდს ვერ ელევა და თბილისში გადასვლაზე უარს ამბობსო… ნამდვილად ასე იყო?

– მე თბილისში წასვლის შესაძლებლობა ოცი წლის უკან გავუშვი ხელიდან… ამას დღემდე არ ვნანობ, რადგან ახლა საუკეთესო, ჩემი ზუგდიდელი მაყურებელი მყავს, ჩემს მეგობარ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ… მე ზუგდიდი გულს მითბობს, ვცდილობ, მეც მოვეფერო ჩემს თანაქალაქელებს, ბავშვებს…

მაყურებელს აინტერესებს, კიდევ თუ გამოჩნდება თქვენი როლი სერიალში?

-ეს უკვე სცენარისტზეა დამოკიდებული… გრიშა კაკაჩია ძალიან პოპულარული პერსონაჟია, ის თუ გამოჩნდა, უეჭველად მეც მიმიწვევენ… თანაც, რეჟისორი არ დამმშვიდობებია, ასე მითხრა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო… თუმცა, ჩემს იქ გამოჩენას წინასწარ მე ვერ დაგპირდებით…

– ქალბატონო მარინა, თქვენ ზუგდიდის თეატრის ხუთი პროფესიონალი მსახიობიდან ერთ-ერთი ბრძანდებით… როგორია თქვენი სამსახიობო კარიერა და რას გეგმავთ მომავალში?

– 1982 წელს დავამთავრე თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის სამსახიობო ინსტიტუტი, თეატრალური ფაკულტეტი, დრამა და კინო-სამსახიობო… მას შემდეგ, 34 წელია ვმოღვაწეობ აქ, ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში. ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა ზუგდიდელმა დაამთავრა ინსტიტუტი, მაგრამ მათგან მხოლოდ მე დავრჩი ჩემს ქალაქში… დიდ პატივს ვცემ ასევე იქ მოღვაწე ჩვენს თანაქალაქელებს, მაგალითად, ლევან ხურციას, რომელიც დღეს რუსთაველის თეატრში თამაშობს… ზუგდიდის თეატრი ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგან ყველა  პროფესიონალი დედაქალაქიდან ბრუნდებოდა და აქ აგრძელებდა მოღვაწეობას… სამწუხაროდ, ახლა, მხოლოდ ცამეტი მსახიობი ვართ დარჩენილი და მათგან მხოლოდ ხუთი – პროფესიონალი… ამას გარდა, ჩვენ უკვე არ გვაქს უფლება ვითამაშოთ სპექტაკლები, მოვიყვანოთ აქ მაყურებელი, რადგან თეატრის შენობა ჩამონგრევის პირასაა, უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში… რაც შეეხება ჩემს გზას, პირველ როლებს, დებიუტი იყო ‘’ძალად ექიმი’’, სადაც იტალიელ, ასაკოვან, მარტინას ვთამაშობდი… ოცდაერთი წლის ვიყავი, როცა ორმოცი წლის ქალის როლი ვითამაშე. მითამაშია მამაკაცის როლებიც: ‘’იავნანამ რა ჰქმნა’’-ში, ყაჩაღი იბრაჰიმი, ‘’ნაცარქექია’’-ში თორმეტი წლის ბიჭი, ‘’მარად და ყველგან’’-ში კი, სომეხი მამაკაცის, ვაჭრის როლი…

– თეატრის შენობის პრობლემების გამო, გაჩნდა აზრი, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალი დარბაზი და სცენა, დროებით, თეატრს დაუთმონ.

– დიახ, არის ასეთი წინადადება და მადლობელიც გახლავართ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი პრობლემაა, რომ აღნიშნული დარბაზი არაა გამოსადეგი თეატრისთვის… თურმე, არც თვითონ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საქმიანობისთვის… იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება და განვაგრძობთ ჩვეულებრივ საქმიანობას… მაგრამ, მანამდე, ზამთრის სეზონის შემდეგ, ვაპირებთ გასვლითი სპექტაკლების ჩატარებას ქალაქგარეთ…

– ბოლოს, თქვენი ოჯახის შესახებ მოუყევით ზუგდიდელ მკითხველს…

-ჩემი ოჯახი თეატრია… მართალია, ოჯახი არ შემიქმნია, მაგრამ ამ დანაკლისს ჩემი თეატრი, მაყურებელი და მეგობარ მსახიობთა დიდი ოჯახი მივსებს… ყველაფერი მათ გადამატანინეს… თეატრი ჩემი ცხოვრებაა… ცხოვრებაში თუ არა, სცენაზე ხომ მყოლია ოჯახი, ქმარ-შვილი… რამდენჯერ ვყოფილვარ გათხოვილი, მრავალშვილიანი დედა… ალბათ ღვთის ნება იყო ასეთი, რომ ჩემი ოჯახი სწორედ თეატრი ყოფილიყო… მეცხოვრა ისე, როგორც ვცხოვრობ… მე ხომ ჩემი მეორე პროფესიაც მაქვს, რის წყალობითაც ბავშვებთან დიდ დროს ვატარებ და რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს… ხან „სანტა კლაუსი“ ვარ მათთვის, ხანაც „ჯამბაზი“ და ასე ვართობ, გულს ვუთბობ და ვახალისებ… ახლა კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცნობილ სერიალში ხილვა, როგორც დიდს, ისე პატარასაც გულით გაუხარდა…

ლუკა კიტია, ქეთი ჯეჯელავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!