- აფხაზეთიდან დევნილი მარიამ ნარმანია ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის “რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში” მეორე კურსის სტუდენტია. მარიამმა წელს ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ამავე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. ამ წერილში არ ვისაუბრებთ მის სტუდენტურ მიღწევებზე, მას სხვა კუთხით, როგორც არაერთი პროექტის მონაწილეს და არაერთი „ჰობის“ მქონე აქტიურ ახალგაზრდას გაგაცნობთ, რომელმაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს – ბერტა ფონ ზუტნერის „მშვიდობის პრემიის“ ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი იყო უკვე მეორეჯერ.
–მარიამ, უპირველესად, გილოცავ უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო ფაკულტეტის სტუდენტობას. სწავლის გარდა, ვიცი, რომ ჩართული ხართ სხვადასხვა აქტივობაში და უკვე საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებით ხარ დაკავებული.
-მადლობა მოლოცვისთვის. მართალი ხართ, სწავლისა და სტუდენტობის გარდა, სხვადასხვა პროექტში ვღებულობ მონაწილეობას. ვარ ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი. ვმუშაობ კონფლიქტოლოგიის მიმართულებით და ვატარებ ტრენინგებს თემებზე: „ძალადობა“, „კონფლიქტის მოგვარების გზები“, “ომი და მშვიდობა“. ვარ საინიციატივო ჯგუფის “მარის სივრცე ინტეგრაციისა და მშვიდობისათვის” დამფუძნებელი, სადაც სოციალური ხასიათის პროექტებს ვახორციელებ.
–თქვენს პროექტებში მხოლოდ ახალგაზრდები არიან ჩართული?
-პროექტებში, სადაც მე ვმონაწილეობ, ძირითადად ახალგაზრდები არიან ჩართული. ვმუშაობ იძულებით გადაადგილებულ ქალებთანაც, ვაწყობ მათთან შეხვედრებს, განვიხილავთ მათ საჭირბოროტო საკითხებს, შემდეგ კი, მის მოგვარებას ვცდილობთ. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „აფხაზეთი ჩემი” კოორდინატორი. ასევე ვთანამშრომლობ ფონდ „სოხუმთან“, სადაც ძირითადად, მოწყვლად ჯგუფთან, ქალებთან და ახალგაზრდებთან ვმუშაობ. მივიღე მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებულ სამშვიდობო კონკურსში ახალგაზრდებისათვის, სადაც ვიყავი ერთ-ერთი ნომინანტი. მინდა გითხრათ, რომ პროექტში წარმადგინეს დევნილმა გოგონებმა ელინა კიკორიამ და მალვინა ელიავამ, რომლებმაც გადმომცეს სიმბოლური საჩუქარი. ამჟამად, ვახორციელებ პროექტს, სადაც აფხაზეთიდან და უკრაინიდან დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს ვასწავლი ხელსაქმეს, რომ შეიძინონ და განივითარონ უნარები საკუთარი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად.
–ვიცი, მონაწილეობთ სხვადასხვა კვლევაშიც…
-დიახ, ჩართული ვარ სამოქალაქო ინიციატივებსა და კვლევებში. მეორე წელია ვარ თანაფასილიტატორი გერმანული ორგანიზაცია „ბერგჰოფთის“ პროექტის „წარსულის გააზრება“, სადაც ქართულ, ოსურ და აფხაზურ ისტორიებს განვიხილავთ როგორც ქართველებთან, ისე აფხაზებთან.
–როდის გაგიჩნდათ ინტერესი მონაწილეობა მიგეღოთ ამგვარ პროექტებში?
-ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან მოხალისედ ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ვმართავ საქველმოქმედო აქციებსა და გამოფენა-გაყიდვებს.
-სადმე თუ არის ასახული თქვენი შრომის შედეგი?
-დიახ, გასულ წელს ვიყავი ბერტა ფონ ზუტნერის “მშვიდობის პრემიის“ საუკეთესო ნომინანტთა შორის. წელსაც მეორედ წარმადგინეს როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ნომინანტი. პრემიაზე წარმადგინა გალში მოღვაწე ექიმმა ხათუნა გარგულიამ. ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის, მოტივაცია, რომ ავირჩიე ის გზა, სადაც შემიძლია ადამიანებისთვის საჭირო საქმე ვაკეთო. ასევე, მხარდაჭერა იყო ჩემთვის და ჩემი საქმისთვის ისიც, რომ აფხაზეთის ეკონომიკის სააგენტომ დამაფინანსა კონკრეტული პროექტისათვის მცირე ხელსაწყოებით, ასოციაცია „თანხმობამ“ კი, ავეჯითა და ამავე პროექტისათვის საჭირო მასალით. ბერტა ზუტნერის ნომინაციის დასასრულს, როცა გამოავლინეს გამარჯვებული, ყველასთვის მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ მარიამ ნარმანიას გადაეცემა საჩუქარი აფხაზეთიდან. ეს იყო მხატვარ დათო როსტობაიას მიერ შესრულებული ნახატი, სადაც ასახულია ენგურის ხიდზე აფხაზეთისკენ მიმავალი გოგონა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაზე დიდი ჯილდო არის, რაც კი მიმიღია ცხოვრებაში. საზოგადოებაში ვინც მიცნობს, უკვე მიწოდებს “გოგონას აფხაზეთიდან” რაც მაძლევს მეტის კეთების სურვილს და მოტივაციას. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, რომ ამას გავუმკლავდები.
–ამ ყველაფრის ფონზე, თუ გრჩებათ თავისუფალი დრო და რა არის ის, რაც განტვირთვის საშუალებას გაძლევთ?
-თავისუფალ დროს კითხვით ვარ დაკავებული. მიყვარს ხატვა, ვკერავ, ვქსოვ, ვმუშაობ თექასა და პოლიმერულ თიხაზე.
–ორიოდ სიტყვით სამომავლო გეგმების შესახებ..
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაქვს საინიციატივო ჯგუფი “მარის სივრცე ინტეგრაციისა და მშვიდობისათვის”, რომლის დარეგისტრირებას და ოფიციალური სახის მიცემას ვაპირებ. ვგეგმავ ჯგუფის გაფართოებას, სივრცის კეთილმოწყობას, სადაც ვფიქრობ, არაერთი საინტერესო ღონისძიება და შეხვედრა მოვაწყო ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი ურთიერთობები ცხოვრების გზის გაკვალვაში დაეხმარება.
–გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.
მარიკა ბიგვავა,
სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“