- მარიამ კუტალია ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. წერა 7 წლის ასაკში დაიყო. წერს ლექსებს მეტწილად რითმულს, აგრეთვე თეთრ ლექსებს, ჩანახატებს, კარიკატურულ ესეებს, წერილებს და რომანს.
“წერა არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი, ის საქმიანობა, რომელიც უზომოდ დიდ ბედნიერებას მგვრის. როცა ვწერ მშვიდად ვარ, რადგან სადავეები ხელში მიჭირავს და აბსოლუტურად ჩემს სტიქიაში ვიმყოფები. “ხანაც ნიღბოსნებს ნიღბებს ჩამოვგლეჯ, ხან კი უშიშრად, მტერს ჩემი კალმით, სულ ხმალზე მჭრელი სიტყვების კონით თავზარს დავცემ და მოვიგერიებ.. “-ამბობს ახალგაზრდა შემოქმედი.
“ს ი ნ ა ნ უ ლ ი ”
და ახლა ტკივილო,
შენზე ამგვარად..
როგორც არასდროს
მე ისე დავწერ.
მსურს ამოხეთქო ისე ძლიერად,
გრძნობათა ქარბუქი, ღელვა და ბორგვა, რომ სულში ჩამიცხრო.
გულს ეშველება, მაგრამ მითხარი,
მაგრამ რა ვუყო, დაჭრილ და მიტოვებულ, ობლად მყოფ სულს.
დაობლდა სული, მე კი ნაკერი არ მყოფნის,
უკვე მერამდენედ. მერამდენეჯერ შევუხვიე იარა..
მაგრამ ტკივილო, ასე ძლიერად
შენც კი არ განგიცდია სინანული.
ღმერთმა კი არ მიატოვა ადამიანი,
ეს ადამიანმა მიატოვა ღმერთი.
დავიწვი, ცეცხლში გავეხვიე,
სულს ვერ ვუშველე და ფერფლად გარდავიქეცი.
ახლა აჩრდილი ვარ, უბრალო ლანდი,
ფეხდაფეხ, რომ დაჰყვება ჩემი სულის ნაკვალევს.
სულს ვერ ვუშველე, მაინც დამიობლეს.
ყოველ ჭრილობას სახვევი ახლით შევუცვალე,
თუმცა დავეცი, ქარმა გამიტაცა,
შორს გადამისროლა, მაღლა ზეცაში.
მე კი უფრთო გამოვდექი
და დაცემულ ანგელოზს დავემსგავსე
და ისე დავენარცხე, მიწაზე დავენარცხე,
როგორც არასდროს.
მამავ, თუ გესმის ჩუმი მუდარა..
მდუმარე ყვირილს თუ გაგაგონებ..
უღირსი შენდობის, დევნილი ყველასგან, ჩემი სულისთვის მხურვალედ ვლოცულობ..
გული მომიკვდა, სულს მსურს ვუშველო..
არა მიწიერ, არა ხორციელ მშვენებას ვეტრფი..
მიუწვდომელო, ჩემგან განგდევნე
დღეს კი დაცემულმა შენს კალთას მინდა თავი შევაფარო.
უსულოდ რას დავწერ?
– ვერაფერს ვერასდროს..
თუ კი სხეულით გარდავიცვალე, ცაში კალამი დაუცდის ჩემს სულს.
მამაო, უძღები შვილივით წავედი,
მერე მოვედი, ხოხვით მოვცოცდი, დამსხვრეულ ნეკნებს არას დავეძებ.
სულს ნუ დამიობლებ, მიმიღე უღირსი,
მე ვიცი, კვლავ დავწერ, ტკივილზე ულევად..
მოვედი ცოდვებით სავსე და მოთხვრილი,
ტალახით დაფარული, სითეთრეს მოველი.
მამაო, ახლა მსურს დავწერო ტკივილზე,
ჯვარცმაზე, ამაღამ სულმა, რომ იგრძნო.
ვიცი, შთამაგონებ, გამავსებ ფიქრებით და დაჭრილ გულს ლოცვებით განკურნავ.
მაგრამ მამაო, ცრემლებად ვიღვრები..
სინანულს უპყრია ცოდვილი თვალები..
ლურჯი თვალები სიწრფელით გამივსე,
რომ სიყვარულმა ჩემში იცოცხლოს.
ახლა კი ტკივილს მივმართავ წოდებით,
როგორც არასდროს არავის არსად,
ამაღამ მე შენზე ისე დავწერ.
და ახლა თვალები, ლურჯი თვალები,
როცა ცრემლების ზღვაში იხრჩობა..
როცა ფიქრები არ მასვენებენ
და გული მოთქვამს ასე ძლიერად..
გულო ტანჯულო, სულო წამებულო,
განა განგიცდია ტრფობა ამგვარი?!
როცა წერისას, ლექსებში ჩუმად
მე შენს სატკივარს, გამოვამჟღავნებ..
შენ კი ფიქრებით შორს გადამისვრი,
ცაში ამიყვან, შემდგომ კი მიწაზე კვლავ დამანარცხებ.
გულო,ამ სულში ფორიაქია,
დიდი ღელვაა, დიდი ქაოსი..
აქ უამრავი ცოდვილი ცრემლია,
ცრემლი, სინანულისგან გადმოფრქველი..
და სასაუბროდ, სიტყვა არ მყოფნის,
თითქოს ყველა ფერი, ჩემში თეთრია..
არა სიწმინდის, არამედ იგი ტკივილის გამო გათეთრებულა..
და ცარიელ სხეულში, სული დამწყვდეული
დარდს ასე ძლიერად, რომ შეუპყრია..
მასში ისევ ქრის მებრძოლი ქარი,
ქარი, რომელიც ღელვას მომიტანს..
მე კი რითმები არ მყოფნის საწერად,
და მალე ეს ლექსიც გამიხუნდება..
ჩემში ყველაფერი სახეცვლილია,
სიყვარული კი დარჩა უცვლელად..
ჩემი თვალები სევდისფერია, ცრემლიც ვერ აღწერს გულს, ისე სტკივა..
და სული ბორგავს, ღელავს, როგორც ზღვა,
ის ზღვა, ჩემს თვალებს, რომ ვერ შევუშრე..
აქ ყველაფერი წამიერია, სახეცვლილია მთელი სამყარო,
ვუყურებ თვალებს, ბურუსით სავსეს,
ჩემში კი სიყვარული კვლავ უცვლელია.
“მე მაინც დავწერ”
წერას ვინ დამიშლის,
მე ვერ დავდუმდები…
მე ვერ უარვყოფ
კალამს ვერ მოვცილდები..
დავწერ გულის სათქმელს,
სულის სატკივარს,
ლექსებს მომცინარს,
ხანაც მოტირალს..
მარტო ჩემს არა,
ხალხის სათქმელსაც..
ფიქრებს გავაჟღერებ,
რითმებს ავკინძავ,
სამშობლოს სიყვარულს
მასში ჩავაქსოვ,
ხანაც ცრემლის ზღვას
ჩუმად დავაშრობ..
ხან უიმედოს მე იმედს მივცემ
ხან კი მე თვითონ გზააბნეული
მივუბრუნდები შინ სახლის კერას.
ხან ტკივილისგან
თეთრად ნაფიქრალს,
ქარის ჩურჩულით
ნაამბობს მოვიტან..
ხან ღამე ნათევ
რითმებს ავკინძავ,
რაც მთავარია –
სიცივეს გავრიყავ!
ხანაც ვიომებ,
ხანაც დავმშვიდდები,
ხან მეამბოხე,
ხანაც მშვიდი ვარ..
რაც მთავარია
წერას არ შევწყვეტ,
ვინღა დამიშლის-
რომც დამიშალონ,
მე მაინც დავწერ..
მე ლექსში ვაქსოვ:
სითეთრეს, სიყვარულს,
უტყუარ ნაღველს..
თუ კი ფიქრები ღამით დამათოვს,
თუ კი ცრემლების წვიმას ვემსხვერპლე,
თუ კი სიცივემ კვლავ ამიტანა,
თუ კი კვლავ ჩუმად დავდარდიანდი,
მე მაინც დავწერ..
ურიცხვად დავწერ..
ჩუმი ფიქრებით
ღამეებს ვათევ..
ფრთამოტეხილი ლექსები
თუ კი გაშინებთ..
(მეც ეგეთი ვარ)
მაშ შეშლილი ვარ,
დაე, გამრიყეთ!
მე უფრო მეტად,
ტკივილზე დავწერ,
დიდებილ წარსულს,
სამშობლოს აღვწერ..
ხან კი სიხარულს გამცნობთ,
ბედნიერებას-გულით დანახულს..
ხანაც ნიღბოსნებს
ნიღბებს ჩამოვგლეჯ,
ხან კი უშიშრად,
მტერს ჩემი კალმით,
სულ ხმალზე მჭრელი
სიტყვების კონით
თავზარს დავცემ
და მოვიგერიებ..
თუმც წერას მაინც,
მაინც… არ შევწყვეტ!
ციკლიდან: “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები” პროექტს ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა