- ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული სივრცისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობაზე ტენდერი 29 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს:
„ეს პროექტი გახლავთ „ქართული ოცნების“ დაპირება ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ და გახლავთ უნიკალური. ამ იდეის განხორციელება არის უდიდესი გამოხატულება მადლიერების და დაფასების პირველი პრეზიდენტის მიმართ, არა მარტო როგორც ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლის, არამედ როგორც მეცნიერისა და მწიგნობრის მიმართ. გამოცხადებულია სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, რომელიც სრულდება 29 ივლისს, ყველა სატენდერო დოკუმენტაციისა და პროცედურების გავლის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარულ თვეში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს უშუალოდ საბიბლიოთეკო სივრცეს, ახალგაზრდულ ცენტრსა და სხვა ინფრასტრუქტურას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცენტრი, ეს ბიბლიოთეკა გახდება ჩვენი, ზუგდიდელებისა და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი და მიზიდულობის ცენტრი. ძალიან მალე, ეს მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება ჩვენს მუნიციპალიტეტს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მანვე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდის ურბანულ განვითარებაზე და პრემიერის ინიციატივას „განახლებული რეგიონები“ – უმნიშვნელოვანესი პროექტი უწოდა. წოწერიამ გადაცემაში იმ პროექტებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ზუგდიდში მოხდება:
„პრემიერის, ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების მიცემას და ურბანულ განვითარებას მუნიციპალიტეტებისთვის. ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე წარდგენილია ორი პროექტი. ეს გახლავთ ბულვარის მიერთება დადიანების სასახლის კომპლექსისთვის. მეორე პროექტი ეს გახლავთ, ბულვარის ირგვლივ არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. უმნიშვნელოვანესი პროექტია, დარწმუნებული ვართ, ეს სტიმულირებას მისცემს როგორც ტურიზმს, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს. ამჟამად მიმდინარეობს წინარე საპროექტო სამუშაოები, სადაც ჩართული არიან, როგორც ურბანისტები, ასევე არქიტექტორები და შესაბამისი სპეციალობის წარმომადგენლები და, რაც მთავარია, აქ მაქსიმალურად იქნება ჩართული ჩვენი მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მათი ინტერესები და მათი ხედვები ცენტრალური უბნის ურბანული განვითარების. ძალიან მალე მოხდება პროექტირება, ის მიმდინარეობს დიზაინ-ბილდინგის წესით. უახლოეს ხანებში უკვე გამოცხადდება საპროექტო ტენდერი და შესაბამისად შემდეგ დაიწყება სამუშაოები და სრულიად მოხდება ურბანული განახლება ჩვენი ცენტრალური უბნის და კიდევ ერთხელ, ეს არის უნიკალური ინიციატივა და, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ვიქნებით წარმატებულები და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“ – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.