მამუკა აჩბა: “ორგანიზაცია კი არ დაშლილა, “ჩანერგილებისგან” გათავისუფლდა”


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად გონერი პაპავა დაინიშნა, რამაც ყოფილი ხელმძღვანელის, გოგიტა ბიგვავას განცხადებით ადგილობრივი ორგანიზაციის დაშლა გამოიწვია. “ზუგდიდელები.გე”-სთან საუბარში პარტიის  მთავარი საბჭოს  წევრმა და რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა აჩბამ  განაცხადა, რომ გოგიტა ბიგვავა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიდან. “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბიგვავა თანამშრომლობდა “ნაციონალებთან” და “ქართულ ოცნებასთან. ბიგვავა ულტიმატუმის სახით ელაპარაკებოდა ჩვენს თანაპარტიელებს და ითხოვდა მისი მეუღლის საოლქო კომისიის წევრად დანიშვნას, რითაც ის ალბათ, შეეცდებოდა, ჩვენთვის მოტანილი ხმების გაყალბებას. მე მინდა, ჩვენს ზუგდიდელ მხარდამჭერებს ვუთხრა და მივულოცო, რომ ადგილობრივი ორგანიზაცია კი არ დაშლილა, არამედ “ჩანერგილი” ადამიანებისაგან” გათავისუფლდა.”

რაც შეეხება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად და  საარჩევნო შტაბის უფროსად გონერი პაპავას დანიშვნას, აჩბა ამბობს: „ის არის ნაღდი ზუგდიდელი, ქალაქელი კაცი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ადამიანებთან ურთიერთობაში და რომელზეც ვამყარებთ დიდ იმედებს. “

გონერი პაპავა  განათლების სამინისტრომ 2015 წლის ოქტომბერში, ზუგდიდის რესურსცენტრში “გამოვლენილი ფინანსური დარღვევების” გამო გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა პაპავა თავს დამნაშავედ არ თვლის, რაც არაერთხელ დააფიქსირა მან “ზუგდიდელებთან” საუბარში. ამ ეტაპზე კი, გონერი პაპავა კომენტარისგან თავს იკავებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!