სოფელს მისთვისაც ღმერთის თვალები აქვს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექვს თემში, სოფელს ქალბატონები ხელმძღვანელობენ. მაკა აბშილავა აბასთუმანშია მერის წარმომადგენელი. ძალიან კომუნიკაბელური, როგორც იტყვიან, “კარგად დასალაპარაკებელი” ადამიანია. რაც აუცილებელი პირობაა იმისა, რომ სოფელი ენდოს. მაკა, სხვადასხვა დროს, მუშაობდა აბასთუმნის საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებლად. იყო აბასთუმნის საბავშვო ბაღის გამგე.

2018 წლის აპრილიდან კი, მუშაობს მერის წარმომადგენლად აბასთუმანში. მაკას სურვილი აქვს შარშანდელზე უკეთესი წელი ჰქონდეს მის ოჯახს და სოფელს, რომელსაც თავისი პრობლემები და სიხარული აქვს. -შარშანდელ წელზე ბევრად უკეთესი უნდა იყოს ახალი წელი. ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებდი. მინდა, ჩემი საყვარელი სოფლის მოსახლეობას ბედნიერს ვხედავდე. სოფელი, თავისი მრავალსაუკუნოვანი წეს-ჩვეულებითა და ტრადიციისადმი უწრფელესი დამოკიდებულებით თავად გიბიძგებს საქმისა და საკეთებლისკენ. მთავარია, გაუგო სოფლის გულის სითბოს, გულის ძახილს. ჩემი საყვარელი მწერალი რეზო ინანიშვილი წერდა: ,,სოფელს  ღმერთის თვალები აქვსო”… მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.

-სოფელში ბევრი საქმეა, მაგრამ წელს, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თავად შეარჩიოს ის გასაკეთებელი საქმე, რომელსაც პრიორიტეტად თვლის.
– დიახ, განახლდა ორი წლის წინ შეწყვეტილი სოფლის დახმარებისა და ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აძლევს საშუალებას, თავად შეარჩიოს პრიორიტეტები სოფლის განვითარებისა და გალამაზებისათვის, რაღაც უდაოდ მისასალმებელი და გასახარი ფაქტია. ჩვენს სოფელსაც აქვს თავისი პრიორიტეტები და იმედია, მივიღებთ თანხმობას და თანადგომას მის განსახორციელებლად.
– ალბათ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაც იქნება, ასე ვთქვათ პრიორიტეტული.
-სამწუხაროდ, მოგვიწევს მეტი მონდომებით და ყურადღებით გავაგრძელოთ ამ მეტად საშიში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა. მოქმედების ფორმები იქნება უფრო მასშტაბური და ინტენსიური.
-ქალბატონო მაკა, დარწმუნებული ვარ, ოჯახი გიდგათ მხარში,- საზოგადოებრივ მოღვაწეობას ხომ ძალიან დიდი დრო მიაქვს.
-ჩემი მეუღლეა რამაზ კოდუა, გვყავს მცირეწლვანი ქალ-ვაჟი. ჩემი ოჯახი ჩემი ფილოსოფიაა, ჩემი დამღლელი რუტინის სიხალისე და სამშვენისი, ჩვენ ერთად მივუყვებით ურთულეს საწიერს, ეს პატარა ოჯახი უდიდესი ტაძარია სიყვარულისა, რომელსაც ვერასდროს შეეხება მწიკვიც სიბილწისა და ბოროტებისა. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საკეთებელს, ეს პირადული იქნება თუ საზოგადო.

-როგორი შეგრძნებაა, იყო სოფლის ხელმძღვანელი ქალი.
-რაც გამიკეთებია ჩემი ხალხისა და სოფლისთვის, ეს თავად აბასთუმნელებს უნდა შეეკითხოთ. ისე, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ვზრუნავ ჩემი სოფლის ხვალინდელი დღისთვის. საბავშვო ბაღი მე და ჩემმა ოჯახმა გავუკეთეთ სოფელს 2009 წლის ნოემბერში. ჩემი ყოველი დილა სოფელზე ფიქრით იწყება და მასზე ფიქრით სრულდება.
მე, თითოეული ჩემი თანასოფლელის კეთილისმოსურნე და თანამდგომი გახლავართ. თითოეული აბასთუმნელის პრობლემა ჩემი პრობლემაა და მთელი არსებითი ვცდილობ ვიდგე მათ გვერდით ჭირსა და თუ ლხინში. – ქალბატონო მაკა, თუ გიფიქრიათ ოდესმე სხვა თანამდებობაზე?
-მეტის მიღწევის სურვილი და ამბიცია ყველა ნორმალურ ადამიანს გააჩნია, მათ შორის მეც, მაგრამ ყველაფერს დრო მოიტანს, ყველაფერი წინაა, არჩეული საქმიანობა კი, არასდროს მინანია.
-ქართული ტრადიცია, რომელიც მოგწონთ?
-დიდი კონსტანტინე გამსახურდია ათქმევინებს მელქისედექ კათალიკოსს: “ქართული წესი ღვათაებრივი წესიერების გაგრძელებაა, რომელიც ჩვენი ღვინისა და პურის ჭეშმარიტების ნათელია ტრადიციად ჩამოყალიბებული. ასე, რომ არ შეიძლება არ იყო მორჩილი ამ მამა-პაპური სიწრფელისა.
-რა თვისება მიგაჩნიათ მთავარი მეგობრობაში?
-უღალატობაა საფუძველი მეგობრობისა.
-თქვენი სამაგიდო წიგნი?
-ახალი აღთქმა.
-თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა, თარიღი, რომელს გაიხსენებდით?
-სასიხარულო თარიღები, ჩემი გაბედნერების დღეა… ჩემი შვილების დაბადების დღე… სამწუხარო კი, უსაყვარელესი ადამიანის, დედის გარდაცვალებაა.
-ტრადიციული კითხვა: რას ვერ პატიობთ ადამიანს?
-ადამიანს ღალატს ვერ ვპატიობ, ასევე უფლის უარყოფას და უზნეობას. სრულყოფილი და ყველასათვის მოსაწონი, თუ მისაღები არავინაა, მაგრამ ადამიანი სიყვარულს არ უნდა გაექცეს და თავი სიძულვილს არ უნდა მიანდოს.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ჩვენს მუნიციპალიტეტში ინახება ღვთისმშობლის კვართი, ეს უფლის ბოძებული სიწმინდე და საჩუქარია ზუგდიდელებისთვის, ზუგდიდი სიმბოლოა ღირსეული ქართველობისა, კოლხობისა. ყოველივე ამაღლებულსა და უკეთილეს მოვუსურვებ ჩემს მშობლიურ ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ბატონი ლაშა გვასალიას ზუგდიდისადმი მიძღვნილი ლექსის ბოლო თქმით მინდა დავასრულო ეს ინტერვიუ:
“გულის ღიაა კარი,
გრძნობა ამძიმებს ზურგს დიდს,
არ ეხუჭება თვალი,
არ ეხუჭება თვალი –
სიყვარულისთვის ზუგდიდს”
როზა როგავა


კომენტარი

  1. Mzisadari korshia

    Dzalian sasiamovnoa aseti tbili da ketili adamiani ro xemfzvanelobs sopels rogoric kalbatoni maka abshilava meminda usurvo warmatebebi am lamaz kalbatons da vimodovneb ro male gavicnobt ertmanets tymca piktiurad gicnobt .sasiamovno chemtvis ro momeca imis sashvaleba ro chemi komentari dametovebia ,tkven amas imsaxurebt.❤

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!