- ლიზი სამუშია, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, მონაწილეობდა Proactive Group Georgia-ს კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გაძლიერებას და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სამეგრელოსა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები. კონკურსის მთავარი პრიზი იყო Erasmus+ საგზური ორი გამარჯვებული ახალგაზრდისთვის და ლიზი, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, – ის ათი დღით იმყოფებოდა ქალაქ რუმინეთში და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული, იქ გატარებულ დღეებზე, მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ემოციებზე და ურთიერთობებზე საუბრობს “ზუგდიდელებთან”.
ლიზი სამუშია: ” – Erasmus+ გაცვლითი პროგრამა “The Map Of Healthy Relationships” ჩემთვის იქცა 10 დაუვიწყარ დღედ – სავსე სითბოთი, სიღრმით და ადამიანებით, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს გულში. ეს იყო სივრცე, სადაც საკუთარ თავთან კიდევ უფრო ახლოს აღმოვჩნდი. ვისწავლე ურთიერთობების დაფასება და განსხვავებული კულტურების ჰარმონიულად მიღება. ყოველდღიური აქტივობები, შინაარსიანი დისკუსიები და კულტურული გაცვლა, გვაქცევდა არა უბრალოდ მონაწილეებად, არამედ გულწრფელ მეგობრებად. ყველაზე ძვირფასი ის კავშირებია, რაც ამ ადამიანებთან ჩამომიყალიბდა. ერთად ვიცინოდით, ვმსჯელობდით, ვსწავლობდით და ვქმნიდით დაუვიწყარ მოგონებებს – მოგონებებს, რომლებიც ჩემში დარჩება, როგორც შინაგანი ძალის წყარო. დღეს, როცა სამყაროს განსაკუთრებით სჭირდება სოლიდარობა, მხარდაჭერა და გულისხმიერება, სწორედ ასეთი ახალგაზრდული ინიციატივებია ის გზა, რომელიც ადამიანებს მეტად შეგნებულებად, გახსნილებად და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან არსებებად აქცევს.

პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სენაკიდან და ზუგდიდიდან. მე კი ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი Proactive Group Georgia-ის მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება და კარიერული შესაძლებლობები“ ფარგლებში. “იდეათონის” გამარჯვებულებად დაგვასახელეს მე და ერთი სენაკელი მონაწილე – რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ხმა გავაგონოთ შორს და ერთად გადავდგათ ნაბიჯები მომავლისკენ.”
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ