ლენა აფრასიძე: “არ არსებობს მშვენიერება… მუსიკის გარეშე…


  • ჩვენი სტუმარია მუსიკისმცოდნე ქალბატონი ლენა აფრასიძე, რომელიც დიდი სიყვარულით საუბრობს ქართველობაზე, ზუგდიდელებზე, ზუგდიდზე და ამ ქალაქში მის მოღვაწეობაზე.

ბედნიერება:

უსაზღვრო ბედნიერებაა ყველა ქართველისათვის, რომ ერთი ჯიშის, ერთი ჯილაგის, ერთი ერის ადამიანები გავჩნდით, ქართლელებად, კახელებად, იმერლებად, გურულებად, მეგრელებად, რაჭველებად და სვანებად. მარად მშვიდობა ყველა კუთხეს მის მთა-ბარს, მის ადამიანებს, რამეთუ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად, ქართველობაცაა ჩვენი სარწმუნოება. ჰოდა, ჩემო ზუგდიდო, დიდ ზურგზე აღმოცენებულო ჩემო ქალაქო, მრავალი დიდი ქართველი ადამიანის მშობელო წმინდა ალაგო, სიკეთის ტაძარო, მადლობა, რომ შენ, დიდი ადამიანების ჩრდილქვეშ, მომეცი უფლება ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამით ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ.

ჩემი ზუგდიდელები:

ვიამაყებ ჩემი დროის ზუგდიდელებით: უნიჭიერესი პოეტით არჩილ ფირცხალავათი, დიდი განმანათლებლებით, დიდი ტრიბუნებით კარლო მიქაიათი, მირიან ნარმანიათი. ოთარ ფაცაციათი, რომელმაც ხე არ მოჭრა საქართველოში ქაღალდკომბინატისთვის. მას შორეული ციმბირიდან ჩამოჰქონდა ხის მორები. ევროპის ექიმთა ხუთწლეულის წარმომადგენელით, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს გენერალური დირექტორით სერგო დადვანით (დაკრძალულია მოსკოვის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში). გურამ კვარაცხელიათი, პეტრე უბერით,  ცაიშის სკოლის დიდი პედაგოგით, კუნძულ ტექსელის ბრძოლებს სასწაულად გადარჩენილი იროდი ჯანაშიათი, ღვაწლშემოსილი პედაგოგით ნოე ჩხეტიანით “ლამპრად უკუნისას“-ს მშვენიერი წიგნის ავტორით დემური კუხალეიშვილით. ოთხი მწერალი და პოეტი ძმებით კალანდიებით. გამორჩეულად დიდი პიროვნებით და დიდი პედაგოგით გიორგი ფიფიათი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ქალბატონით ნათელა ფიფიათი. დიდი ქორეოგრაფებით გურიელ ჭითანავათი, რეზო ბულიათი, თამაზ მოსიათი. პედაგოგ გოჩა გიგლემიანით, ვახტანგი (ვოვა) ჯორჯიკიათი და დიდი ქველმოქმედი ვაჟა თორდიათი.

შეხვედრა:

“მე ერთი სალამური ვარ, ჩემთვის რომ ჩუმად ვღიღინებ…“-  ბრწყინვალე ზუგდიდელის ისაკ ქორთუას ამ ლექსმა სიმღერა დამაწერინა, რადგან ეს ლექსი მისი სევდის და მის ავტოგრაფად აღვიქვი. მახსენდება ერთი დეტალი: როგორ შევხვდით მე და ბატონი ისაკი კულტურის სახლში. ცარიელ კლასში, სადაც ინსტრუმენტი იდგა, ვიხელთე დრო ჩემთვის და გადავწყვიტე დამეკრა. დაჯდომაც ვერ მოვასწარი ინსტრუმენტთან, შემოაღო კარი ბატონმა ისაკიმ, ვიღაცას ეძებდა, გამიხარდა მისი ნახვა, მან არაფერი იცოდა რომ მის ლექსი გავამუსიკე, მაგრამ გავბედე, ვუთხარი და ვთხოვე მოესმინა. მოულოდნელობისგან ნელა დაეშვა სკამზე, მე სიმღერის დიდი შემსრულებელი ვერ გახლავართ, მაგრამ ეს სიმღერა ეტყობა ძალიან კარგად გამომივიდა. როცა ჩამთავრდა მელოდია, დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. შემეშინდა, ვაითუ არ მოეწონა მეთქი, მივხვდი, იმ დიდ სიჩუმეს და მის მოულოდნელ განცდას, თვითონვე დაუსვა დიდი წერტილი და არანაირ სიტყვას არ მისცა შეფასების უფლება. ბატონი ისაკი ტიროდა. ჩემთვის ეს დღე იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილების დღე.

მადლიერება:

-ნათელა ფიფია,- ზუგდიდელებს გვყავს ასეთი სახელისა და გვარის ღვაწლმოსილი ქალბატონი.  მისი ძალისხმევით მოხდა პირადად  ჩემი მოკრძალებული შემოქმედების რეალიზება. მადლიერება უნდა შეგვეძლოს.

მთავარი სლოგანი:

ჩემი სლოგანი ასეთია: არ არსებობს მშვენიერება მუსიკის გარეშე. მე მუსიკის პირველი მასწავლებელი ისეთი მყავდა, რომ დღესაც ძეგლს ვუდგამ. სულ ვოცნებობდი მუსიკის მასწავლებლობაზე. ეს ოცნება შევისრულე კიდეც- მუსიკის მასწავლებელი გავხვდი. ვიყავი ცაიშის სამუსიკო სკოლის დირექტორი… ჰოდა,  ჩემო ქალაქო, ჩემო ზუგდიდო, 32 წელი ცაიშის მიმდებარე სოფლებიდან, ზედაეწერის მიმდებარე სოფლების ჩათვლით, სოფლის ბავშვები ვაზიარე მსოფლიო კლასიკოსთა შედევრებს. მოსწავლეები მალე, პროფესიონალ პედაგოგებად მობრუნდნენ.

ცაიშის სამუსიკო სკოლას საფუძველი ჩაუყარა ზუგდიდელმა სალომე გვათუამ, იგი გახლდათ მოსკოვის კონსერვატორის კურსდამთავრებული, მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალი, გამორჩეულად საინტერესო ბიოგრაფიის მქონე. სალომე გვათუა ხშირად იყო მიწვეული კრემლში სტალინთან, როგორც ქართული რომანსების შემსრულებელი.

სალომე გვათუამ, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, სოფელ ცაიშში სამუსიკო სკოლა გახსნა. ეს იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სამუსიკო სკოლა სოფლად. მაშინ ეს დიდი მოვლენა იყო. სალომე გვათუას იმდროინდელმა პირველმა მასწავლებელმა ქალბატონმა ვალია აფრასიძემ აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ქალბატონებმა: ციალა ჯანაშიამ, ასმათ მეუნარგიამ, ქეთინო ჯალაღონიამ, ინგა გოგიამ, მედეა ხუხიამ, გულნარა ბეჟანიძემ, ელვირა შენგელაიამ ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ სკოლის წარმატებისათვის.

ფასეულობა:

-ადამიანის აღთქმა, პატივის მიგება, ლხინის და ჭირის გაზიარება, ვინც არ უნდა იყო შენ და ვინც არ უნდა იყოს ის.

ეროვნული:

-„ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალივითა ფერითა“(რუსთაველი).

აპოგეაა ცეკვა ქართული, სადაც ქართველი ქალის კლდევამოსილება და ქართველი მამაკაცის რაინდული სულის თვისებებია ცეკვით გამოსახული, რომელიც საოცრად გხიბლავს.

უარყოფითი ემოციები:

-ძალიან ემოციური ვარ, მართალი გითხრათ, ძალიან მთრგუნავს, როცა წვალობს ადამიანი, სიკვდილი ხომ აუწერელი ტკივილია და უსაზღვროდ განვიცდი. ძველი დროის ტრადიციიდანაც ყველაფერი მომწონს, გარდა ქელეხისა.

მიტევება:

-ცოტა შორიდან დავიწყებ: ზუგდიდის თეატრში, ჩატარდა აფხაზეთის მწერლების ივანე და ნელი თარბების პოეზიის საღამო. მე შექმნილი მქონდა ივანე და ნელი თარბას ლექსებზე რომანსები. არ ვაჭარბებ, ნელი  და ივანე ცრემლებს ვერ იკავებდნენ, მოეწონათ სიმღერები, დამშვიდობებისას,  სავიზიტო ბარათები მაჩუქეს. დიდხანს ვინახავდი დიდი პატივით.  გავიდა ხანი, დატრიალდა ომის ქარ-ცეცხლი. ჩემამდე ხმამ მოაღწია,-აფხაზეთში პოეტი ქალი ჯღამაძე დახვრიტესო. მე, მაშინ, ვერ ვაპატიე თარბებს…  მათი სავიზიტო ბარათები დავწვი… ვერ მივუტევე… სურვილი მკლავდა მეკითხა, რატომ დახვრიტეს პოეტი ქალი? მოგვიანებით, ისიც გავიგე, როგორ დადიოდა სოხუმის ქუჩებში ანთებული ლამპრით ივანე თარბა და როცა ეკითხებოდნენ რატომ აკეთებ ამასო, პასუხობდა, ქართველებს ვეძებო. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ, ვიყოთ თუ არა ერთმანეთისადმი მიმტევებელი…

სინანული:

-ყოველ ადამიანს აქვს სინანულის განცდა, მაგრამ მე არ მახსოვს, ვინმესგან ურიგო სიტყვაც. მე მიყვარს ადამიანები და მოვახერხე მათთან უბრალოდ პატივისცემით თანაარსებობა. ვნანობ, რომ არ ვარ დედა და ბებია. ალბათ, ბედისწერაა.

ნათელი დღეები:

-ჩემი ერთ-ერთი ნაწარმოების დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამავე თეატრის სოლისტის ლიანა ქალდანის შესრულებით. მე კულისებიდან მოვისმინე სიმღერა. შესრულებას ისეთი ოვაციები მოჰყვა დარბაზში, დავიმალე. ოთარ თაქთაქიშვილმა, შოთა მილორავამ, ილიკო სუხიშვილმა, დარბაზში მყოფმა პოეტებმა და მწერლებმა ერთხმად მომილოცეს გამარჯვება.

… ჩემი მოღვაწეობის და ბიოგრაფიის დიდი სიმაღლეა, როცა ვიხსენებ საქართველოს ყველაზე ძველ სალოცავ ტაძარში, სვეტიცხოვლის ტაძარში, 50 ქერუბიმი ბავშვისგან  შემდგარმა კაპელამ, როგორ აღავლინა ლოცვად მსოფლიო გენიის, ბახის „ავე მარია“, ეს იყო სასწაული. მღვდელმთავრებმა საოცრებებად შერაცხეს ეს ქერუბიმები და დაგვლოცეს…

… ანსამბლმა „ჩელამ“ დიდი პროფესიონალიზმით შეასრულა ლადო ასათიანის ლექსზე ჩემი სიმღერა ცაგერში,  ლადო ასათიანის შემოქმედების სახალხო ზეიმზე. სტადიონი, სადაც ტარდებოდა ეს ღონისძიება ქუხდა, მქუხარე ტაში არ ცხრებოდა. მაყურებელმა მოწონა სიმღერა და მისი შესრულება.

“ზუგდიდელები”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!