- ერთი ტკივილიანი წელი სრულდება 21 დეკემბერს, რაც ჩვენგან წახვედი, ჩემო დაო ლეილა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება ჩემო უსაყვარლესო. უფალი საუკეთესოებს ირჩევს ალბათ, მარადიული სასუფევლისთვის და გვწამს, შენ იქაც საუკეთესოებთან დაიმკვიდრე სამუდამო განსასვენებელი.
შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი აუტანელია თითოეული ჩვენგანისთვის. ძნელია შეგუება იმ აზრთან, რომ ვერასოდეს შემოაბიჯებ ჩვენი სახლის კარებს და შენს დადებით ენერგიას ვერ გადმოგვდებ. სიცოცხლით სავსეს, არ გიყვარდა ექიმებთან მისვლა, ალბათ წინასწარ გრძნობდი შენს უბედურებას, ოპერაციის გაკეთება კი დაგვიანდა და შედეგიც სავალალო დადგა.
შენ ოჯახი არ გყავდა, მაგრამ ძმისშვილები და დისშვილები შვილივით გიყვარდა. ყველას თავს ევლებოდი, არ იშურებდი მათთვის ენერგიას, გვერდით ედექით ჭირში და ლხინში. თავგამოდებით ეხმარებოდი. ამიტომაც დაგიტირეს ალალი და გულწრფელი ცრემლით. ჩემო დაიკო ლეილა, ვიგონებთ და ვიხსენებთ შენთან გატარებულ ყოველ ლამაზ დღესა და წუთს… როგორი ტკივილიანი აღმოჩნდა ეს ერთი წელი. ვილოცებთ შენზე ძმასთან, ძმისშვილებთან და დისშვილებთან ერთად და უფალს ვთხოვთ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
შენი და კლარა ცისკარავა