- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელს პირველად გამოცხადებული კონკურსის – „ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მომართა რვა კონკურსანტმა. გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა. გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთია “ინატრე და გეშინოდეს“ – სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
რეჟისორი მერი ბეროშვილი ზუგდიდის თეატრში თანამედროვე ავსტრიელი ნობელიანტი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, პიესების მიხედვით დადგამს სპექტაკლს „ინატრე და გეშინოდეს“.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი გააქტიურება; თანამედროვე ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში მათი უფრო მასშტაბური მონაწილეობა, ქალ რეჟისორთა ახალი სახელების წარმოჩენა, ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება და მისი ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსისთვის გამოიყო 86 000 ლარი.