ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ, დღეს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბრალი დასდო ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და ვიცე მერს, რომ ისინი დევნიან ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი სალიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი კახა მიქაიას მეგობარია.
მან მოითხოვა ყველა ამ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. კახა მიქაიას განცხადებით, გიორგი სალიამ მსგავსი მუქარების შემდეგ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება, რომელიც მას ამ დრომდე არ დაუკმაყოფილეს. დეპუტატის თქმით, ამის მიზეზად მერმა, ირაკლი გოგოხიამ საკუთარ თანამშრომელს განუცხადა, რომ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს ამბავი გახმაურდება რაც არ არის სასურველი.
მიქაიას განცხადებას დღესვე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებში უპასუხა ზუგდიდის მერმა და დეპუტატის განცხადებას ,,სიცრუე” უწოდა. ,,ეს ბრალდება არის სიცრუე. შემიძლია ცალსახად გითხრათ. გიორგი სალია ცრუობს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირადად მე ვიყავი მისი რეკომენდატორი მერიაში, რომ დაინიშნა. მანამდე ის მუშაობდა რიგით თანამშრომლად გამგეობაში. მე დავაწინაურე ის სამსახურის უფროსად, გადმოვიყვანე მერიაში. მე არანაირი კონფლიქტი და მსგავსი საუბარი გიორგი სალიასთან არ მქონია. მე შემეძლო მისი განცხადება დამეკმაყოფილებინა, მაგრამ ვუთხარი თუ რამე პრობლემაა ჩემთან შემოსულიყო და აეხსნა. მე მერიის თანამშრომლებზე გარკვეული პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული და ვიღაცასთან მეგობრობის გამო ადამიანი გავათავისუფლო, ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. მე ძალიან მიკვირს სალიამ ეს, რომ დაადასტურა. ეს ჩემთვის გაუგებარია, რადგან ეს სიცრუეა. არანაირი მუქარა და ზეწოლა მერისგან და ვიცე-მერისგან არ ყოფილა. მე მისი გათავისუფლება, რომ მდომოდა ამ 20 დღის განმავლობაში გავათავისუფლებდი. მე მითხრა, რომ უბრალოდ ავღელდი და იმიტომ დავწერე განცხადებაო, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. მე უზნეობად მიმაჩნია თანამშრომელზე მუქარა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და არაადამიანობად მიმაჩნია“. http://www.livepress.ge/ka/site/news/10107/
დღესვე, ისევ სინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, კახა მიქაიას განცხადება სალიაზე ზეწოლის შესახებ დაადასტურა თავად გიორგი სალიამ.
კახა მიქაია შეშფოთებულია იმ ფაქტების გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დევნის ,,ოცნების” წარმომადგენლებს და ხელს უწყობს ,,ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი თანამდებობები ხელისუფლებაში. მაგალითად მან მოიყვანა ხათუნა დარასელია, რომელიც მისი სიტყვებით, წლების წინ იყო ,,მიშას ხელისუფლების სიმბოლოს… პლეტჩერის ადვოკატი, რომელიც ვარდებით ხვდებოდა მიშას” , მაგრამ დღეს მუშაობს მერიაში. ამ განცხადების შემდეგ, პოლემიკაში ჩაერთო საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია. მან კახა მიქაიას უთხრა, რომ დარასელიას და მის ოჯახს წლების წინ დევნიდნენ ,,ნაციონალები” და ის არასდროს არ ყოფილა ,,ნაციონალური პარტიის” წევრი. კახა მიქაიას მიერ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების დროს, სხდომა დატოვეს ,,ნაციონალმა” დეპუტატებმა. მათ განაცხადეს, რომ ის საკითხები, რაზეც მიქაია უკვე რამდენიმე სხდომაა აკეთებს განცხადებებს, ,,ოცნების” შიდაპარტიული თემებია და ერთმანეთში უნდა მოაგვარონ.
rodis ar iqnebit sheshfotebuli batono kaxa :))