“სკოლა ქმნის გარემოს”


კახათის N1 საჯარო სკოლა გერმანიის პარტნიორი სკოლაა და გოეთეს ინსტიტუტის  ინიციატივით აქ, ამჟამად ხორციელდება პროექტი „სკოლა ქმნის გარემოს“. პროექტი საკონკურსო ხასიათისაა. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა გარემოს დაცვაში, მათი დაინტერესება ეკოლოგიური პრობლემებით. მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი თვითონ აღმოაჩინონ ეკოლოგიური პრობლემები და საკუთარი ძალისხმევით მოახერხონ მდგომარეობის გაუმჯობესება. კონკურსში ჩართული არიან მოსწავლეები  საქართველოდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან.

პროექტის „არაჯანსაღი კვება. დაბინძურებული გარემო“, – ჯგუფს ხელმძღვანელობს მათემატიკის მასწავლებელი მამუკა გელენავა.

პროექტს  „პოლიეთილენი და გარემო“ ხელმძღვანელობს მათემატიკის მასწავლებელი რუსუდან ჩახაია.

გუნდებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათ მოახერხეს საზოგადოების, თემის ინფორმირებულობა არსებულ მდგომარეობაზე. ჩართეს ისინი დასუფთავებისა და სხვადასხვა სახის აქციაში. პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანული ენის მასწავლებელი ნონა დარასელია, რომლის ძალისხმევითაც და სკოლის დირექტორის მანანა მებონიას ხელშეწყობით მოხერხდა ის, რომ თითოეული პროექტი შინაარსობრივად ყოფილიყო საინტერესო და მრავაფეროვანი.

რუსუდან ჩახაია: – კახათის #1 საჯაროსკოლის მოსწავლეებმა: გიორგი შედანიამ, ზაზა გეთიამ, ლაშა კაკულიამ და მასწავლებლებმა: ნონა დარასელიამ და მე, რუსუდან ჩახაიამ, მივიღეთ მონაწილეობა პროექტში და შევარჩიეთ თემა: „პოლიეთილენი და გარემო“. ჩვენ მიზნად დავისახეთ სოფელში არსებული ეკოლოგიური პრობლემა ოდნავ მაინც გაგვეუმჯობესებინა. ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ ზიანის მოტანა შეუძლია პოლიეთილენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პოლიეთილენის როგორც დამარხვა, ასევე წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოქსინები, მავნე ნივთიერებები, რომელებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. მათი განადგურება ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მის შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შემდეგ კი, საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. ამ პრობლემის გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა  და განახორციელეს შემდეგი აქტივობები:

1. პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისაგან დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ქუჩა.

2. დაამზადეს პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისაგან სხვადასხვა ნაკეთობები.

3. გამოკითხეს სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი და გამოთვალეს –  კვირაში  ოჯახი საშუალოდ რამდენ პოლიეთილენის პარკსა და ბოთლს მოიხმარს და ამით რა ზიანს აყენებს სოფელს.

4. პოლიეთილენის პარკების ნაცვლად მოსწავლეებმა გააკეთეს ქაღალდის პარკები  და სოფელში გასვლით მოსახლეობას შესთავაზეს ქაღალდის პარკები.

მამუკა გელენავა: – ჯგუფის წევრებმა –   ნანა გუგუჩიამ, ვიკა მებონიამ, ნანული ფუტკარაძემ, მასწავლებლებმა: ნონა დარასელიამ და მე, მამუკა გელენავამ, მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ჩვენს გარშემო არსებული არაჯანსაღი გარემო, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც გამოიხატება სხვადასხვა დაავადებებით, რომელსაც ზოგადად იწვევს არასრულფასოვანი კვება, გენმოდიფიცირებული პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნარჩენების არსებობა გარემოში. თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ხშირად და თითქმის ყოველდღე, გვიწევს არაჯანსაღი, არასრულფასოვანი საკვების მიღება გარეთ – ქუჩაში. ჯგუფის წევრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ პრობლემა ძალზედ აქტუალურია და გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენს გარშემო მყოფი საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ და დაგვესახა პრობლემის გადაჭრის გზები. ამისათვის განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:

1. საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება, ასევე საინფორმაციო პლაკატების გაკვრა თვალსაჩინო ადგილას.

2. არაჯანსაღი კვების პროდუქტების მიღების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის მოსალოდნელი დაზიანების შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ ჩვენის სოფლის ოჯახის ექიმს, ქალბატონ ნანა კვესელავას. ასევე მოსახლეობიდან ავიღეთ ინტერვიუ, თუ რას ფიქრობენ არაჯანსაღი კვებისა და მისი მავნებლობის შესახებ

3. მოვაწყვეთ საჩვენებელი აქცია – არაჯანსაღი კვების პროდუქტების ჩანაცვლება ჯანსაღი პროდუქტებით. ამისათვის საველე პირობებში დავამზადეთ და მოსახლეობას შევთავაზეთ ყველასათვის საყვარელი, სწრაფად მომზადებადი შაურმა და ჰოთდოგი .

4. ქუჩაში მოვაწყვეთ აქცია – მოქალაქეებისათვის პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ქაღალდის ერთჯერადი პარკების შეთავაზება. ქუჩის დასუფთავება ნარჩენებისაგან.

ჩვენ ამ აქტივობებით შევეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, თუ რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანია ჩვენს გარშემო არსებული ჯანსაღი გარემო და სრულფასოვანი კვება ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

ჩვენი ჯგუფის მოწოდებაა: „ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს“.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!