კარლო ჩოკორაია: ბზა საქართველოს გერბია, გაუფრთხილდით!


კარლო ჩოკორაია ზუგდიდელია, პროფესიით დეკორატორი, წლების მანძილზე, მუშაობდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მთავარ დეკორატორად, მოგვიანებით, ქალაქის გამწვანების უფროსად დაინიშნა და 15 წელი ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს. ბატონი კარლოს მამა, დავითი, თავის დროზე, ბოტანიკური ბაღის აგრონომად მუშაობდა, ჰქონდა სათბურები და ვაზის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავდა.ბატონი კარლო, სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ბატონ უსლარ ლატარიას და მეცნიერ მუშაკებს ქალბატონებს: ლუიზა სიჭინავას, ლარისა თირქიას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მასთან უთანამშრომლია. ასაკის მიუხედავად, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ბატონ კარლოს მუშაობა არ შეუწყვეტია საკუთარ ეზოში, სადაც  მრავალი ჯიშის მცენარე ხარობს. მცენარეებს ეფერება, ესაუბრება და მათზე ზრუნავს. ბატონმა კარლომ, გვითხრა, რომ 62 ქვეყნის ბოტანიკურ ბაღშია ნამყოფი, განსაკუთრებლად იალტის ბოტანიკური ბაღი მოეწონა, სადაც 8000–მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარეა. ბატონი კარლო ქართულ მუხას ეთაყვანება, გვითხრა,  სადაც ნახავთ ჩაეხუტეთო, თუ თავს ცუდად იგრძნობთ, მიირბინეთ მასთან, ჩაეკარით, ძალას მოგცემთ და უკეთესად იქნებითო. ძალიან უნდა ახალ რეკონსტრუირებულ ცენტრალურ ბულვარში იხილოს ცხენისწაბლები, სექვოიები და ნეკერჩხლები, ამბობს, რომ ქალაქს დაამშვენებდა ლიბანის კედარი. 82 წლის ასაკში, ბატონმა კარლომ, 2000 სხვადასხვა ჯიშის მცენარე დააკალმა და გაახარა, –„ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ 1200–მდე ბზის დაკალმებას აპირებს. დიდ სიამოვნებას განიცდის, როდესაც თავის ნახელავს სხვებს ჩუქნის და მოვლის წესებსაც  ასწავლის.

ბატონი კარლო სახლში მარტოა, მეუღლე გარდაეცვალა და ახლახანს ძმაც დაკარგა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედდა. მისაღებ ოთახში საპატიო ადგილი უკავია მადლობის სიგელს, რომელიც ბატონ კარლოს გადასცა ზუგდიდის მერიამ ქალაქის ცხოვრებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. უყვარს სტუმრების მისვლა და ძველი დროის გახსენება. ბატონი კარლოს საქმიანობას მისი ვაჟი ირაკლი განაგრძობს, რომელიც თბილისში მუშაობს. შვილის საქმიანობას თვალ–ყურს მიადევნებს ბატონი კარლოც და ამბობს, რომ ირაკლი საქმის პროფესიონალია. მანძილის მიუხედავად, შვილი მამაზე ზრუნავს და სულ მის გვერდითაა.  ირაკლიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა,  რომ მამის რჩევებს მუდამ ითვალისწინებს. მისი თქმით, ბავშვობიდან ბოტანიკური ბაღის წიაღში ყოფნით შეუყვარდა მამის პროფესია. „1992 წელს დავიწყე სწავლა ბოტანიკისა და მწვანე მშენებლობის ინსტიტუტში, სამკურნალო მცენარეთა მოშენებისა და მათი გამოყენების ფაკულტეტზე. დავამთავრე შვიდწლიანი კურსი და დავიცავი დისერტაცია საქართველოს სამკურნალო მცენარეებზე. ასევე, 1992 წლიდან, პარალელურად, ბოტანიკის ინსტიტუტში გავდიოდი კურსებს ლანდაშაფტის არქიტექტურაში. ჩემი ნამუშევრებია: კორცხელისა და ბოდბის დედათა მონასტრია, საპატრირქოს ეზოები, სხვადასხვა სკვერი თბილისში, ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“, ზუგდიდის „სკეიტ პარკი“და მრავალი კერძო ეზო.“ ირაკლი მუშაობს სამედიცინო ველნეს ცენტრში BIOLI, სადაც ხელმძღვანელობს ლანდშაფტურ არქიტექტურას, სასათბურე მეურნეობას, კვებით დანამატებს სამზარეულოში, სამკურნალო ჩაის დამზადებას და გამოყენებას. ირაკლიმ გვითხრა, რომ 90–იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, ბატონი კარლო, ირმა გეგეჭკორთან, თინათინ ლომაიასთან და თავის ჯგუფთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში რგავდნენ ყვავილებს და ქალაქზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი. „კარლოს ძალიან უყვარს თავისი საქმე. ასაკის მიუხედავდ, სახლში სულ აქტიურადაა, ხან რას აკეთებს და ხან რას. მამა ხშირად ამბობს, რამდენი წელია ამ სამსახურს ვემსახურები და დღესაც ვსწავლობ რაღაცეებსო, ყოველდღე ეფერება მცენარეებს და ესაუბრება. ჩვენი ეზო საკამოდ დიდია, მრავალი ჯიშის მცენარე ხარობს. წლებია აკალმებს და ამრავლებს ამ უნიკალურ ჯიშებს და ამით ძალიან ამაყობს. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს, როცა საქმითაა დაკავებული, მაშინ გრძნობს ყველაზე ბედნიერად თავს.”

ბატონ  კარლოს თავისი ქალაქი განსაკუთრებულად უყვარს, წლების მანძილზე, მის გასალამაზებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. ყოველთვის უნდოდა განსხვავებული მცენარეები დაერგო. ახლა, მთელ იმედებს მომავალ თაობაზე ამყარებს, გვითხრა, რაც მე ვერ გავაკეთე ჩემი ქალაქისთვის, ახალგაზრდები გააკეთებენო. სამომავლოდ, დიდი გეგმები აქვს. გაზაფხულზე ბზის დაკალმებას აპირებს, ამბობს, ბზა, საქართველოს გერბია და განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთო.

ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!