კარლო ვეკუა საფარველისა და “ზუგდიდობის” შესახებ


“ზუგდიდელებთან” კვართზე და „ზუგდიდობაზე” საუბრობს საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი კარლო ვეკუა: „ზუგდიდში კვართი თითქმის საუკუნეა. თავიდან პალესტინაში იყო და მაშინ იქ დავაბრუნოთ. პალესტინიდან ხომ მოვიდა. ამაზე ადამიანური დაფიქრებაა საჭირო. ეს ხობელმაც, ფოთელმაც, ზუგდიდელმაც უნდა გაიგოს. 

კვართი ზუგდიდის საკუთრება არ არის, ეს საქართველოს საკუთრებაა, ოღონდ დაბრძანებულია ზუგდიდში. პატრიარქმა რამდენჯერმე თქვა, რომ კვართი ზუგდიდში უნდა იყოს დაბრძანებული. არც მეუფე გრიგოლს აქვს უფლება და არც არავის საქართველოს ტერიტორიაზე, მოითხოვოს და შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ხელმოწერები ხობელებმაც უნდა შეაგროვონ. თუ ისტორიას გადავხედავთ, თვითონ ხობელებმა თქვეს, რომ კვართს ჩვენ ვერ მოვუვლით, იმდენი ავაზაკია, ბანდიტია და წაგვართმევენო. ამდენად, რა არის აქ გასაკვირი. სახელმწიფო მუზეუმი აგერაა, კვართი მუზეუმშია დაცული. მე არამგონია ჩვენს მუზეუმზე უკეთესი დაცული ადგილი ჰქონდეს ხობის რაიონს, გინდა ფოთს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ბიზნესისათვის სჭირდებათ. ამას ლაპარაკობს ისეთი ხალხი, რომელსაც კვართთან შეხება აქვს და ასეთი დასკვნა გააკეთეს. კვართის მოძრაობა არ შეიძლება. ისიც დიდია, რომ ვლაქერნობის დღესასწაულზე გამოაქვთ. ის უნდა იყოს ისეთ პირობებში, რომ ქსოვილი არ დაიშალოს, ან არ დაზიანდეს. კვართზე ამბობენ „გვათხოვეთო“. ეს არ არის “ვინმეს” პერანგი, ეს არის ღვთისმშობლის პერანგი. ამას შეიძლება მოჰყვეს უარესი ამბავი. ხომ შეიძლება გაყალბება მოხდე და ყალბი სახით გამოგზავნონ. ამაზე უფრო განრისხდება დედა ღვთისმშობელი. ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ.
რაც შეეხება „ზუგდიდობის“ დღესასწაულს, მერიამ აღნიშნა, რომ თანხების სიმწირის გამო ვერ ჩაატარებს დღესასწაულს. რას ქვია თანხების სიმწირე? როდესაც წლის ბიუჯეტს გეგმავენ, მაშინ ერთ-ერთ პუნქტად იხილება ეს საკითხი. მე, შეიძლება, სახლში მქონდეს ფინანსური სიმწირე, მაგრამ ეს სახელმწიფოს საქმეა… რადგან დავიწყეთ, უნდა მივყვეთ. მსგავსი დღესასწაული საქართველოს ყველა რაიონში აღინიშნება. ჩვენ რა, გამონაკლისები ვართ და ზუგდიდში „ზუგდიდობა” არ აღვნიშნოთ? პომპეზურადაც უნდა აღინიშნოს! რაც შეეხება საპატიო „ზუგდიდელის“ წოდების მინიჭებას, ისეთი ხალხი გვყავს, რომ ისინი, აუცილებლად, უნდა ავირჩიოთ საპატიო ზუგდიდელებად.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!