“კავკასიური სახლის” შეთავაზება სტუდენტებს


დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ააიპ “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში თანამშრომლობა, კერძოდ კი, „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ პროექტში სტუდენტების ჩართვა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას „კავკასიურმა სახლმა“ საჩუქრად წიგნები გადასცა. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ „კავკასიური სახლის“ წარმომადგენლებს და უშუალოდ მათგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტისა და ცენტრის შესახებ.
ამავე დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სერთიფიკატები გადაეცათ „კავკასიური სახლის” პროექტის – „კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის” კურსის მონაწილეებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ისმენდნენ ონლაინ ლექციებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ონლაინ ლექციებს თბილისიდან ერთდროულად ისმენდნენ რეგიონების ახალგაზრდები, კერძოდ: გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და მარტვილის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები და სტუდენტები. ახალი ჯგუფი კი სწავლას იანვრიდან დაიწებს.  
პროექტი ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოსა და ევროპული ფონდი “ჰორიზონტის” მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებას კავკასიის კულტურის, ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიის საკითხებზე. პროექტის კიდევ ერთი მიზანია კავკასიელ ხალხებს შორის საერთო კავკასიური ერთობის – ერთიანი კულტურულ-მეცნიერული და ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, კავკასიელ ხალხებს შორის ნდობის, ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიაში მყარი ნიადაგის შექმნას სამშვიდობო მოძრაობის ასაღორძინებლად მოლაპარაკებების, კულტურათა დიალოგის, სახალხო დიპლომატიის გზით.
პროექტის მონაწილეები შეხვედრის დასასრულს გამოხატავდნენ სიხარულს,რომ ჰქონდათ კურსის მოსმენის შანსი. ერთ-ერთი მონაწილე დიმა ხურცია ამბობს, რომ ძალიან მოეწონა სწავლების მეთოდი, რადგან სასაუბრო თემები იყო მრავალფეროვანი და აქტუალური. საშუალება ჰქონდა სხვადასხვა რეგიონის მონაწილეებთან ერთდ მოესმინა კურსი, გაეგო მათი კითხვების შესახებ, დაესვა თვითონაც და მიეღო შესაბამისი პასუხი. მიესალმება, რომ ყველა მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა და არ იყო რაიმე შეზღუდვა. მისი აზრით, მიღებული ცოდნა გამოადგება პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში.
ივდით ხაზალია,
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის “ბეჭდვითი და ონლაინმედია” სტუდენტი

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!