ირმა კვირკვია: “ჩვენი ბიბლიოთეკა და პანდემია”


  • პანდემიამ ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა შეაფერხა, მეტიც გააჩერა, მაგრამ არის ისეთი გუნდი, რომელის მუშაობაც არამცთუ გააჩერა შექმნილმა ვითარებამ, პირიქით, მოტივაცია აუმაღლა და არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა იმ საზოგადოებას, ვინც ვირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სწორედ ასეთია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი. კოვიდპანდემიის დღეებში მომზადებულ პროექტებზე,”ზუგდიდელებთან” საუბრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი ირმა კვირკვია.

ირმა კვირკვია: “პანდემიის პერიოდში, ასპარეზი მთელი დატვირთვით დაეთმო ბიბლიოთეკის სოციალურ გვერდს-Facebook გვერდს. ბიბლიოთეკამ, დროებით, სრულად აქ გადმოინაცვლა და მკითხველებსაც აქ მოუხმო. ყოველდღიურად ვრცელდებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინფორმაციები, გრძელდებოდა მნიშვნელოვანი თარიღებისა და ცნობილი პირების იუბილეთა აღსანიშნავი ინფორმაციების გამოქვეყნება-გაზიარება. წიგნს მოწყურებულ მკითხველს ელექტრონული ბიბლიოთეკების ლინკები მიეწოდებოდა და სათანადო ინსტრუქციაც ონლაინ-ბიბლიოთეკით სარგებლობაზე. რაც ადრე ონლაინ კეთდებოდა, ეგ კვლავ გაგრძელდა: თუ თანამშრომლები ადრე შინიდან მუშაობდნენ, ძირითადად, ელქტრონული კატალოგის რედაქტირებაზე, საოჯახო ფოტოალბომებიდან შემოსული ფოტოების სკანირება-გაციფრებაზე, მკითხველებისთვის სათანადო დახმარების გაწევაზე, იგივე ავტომატურად ხდებოდა და ხდება. ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილმა ღონისძიებებმა ახალი სახე შეიძინა და პირდაპირი ჩართვებით მოხდა არა მარტო ბიბლიოთეკის მკითხველებისა და ჩვენი თანაქალაქელების დასწრება დაგეგმილ ღონისძიებებზე, არამედ მასში მთელი სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ჩაერთვნენ. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პირდაპირმა ტრანსლაციებმა მნახველთა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

პანდემიის პერიოდში, ონლაინ შეიქმნა სხვადასხვა რუბრიკები

-დიახ.  “პოეზიის საღამო”, “მოძღვრის საათი”, “მხარეთმცოდნეობითი გაკვეთილები”, “შეხვედრა ავტორთან”. სხვათაშორის, “მოძღვრის საათი” პირველი იყო, რაც ჩვენი გვერდიდან გავიდა და ტრანსლირებისთანავე  დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ყოველი კვირის სამშაბათს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი-დეკანოზი ანდრია კემულარია სხვადასხვა საინტერესო თემაზე ესაუბრება ბიბლიოთეკის ვირტუალურ მეგობრებს. რუბრიკა საჭიროდ და აუცილებლად ჩაითვალა, რადგან პანდემიის პირობებში უჩვეულო რეჟიმით მცხოვრები ხალხისთვის მოძღვარს მიეცა რჩევები და გულღიად ესაუბრა მიმდინარე პერიოდის ცხოვრების სტილზე. რუბრიკა, ახლაც, პირდაპირი ტრანსლირებით გადის კვირაში ერთხელ. პანდემიის პერიოდში ბიბლიოთეკა შეუერთდა სოციალურ კამპანიას #დარჩისახლში, ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსით “დარჩი სახლში”. ამ კონკურსით ბიბლიოთეკამ ყველა დაინტერესებულ პირს მისცა შანსი, ერთი ფოტოთი გაეზიარებინათ თავიანთი კარანტინული ცხოვრება. ყველა შემოსული ფოტო აიტვირთა Facebook-გვერდზე.  22 მაისს გამარჯვებულები გამოვლინდნენ Facebook like-ების მეშვეობით და დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. ფაქტიურად, ასე შეიქმნა ერთგვარი მცირე ფოტომატიანე ჩვენი მკითხველების კარანტინული ცხოვრებისა. მინდა გითხრათ, რომ პანდემიის პერიოდში და შემდგომაც განხორციელებული ღონისძიებების სულისჩამდგმელი და თაოსანი ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მადონა მაქაცარია იყო, ბიბლიოთეკის ძლიერ გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, ამ პროექტების ავტორებისა და განმახორციელებლების: მანანა გვარამიას, ციცო თოლორაიას, მაია ღურწკაიას, მადლენა დამენიას, ირმა კვირკვიას, ინგა ქარჩავასა და სოფო კვარაცხელიას როლი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკული კუთხის Facebook-გვერდზე კვირაში რამდენჯერმე მიმდინარეობდა მოწვეული სპეციალისტების, ამერიკის საელჩოს თანამშრომლებისა და ამერიკული კუთხის მოხალისეების საუბრების, მასტერ-კლასებისა და ვორქშოპების ონლაინ ტრანსლაციები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წლებია ბიბლიოთეკის მკითხველები ჩართულია კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ონლაინლექციებში, რაც ახლაც გრძელდება.

რაც შეეხება ბიბლიოთეკების პარტნიორულ, თანამშრომლობით პროექტებს

-ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილებები (აბონემენტისა და საბავშვო განყოფილებები) ჩართულია “ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” პროექტში (პროექტის ხელმძღვანელი სალომე გუგუშვილი), რომელსაც ახორციელებს საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ უზრუნველყო პროექტის დახმარება, როგორც წიგნადი ფონდით, ასევე ადამიანური რესურსით. უკვე ერთი თვეა,  ღია ცის ქვეშ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქის მაცხოვრებლები თუ სტუმრები სარგებლობენ ღია ბიბლიოთეკის მომსახურებით.

ორიოდ სიტყვით, ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურეობის განყოფილებაზე

-ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება, წლებია, ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის “ციფრულ ფოტომატიანეში” ჩართული ფოტოკოლექციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფოტოკოლექციის მართვასა და ადმინისტრირებას. კოლექცია ეძღვნება სამეგრელოსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მიმდინარეობს ოჯახებში ფოტოების მოძიება, მიღება, სკანირება, ატვირთვა, ციფრული ფორმატის შექმნა. რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდშიც მიმდინარეობდა ციფრული ვერსიების არქივის შევსება. სულ კი ფოტოკოლექციაში – 1300-მდე ფოტოა, რომლებიც ჩვენი კუთხის ისტორიის ამსახველია. პანდემიის პერიოდში, კოლექციას დაემატა ფოტოები ბიბლიოთეკის მკითხველის ნანა დარასელია-ქეცბას საოჯახო ალბომიდან, რომელიც მისი ბებიის-ნათელა ქეცბაიას (ლოტბარი, მომღერალი, მეჩონგურე) შემოქმედებით ცხოვრებას ასახავს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივმართო მკითხველებს, თითოეულ თქვენგანს შეუძლია გახდეს შემდეგი კოლექციონერი, მოიტანოს ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხელი შეუწყოს ამ ციფრული კოლექციის შევსებას და დაუტოვოს თავისი ქალაქის, თავისი კუთხის ისტორია შთამომავლობას.

ზუგდიდელები

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!