- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა, დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი ჩემი გადაწყვეტილების გამო უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, სხვადასხვა დროს ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს… ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.