- საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა დამსახურებულად, ეს არის დამსახურებული მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, მეგობრებმა, გუშინ მართლაც იყო ისტორიული დღე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებით.
ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით რეალურად ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, განაცხადი, რომ როგორც კი შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არის მობილიზებული, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ასევე მინდა, კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას მივულოცო. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.