იოსებ შენგელია – „მიწის მთხრელი“ დოქტორი და კოლექციონერი…


  • პირველ კლასში, როცა მასწავლებელმა ბავშვებს ჰკითხა, მომავალში რა უნდა გამოსულიყვნენ, იოსებ შენგელიამ, „არქეოლოგი“ ვერ გაიხსენა და უპასუხა – „მიწის მთხრელი მინდა გამოვიდე“. წლების შემდეგ მისი ბავშვობის ეს უცნაური პასუხი პროფესიულ გზად იქცა – ჯიხაშკარელი ისტორიკოსი იოსებ შენგელია, დღეს, ისტორიის დოქტორია, კოლექციონერი, მკვლევარი და დადიანების მუზეუმში არქეოლოგიის ფონდის მცველის თანამდებობას იკავებს. „ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ არ უნდა დაიკარგოს და მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს  წინაპრების მიერ შექმნილი საუნჯე.

იოსებ შენგელია: – დავიბადე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში. აქვე დავამთავრე სკოლა. 2025 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე დოქტორანტურა. მოვიპოვე ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. პატარაობიდანვე მაინტერესებდა ჩხირკედელაობა. სულ რაღაცას ვეძებდი. მახსოვს, პირველ კლასში, პირველ დღეს, მასწავლებელმა ბავშვებს გვკითხა, რა გინდათ გამოხვიდეთო, სიტყვა „არქეოლოგი“ არ გამახსენდა და „მიწის მთხრელი“ მეთქი…

იყო პირველი არტეფაქტი თქვენს პირად კოლექციაში… რითი დაიწყეთ?

– პირველი ნივთი თბილისში, მშრალ ხიდზე ვიყიდე, -1799 წლის მონეტა იყო. ამას სხვა საინტერესო ნივთების შეძენაც მოჰყვა. ჩემდამი კეთილად განწყობილმა ადამიანებმაც ბევრი რამ მაჩუქეს… ექსპონატები სამი საუკუნის ლაზურ სახლში მაქვს გამოფენილი და მისი დათვალიერება ნებისმიერს შეუძლია.

რომელია თქვენი კოლექციის ყველაზე უნიკალური, ისტორიულად გამორჩეული ნივთი?

–ბაბუაჩემის ბაბუის, 1814 წელს დაბადებული ბიტუია შენგელიას თოფის ლულა და ლაზური ნავის ერთადერთი ოსტატის, მირიან ნუმანიშვილის ნაჩუქარი ლაზური ნავი.

რომელი ეთნოგრაფიული ნივთის მოპოვებაზე ოცნებობთ?

– ვოცნებობ მქონდეს ტრადიცულიული ლაზური სახლი და ნალია.

როგორია კოლექციონერის შინაგანი ემოცია ახალი ნივთის პოვნისას?

–გამარჯვების განცდას გიტოვებს… გამარჯვების იმიტომ, რომ შენ ის განადგურებას, დაკარგვას გადაარჩინე…

როცა სახლში, ძველ ჟურნალ-გაზეთებსა და არტეფაქტებს შორის ხარ, დრო როგორ გადის?

– ძველი ჟურნალ-გაზეთი იქნება, თუ რაიმე დოკუმენტი, არ აქვს მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევაში, მკვლევრის თვალით ვაკვირდები და ვცდილობ, სამეცნიერო სტატია, ან მოკლე წერილი მაინც დავწერო ნაკლებად ცნობილ საინტერესო ნივთსა თუ მოვლენაზე.

დადიანების სასახლე შენთვის უფრო სამსახურია, თუ საიდუმლოებით სავსე მეორე სახლი, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ აღმოსაჩენი…

– დადიანების მუზეუმი ჩემთვის ადგილია, სადაც მე, მე ვარ და ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც მაბედნიერებს.

ცხოვრების მთავარი მიზანი

– ჩემი მიზანია, არ დაიკარგოს ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი საუნჯე. არ აქვს მნიშვნელობა, ნივთი იქნება ეს, ვაზის ჯიში, თუ ფოლკლორული ნიმუში. ყველაფერს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.. ოღონდ არა ისე, რომ წარსულს მივეჯაჭვოთ და თანამედროვეობაზე ავიღოთ ხელი… ჯანსაღი მიდგომით შესაძლებელია „ოქროს შუალედის“ დაცვა.

თავისუფალდრო, არქეოლოგიისა და წარსულს გარეშე…

– მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით ბუნებაში და ძველი ციხეების და ნაეკლესიარების მონახულება.

მომავალი?

– საკმაოდ ბევრი მიზანი მაქვს, მაგრამ ერთ-ერთია „ეთნო სოფლის“ მოწყობა ჩემს სოფელში, სადაც სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი ნაგებობები და ნივთები იქნება. შეძენილი მაქვს, ლაზი ოსტატების მიერ აგებული ოდა-სახლიც, რომელიც მალე უნდა დავშალო და ჩემს ეთნო-სივრცეში გადმოვიტანო. ზოგადად, „ეთნო სოფლის“ მოწყობა და სამეცნიერო მიმართულებებით აქტიური მუშაობაა მთავარი გეგმა. ასევე ვგეგმავ სამეცნიერო მიმართულებებით აქტიურ მუშაობას. ამ ეტაპზე, ვმუშაობ რამდენიმე წიგნზე, რომლებიც ვიმედოვნებ მალე იხილავენ მზის სინათლეს.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + 3 =

Akismet ანტისპამი