დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა „რა? სად? როდის?“ გამოავლინა ზუგდიდის ჩემპიონი. ზუგდიდის საჯარო სკოლებთან ერთად, ინტელექტთამაშებში, მონაწილეობას ღებულობდნენ ხობისა და სენაკის სკოლების ინტელექტუალური გუნდები.
უმცროსასაკთა კატეგორიაში, 46 ქულით, პირველი ადგილი დაიკავა მოსწავლე -ახალგაზრდობის გუნდმა ”სრა”, მეორე ადგილზე გავიდა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი „ევრიკა“, მესამე ადგილზე გავიდა ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის გუნდი „ევერესტი“. უფროსასაკთა კატეგორიაში ზუგდიდის ჩემპიონი გახდა მოხალისეთა ნაკრები „გოდო“, მეორე ადგილზე გავიდა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „ჯინსების თაობა“, მესამე ადგილის მფლობელი გახდა პირველი საჯარო სკოლის გუნდი „ორტური“. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მადლობის ფურცლები.
თამაშს ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლები ირმა ქირია და რუსუდან ხარგელია.
ინტელექტკლუბის “რა? სად ? როდის?” ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ თამაში ხელს უწყობს ბავშვებში წიგნიერებისა და ინტელექტის ამაღლებას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკულ აზროვნებას და ერთმანეთთან თანამშრომლობას. „ბავშვები ეცნობიან, მეგობრდებიან, ფაქტიურად, ეს არის არაფორმალური შეხვედრა სკოლის გარეთ. აინტერესებთ ვინ როგორ პასუხს გასცემს, თუ თვითონ არ გააჩნიათ კითხვებზე პასუხები, ეძებენ. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი თაობა გვყავს, ძალიან ბევრი ამბობს, რომ ახლანდელი თაობა ბევრს არ კითხულობს, მაგრამ მათ ჩვენზე მეტი იციან და ჩვენზე მეტად არიან კომუნიკაბელურები, გახსნილები, მუდამ მზად არიან თანამშრომლობისთვის“.