უზბეკური სუმი – რამდენად მიმზიდველია ინვესტირება?
გასული წლის ოქტომბერში, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების ახალი სერიის ფარგლებში, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა, უზბეკურ სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე ვისაუბრეთ. გამოვყავით ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტების მიმზიდველობა, თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით. ამჯერად, გვსურს დავუბრუნდეთ აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და შევაფასოთ, რამდენად მართებული გამოდგა პროგნოზები, რომელთაც ჩვენი დასკვნა ეყრდნობოდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული მაკროეკონომიკური ფაქტორები მოიცავდა საგარეო სექტორს, დაკრედიტებას, ოქროსა და სხვა სასაქონლო პროდუქტების საერთაშორისო ფასების დინამიკას, ინფლაციას, აშშ დოლარისა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ანალიტიკას. პუბლიკაციის თარიღთან შედარებით:
- უზბეკური სუმი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა;
- ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდა;
- კრედიტის ზრდა ნორმალიზდა, ხოლო დეპოზიტების ზრდის ჩამორჩენა აღმოიფხვრა;
- საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა;
- საგარეო სექტორის ბალანსი გაუმჯობესდა.
საილუსტრაციოდ, ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება – გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება. ამ მოსაზრებას, პროგნოზებთან ერთად, ამჯერად მოვლენების ფაქტობრივი განვითარებაც ამყარებს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე