თაზო ფაცაცია: ბაბუამ მითხრა:” აფხაზეთი მაშინ დაბრუნდება, როდესაც ფრესკაზე ნაიარევები შეხორცდება“


თამაზ ფაცაცია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან პრესოვკა-მახარაძის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ჩაანაცვლა. პროფესიით ექიმია, ოთხი შვილის მამა. ამბობს, რომ აცოცხლებს სამი რამ: ღმერთი, საქართველო და ოჯახი. დარწმუნებულია, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს თავისი ამომრჩევლისთვის.

-თაზო, თქვენზე ორიოდ სიტყვით, მოგვიყევით?

-მე ვარ თაზო ფაცაცია, დავიბადე ქალაქ თბილისში, 1988 წლის 29 მარტს. ვსწავლობდი ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში, პროფესიით ექიმი ვარ. მყავს მეუღლე ნატო ხაზარაძე და ოთხი შვილი: გაბრიელი, თამარი, ანატოლი (ანტონი) და ბარბარე. მიყვარს ჩემი ქვეყანა და განსაკუთრებით ჩემი ქალაქი ზუგდიდი, სადაც გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები აქ გავატარე.

-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

-ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, როგორც ყველა იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ქვეყნის გადასარჩენად ჩაერთნენ, იყო განპირობებული საქართველოს და ქართველი ხალხის ავტოკრატი, მჩაგვრელი და მწამებელი რეჟიმისაგან გათავისუფლება. არ შეიძლება ადამიანებს წაართვა ის, რაც მათ ღმერთმა აჩუქა,-თავისუფლება, პატიოსნება, იმედი უკეთესი მომავლისა, ყოველივე ზემოთ ხსენებულის და კიდევ ბევრი მსგავსი უღირსი ქცევების წესად დამკვიდრების გამო, 2012 წელს ჩავუდექი სათავეში ქალაქ ზუგდიდში “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

-როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაიარა ზუგდიდში არჩევნებმა?

-საარჩევნო პროცესმა, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის’’ მრავალგზის პროვოკაციული მოქმედებებისა, ჩაიარა ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების დაცვით. იგივეს გავიმეორებ,რაც ამერიკის ელჩმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში, როდესაც მას კითხეს, თუ როგორ შეაფასებდით არჩევნებს საქართველოში. მან თქვა: „მე ვისურვებდი, რომ ასეთი დემოკრატიული არჩევნები ამერიკაშიც ჩატარდეს’’.

-თქვენ პრესოვკა – მახარაძის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ, რა პრობლემები დაგხვდათ უბანში და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?

-პრობლემები, ზოგადად, სხვადასხვა სახის მხვდებოდა, ძირითადად, მოსახლეობას სჭირდება დასაქმება, სოციალური დახმარება, ინფრასტრუტურის კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე ე.წ. „პრესოვკამახარაძის“უბანზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რაც ათეული წლები არ გაკეთებულა.

-როგორ შეაფასებდით თვითმმართველობის მუშაობას?

-ამ პერიოდში, მმართველმა გუნდმა, ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ხელმძღვანელობით, მოახერხა და გააკეთა მაქსიმუმი, რათა თვითმმართველი ერთეული ყოფილიყო დეცენტრალიზირებული, გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხალხზე ორიენტირებული.

-საკრებულოს თავმჯდომარეებად მოიაზრებიან კახაბერ ფარცვანია და კარლო ღადუა, რომელთან იქნება თქვენთვის საკრებულოს თავმჯდომარის ამპლუაში მუშაობა კომფორტული?

-საკრებულოს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი არის ჩემი მეგობარი, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ დაასახელებს ერთ კანდიდატს, რომელსაც მე დავუჭერ მხარს. ვთვლი, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან მუშაობა არ გამიჭირდება და ეს ურთიერთობა იქნება საქმიანი და პროდუქტიული ზუგდიდში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

-საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ პარტია „რესპუბლიკელები“ დატოვა, ამბობენ, რომ ისიც საკრებულოს თავმჯდომრის კანდიდატად მოიაზრება კულუარებში.

-მთავარი ის კი არ არის გიორგის მე როგორ ვაფასებ, მთავარია მას ხალხი როგორ აფასებს. მე კი გეტყვით, რომ ის არის დადებითი პიროვნება.

-თქვენი ოჯახი გაგვაცანით…

-მე მაცოცხლებს სამი რამ: ღმერთი, ჩემი ქვეყანა საქართველო და ჩემი ოჯახი. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. მყავს დედა ლეილა ფიფია, პროფესიით პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი, რომელსაც ძალიან ბევრი თაობა აღუზრდია ქალაქ ზუგდიდში, მამა ანატოლ ფაცაცია ტრაგიკულად გარდამეცვალა სამი წლის წინ, პროფესიით იყო ინჟინერი, მუშაობდა სოხუმში, ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების მიმართულებით, ჩემი და თამარ ფაცაცია არის ეკონიმისტი, მეუღლე ნატო ხაზარაძე პროფესიით არის ექიმი-სტომატოლოგი. ვარ დეკანოზ დავით ფიფიას შვილიშვილი, რომელიც იყო ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი კომუნისტური რეჟიმის დროს. მას ბევრი განსაცდელი გადაუტანია ღირსეულად, იცავდა ქართულ ენას, წირვა-ლოცვებს აღავლენდა ქართულ ენაზე, მაშინ როდესაც საქართველოში რელიგია იკრძალებოდა.

– ბაბუა, დეკანოზი დავით ფიფია თუ გახსოვთ?

-მახსოვს, მას ჰქონდა სალოცავი ოთახი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მონათლულა, რომლის კედლებზეც წმინდა მარიამ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ფრესკებია დაბრძანებული, რომლებიც ბაბუამ ტაძრების დანგრევისას გადაარჩინა და სახლში გადამალა, რათა კომუნისტებს არ ეპოვათ და არ გაენადგურებიათ. ღვთისმშობლის ფრესკას სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ცრემლები სდიოდა და ის ადგილები, სადაც ცრემლი ჩამოდიოდა დედა ღვთისმშობელს ნაიარევად დარჩა. ერთხელ ბაბუამ დამიძახა და მანახა ფრესკა და მითხრა: „აფხაზეთი მაშინ დაბრუნდება, როდესაც ფრესკაზე ნაიარევები შეხორცდება“. ამ სიტყვების შემდეგ გავიდა 21 წელი და გეტყვით, რომ შეხორცდა ნაიარევები და დაახლოებით 10 სმ სიგრძის მკრთალი ნაიარევიღა დარჩა ღვთისმშობის თვალებთან, მე მჯერა, აფხაზეთი, ძალიან მალე, დაუბრუნდება საქართველოს და საბოლოოდ გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა.

ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!