ლალი ცირდავას, რომელიც გარდაცვლილ დედას ციალა ჯოჯუას, დღემდე, პროტესტის ნიშნად არ კრძალავს, საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია და მოადგილე თაზო ფაცაცია. ისინი გარდაცვლილის შვილს დაპირდნენ საქმის შესწავლას და მოგვარებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, კორპუსი სადაც ცირდავა ცხოვრობს არის ამხანაგობა “მეკონსერვე2”-ის ბალანსზე და მათ არანაირი უფლება არ აქვთ საკითხის განხილვაში ჩაერიონ. „ქალბატონ ლალი ცირდავას შიგნით, კონფლიქტი აქვს მეზობელთან ვინმე დათო ესართიასთან. მას აქვს სახლი მიმდებარე ტერიტორიაზე და სჭირდება უკანა მხარეს ღობის გახსნა. ქალბატონი ლალი არ უთმობს და არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ღობე გახსნას. ხელს არ უწერს, რადგან ამხანაგობის 100% ხელის მოწერა სჭირდება, რომ მან დაირეგისტრიროს თავის სარგებლობაში არსებული ბინა. როდესაც ჩვენ მათ შევხვდით ვუთხარით, რამენაირად მორიგებულიყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ უარი განაცხადეს. თავიდან გვითხრეს, საბუთები არ გვაქვს და არ ვიცით რა ხდებაო. ჩვენ შევპირდით დახმარებას, საბუთების მოწესრიგებას, როდესაც ქალბატონი ჩემთან მოვიდა, ვაჩვენე საბუთები,და ავუხსენი, რომ შენობა არის ამხანაგობა “მეკონსერვე2”-ის ბალანსზე. რაც იმას ნიშნავს, რომ კორპუსში მცხოვრებლები არიან შენობის მეპატრონეები. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ ამ საკითხში, მაგრამ ქალბატონი ლალი დაჟინებულად ითხოვს, ჩვენ მივცეთ მას რეგისტრაცია, ჩვენ ვერ მივცემთ, არანაირი იურიდიული ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია ამ ეტაპზე, რომ გადავუფორმოთ. ჩვენ ძალას ვერ დავატანთ მოქალაქეს, გინდა თუ არა მოაწერე ხელიო, მას უნდა, რომ ჩვენ ძალისმიერი მეთოდებით გამოვიყენოთ რაღაცა ბერკეტები, რომლის უფლება და კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ორ პიროვნებას შორის ურთიერთკონფლიქტი და აქ არანაირ შუაში არ არის ქალაქის მერია და საკრებულო. ჩვენ, უბრალოდ, შევპირდით, რომ კონფლიქტის მოგვარებაში დავეხმარებოდით, რა დოზითაც ჩვენ შეგვეძლებოდა“.
თაზო ფაცაციას თქმით, გარდაცვლილის შვილი მათ აშანტაჟებს, საქმის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ისინი ვერ აიძულებენ მოქალაქე ესართიას ხელი მოაწეროს, რადგან მათ კომპეტენციაში არ შედის, რაც მისი თქმით, არ ესმის გარდაცვლილის შვილს.“იმის გამო, რომ ქალბატონი ციალა მერიასთან იწვა, ქალაქის მერმა, ბატონმა ირაკლი გოგოხიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ საკუთარი სახსრებით გაურემონტეს საცხოვრბელი ბინა და ის შვიდი კვადრატი ფართობი. მე აბსოლუტიურად ვიხსნი პასუხუხისმგებლობას ამ ქალბატონი მიმართ. არაადეკვატურია, როცა ვესაუბრებით, წივის, კივის, არაფრის მოსმენა არ უნდა“. თაზო ფაცაციას აზრით, მხოლოდ სასამართლო თუ მოაგვარებს დაპირისპირებული მხარეების საქმეს.