- საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე.
“ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას.
საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.