- საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, იაპონელი მხატვრის და ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნა.
ნიკოსეულ სასახლეში გამართულ გამოფენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაო, კულტურის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ხელოვანი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა ფიროსმანის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ დიდი ქართველი მხატვარი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან და მისი შემოქმედებიდან. მსურველებს გამოფენის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში 2 ივლისამდე შეეძლებათ.
დღესვე, დადიანების სასახლეში ცნობილმა იაპონელმა ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.