- “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამია.
ბესიკ არახამია: -პროფესიით ისტორიკოსი და მეცნიერებათა დოქტორი ვარ. სხვადასხვა დროს, ვკითხულობდი ლექციებს. ვიყავი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი, შემდეგ განათლების განყოფილების უფროსი, მოგვიანებით გადავედი კერძო სექტორში და კომპანია “ჯეოსილქროუდის” აღმასრულებელი დირექტორი გახლდით, შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის მოადგილე.
-ბიბლიოთეკას ახალი პროექტები აქვს…
-ბიბლიოთეკა უკვე ყოველდღიურ აქტივობებში ჩაერთო და ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება გაალამაზა. ჩვენთან ჩამოყალიბდა წიგნისმოყვარული ახალგაზრდების წრე, სახელწოდებით B612, რომლის მთავარი მისიაც ჩვენს ქალაქში წიგნის კითხვის კულტურის დამკვიდრებაა. ახალგაზრდებთან ერთად, ვმუშაობთ, თუ როგორ გავალამაზოთ ქალაქი წიგნის მოყვარული ადამიანებით. ვგეგმავთ სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალებში ახალგაზრდული ცენტრების მოწყობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასოფლო ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი შეადგენს 126 255 წიგნს. იგეგმება ყოველკვირეული ბუკინისტური სივრცის მოწყობა ქალაქში. ვაპირებთ ლიტერატურული საღამოების, ფილმის ჩვენებების მოწყობას და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას. მკითხველისთვის წიგნის კითხვის ტურებში ჩართვას. პროექტის – “დარჩი ღამე ბიბლიოთეკაში” ფარგლებში, სასოფლო და საქალაქო ფილიალებში მოეწყობა სადღეღამისო წიგნის კითხვის ტურები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს, უნდა მოეწყოს ანაკლიაში “გემი ბიბლიოთეკა”, სადაც ყველა ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლესი ლიტერატურა. ვგეგმავთ, ახალგაზრდებთან ერთად, გავხადოთ ჩვენი ქალაქი წიგნის მოყვარულ ქალაქად. ერთი სიტყვით, თითქმის ყველა პროექტი საგანმანათლებლოა.
-ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება, რამდენად ხდება?
-ბიბლიოთეკის ქსელში 189 987 წიგნია. ყოველწლიურად ხდება ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდის უახლესი ლიტერატურით შევსება. წელსაც გათვალისწინებულია ახალი ლიტერატურის შეძენა. მკითხველისთვის ყველაზე მოთხოვნად წიგნებს ბიბლიოთეკა ყოველწლიურად იძენს.
-ბავშვთა განყოფილებაშიც სიახლეებია…
-ბავშვთა განყოფილებაში ახალგაზრდებმა-მკითხველთა კლუბი და მკითხველთა ლიგა შექმნეს და ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას.
-მკითხველს აინტერესებს ძველი წიგნების ჩამოწერის წესი როგორია?
-ჩვენთან ფუნქციონირებს წიგნადი ფონდის ფილიალებისათვის გადაცემის და უვარგისი წიგნების ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ადგენს უვარგისი წიგნების სიას, ეს შეიძლება იყოს ხმარებისგან გაცვეთილი წიგნები და უვარგისად სხვადასხვა მიზეზის გამო დაზიანებული წიგნები.
-ბატონო ბესიკ, რამდენად უსაფრთხოა 100 კაცის წანაკითხი წიგნი, რა პერიოდულობით ხდება მათი დეზინფექცია?
-პანდემიის პერიოდში, ყველა გაცემული წიგნი საფრთხის შემცვლელი იყო და ჩვენ მათ სპეციალურ კონტეინერებში ვათავსებდით 72 საათის განმავლობაში. ზოგადად, ეტაპობრივად ხდება წიგნების სპეციალური ხსნარით დამუშავება.
–ჟურნალ-გაზეთების შესყიდვის შესაძლებლობა თუ აქვს სამკითხველო დარბაზს?
-დიახ, ნებისმიერ მკითხველს შეუძლია გაეცნოს პრესას. “საქართველოს რესპუბლიკა”, ,,ლიტერატურული საქართველო”, “რეზონანსი”, ,,ლელო”, ,,ალია”, ,,კვირის პალიტრა”… ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ზუგდიდის ცენტრალურ და სასოფლო ბიბლიოთეკის ფილიალებში ნაწილდება.
-ბიბლიოთეკის სერვისით ყოველდღიურად რამდენი ადამიანი სარგებლობს?
-ბიბლიოთეკის სერვისით საშუალოდ, ყოველდღიურად, 80-მდე მკითხველი სარგებლობს. მიდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში მათი რიცხვი გაიზარდა, რაც სასიამოვნო ფაქტია.
-კოლექტივზეც გკითხავთ…
-იქ სადაც წიგნებია, ადამიანებიც დარბაისლები არიან. სასიამოვნოა იმ ადამიანებთან ყოფნა, სადაც წიგნზე და წიგნიერებაზე ყველაფერი იციან.
-არსებობს ფრაზა, რაც უფრო წიგიერია კაცი, უფრო საშიშია, უფრო ცბიერი…
-მხოლოდ უვიცები თვლიან ნაკითხ ადამიანს ცბიერად… წიგნიერი ადამიანი მავანთათვის ყოველთვის საშიშია.
-იუმორი გიყვართ?…
-არ ვარ მაინცდამაინც მწყრალად იუმორთან. ჩვენს ქალაქში იუმორს რა დალევს.
-წარმოგიდგენიათ ცხოვრება წიგნების გარეშე?
-დიდ ილიას დავესესხები “არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის”…
– თქვენი ჰობი…
-ჩემი ჰობი გულახდილი ადამიანების ძიებაა…
-მინდა გკითხოთ, ძველ ზუგდიდზე, იმაზე, რაც, ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ და არ იციან ჩვენს ქალაქზე.
-ჩვენი ქალაქი ახალგაზრდაა, მაგრამ იდუმალებით სავსე, ნებისმიერ ქალაქს შეშურდება მისი წარსული…
-ოჯახზე მოგვიყევით…
-მყავს სამი შვილი. მახარებს ის, რომ მათში წიგნისადმი სიყვარულს ვხედავ. მეც ვიბრძვი მათი სრულყოფილი განათლებისთვის…
-სამომავლო გეგმები……
-სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს და იმედია ერთობით განვახორციელებთ.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ