- ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო წელი 49-ში დაიწყო.
“ორ სკოლაში – აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის პირველ და სოფელ ჯუმის საჯარო სკოლებში სწავლა, შენობებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიდო. სარემონტო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება და ამ ორ სკოლებში სასწავლო პროცესი 26 სექტემბერს განახლდება. დანარჩენ 49 საჯარო სკოლაში სრულად დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი. რაც შეეხება პირველკლასელებს, საჯარო და კერძო სკოლაში 1401 ბავშვია ჩარიცხული”.
ინფორმაციისთვის: ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან “საქართველოს ისტორია” დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამასთან, პირველ კლასში მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება ჭადრაკი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.