ზუგდიდის საპატიო მოქალაქეების, საპატიო ზუგდიდელებისა და დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება და კონცერტი დადიანების სასახლეში


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, პარლამენტის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების პარალელურად დადიანების ეკატერინესეული სასახლის ფასადზე 3D ინსტალაცია მოეწყო.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა:

რობერტ აბსანძეს – მხატვარ-კერამიკოსს, მოქანდაკეს, ტრადიციული ხალხური რეწვის ასოციაციის წევრს, ზუგდიდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის-ხელოვნებისა და კულტურის კერა „ორკოლ სტუდიას“ შემქმნელს. ხელოვანს, რომლის შემოქმედება ეფუძნება ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას, კერამიკის ისტორიული ტრადიციების, ფორმების, ორნამენტებისა და ტექნოლოგიების შესწავლასა და პოპულარიზაციას. კოლხური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იური გუგუჩიას – ინჟინერ-მექანიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, სხვადასხვა წლებში ელექტროსადგურ „ენგურჰესის“ მშენებლობის უფროსის პირველ მოადგილეს, ელექტროსადგურ „ვარციხე ჰესის“ მშენებლობის ორგანიზატორს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ზუგდიდის გამგებლისა და სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, საპატრიარქოს ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ენერგეტიკის საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაწეული მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

თორნიკე (სოსო) კილასონიას – ტექნიკურ მუშაკს, კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთგული საქმიანობისთვის, ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამორჩეულ პიროვნებას.

ავთანდილ გახოკიძეს – საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძალოსნობაში, სხვადასხვა წლებში საქართველოს ეროვნული ძალოსნობის ნაკრებისა და საქართველოს ძალოსნობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის რვაგზის მფლობელს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ღირსების ორდენის მფლობელს, მრავლგზის ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელსა და მასწავლებელს, ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის.

იღუმენია დინარს – (ერობაში დარეჯან ქვარაიას) ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მრავალწლიანი თავდადებული სასულიერო მსახურებისთვის, კორცხელის დედათა მონასტერში გაწეული ნაყოფიერი სულიერი ღვაწლისთვის, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. დედა დინარი, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგული მსახურებისა და სულიერი ღვაწლისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი – ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

დავით ნარმანიას – მეცნიერს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს, პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს. ოთხმოცდაათზე მეტი სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორს და თანაავტორს. სხვადასხვა წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს. დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს.

ზურაბ გუგუჩიას – მეცნიერს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორს, ამავე უნივერსიტეტის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორს, შვეიცარიის უდიდესი სამეცნიერო ცენტრის პაულ შერერის ინსტიტუტის თანამშრომელს, 2026 წლის აპრილიდან შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ზეგამტარობისა და მაგნეტიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების ავტორს, სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდოს ორგზის მფლობელს, ბერკლის, პრინსტონისა და ტოკიოს უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობით გამორჩეულ მეცნიერს, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, წინანდლის საერთაშორისო პრემიის მფლობელსა და ღირსების ორდენის კავალერს, ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში, კვანტურ მასალებში ზეგამტარობასა და მაგნეტიზმს შორის ურთიერთკავშირის კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული მაღალი აღიარებისთვის.

გიორგი ყუფუნიას – პროფესიით სასოფლო – სამეურნეო დარგის წარმომადგენელს, ქველმოქმედებით გამორჩეულ პიროვნებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ინიციატორსა და ქტიტორს.

კობა შანავას – ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ტრანსპლანტოლოგს, საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელს, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს.

ავთანდილ დანელიას – ვეტერან ფეხბურთელს, გამორჩეულ ფეხბურთელთა არაერთი თაობის აღმზრდელს, სხვადასხვა წლებში „დინამო ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ „ლაზიკას“ მწვრთნელს, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეს, მრავალწლიანი სპორტული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ზუგდიდის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და სპორტული ტრადიციების განმტკიცებისთვის.

დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა:

მერი ჭანტურიას – ექიმ-თერაპევტს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ადამიანს, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტია ემსახურება მედიცინას და დღემდე მუშაობს ოჯახის ექიმად კორცხელის საექიმო ამბულატორიაში;

დოდო გეთიას – პედაგოგს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მფლობელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობისთვის, უცხო ენების სწავლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მზია მატკავას – პედაგოგს, სამუსიკო ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თავისი საქმის პროფესიონალს, მუსიკის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, რომელმაც მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობით ცოდნა, გამოცდილება და მუსიკისადმი სიყვარული არაერთ თაობას გაუზიარა. ქალაქის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

გოგი ანჩაბაძეს – ისტორიკოსს, პედაგოგს, სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის, პედაგოგთა საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტისა და პროფესიული საქმიანობის მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი ერთგულებითა და პედაგოგიური ღირსებით წარმართვისთვის. მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, ასევე ორგანიზატორული და მენეჯერული საქმიანობისთვის.

ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო-ნიკოლოზ ნიკვაშვილის დირიჟორობით და ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია”. ღონისძიების წამყვანი გიორგი კალანდია იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + 15 =

Akismet ანტისპამი