- Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგად, საქართველოს მონაწილეობით 6 თანამშრომლობის პროექტი დაფინანსდა, რომელშიც საქართველოს 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (11 საჯარო და 6 კერძო), 3 სახელმწიფო ორგანიზაცია და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებიან ჩართული.
დაფინანსებულ პროექტებში მონაწილე ქართული უნივერსიტეტები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბათუმის ფილიალი), გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), ბაუ ინტერნეიშენალ, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
რაც შეეხება სახელმწიფო ორგანიზაციებს, მაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და მარიანი.
აღსანიშნავია, რომ პროექტების ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლები პოლონეთის, უკრაინის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ბოსნიის, ფილიპინების, გერმანიის, ირლანდიის, მოლდოვის, ბელარუსიის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ბულგარეთის, ლიტვის, ისრაელის, პორტუგალიის, ესპანეთისა და რუმინეთის, სულ 20 ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ.
დაფინანსებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 5,204,212.00 ევროს შეადგენს და განხორციელება 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის იანვარში დაიწყება.
მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსებული პროექტებიდან 3 პროექტის კოორდინატორი საქართველოს წარმომადგენელია: თსუ, აწსუ, ბაუ ინტერნეშენალ. ოთხმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ: ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სეუ და ბაუ ინთერნეშენალ) Erasmus+ საგრანტო დაფინანსება პირველად მოიპოვა. რეგიონალური დაფარვის კუთხით, გამარჯვებულ ორგანიზაციებს შორის არიან თბილისის, თელავის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდში მდებარე უმაღლესი სასწავლებლები.
თანამშრომლობის პროექტებიდან ორი ეროვნული პროექტია -1 რეგიონალური და 3 მრავალ-რეგიონალური პროექტი. დაფინანსებულ პროექტებში აქცენტი კეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური ინკლუზიის მიმართულებით ინოვაციური კურიკულუმის შემუშავება, მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის კონტექსტში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა, რეგიონალურ განვითარებაში უნივერსიტეტების როლი, მეცნიერების მიმართულებით მასწავლებლების მომზადება, კოლეგიალური შეფასების მიზნებისა და ინსტრუმენტების შექმნა სამედიცინო განათლების განვითარების მიზნით და სწავლის ოპტიმიზაცია და აკადემიური ჩართულობა დისტანციური სწავლა-სწავლების გზით.
Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების სქემის ქვეშ დაფინანსებული თანამშრომლობის პროექტების მიზანია, მხარი დაუჭიროს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციის, ხელმისაწვდომობის, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.