ზუგდიდელობა, რომელსაც ვერ თმობ და თორნიკე ჯოჯუას ,,მაგისტრი’’


მორიგი რესპონდენტი რუბრიკისთვის სპეციალურად არ მიძებნია, თბილისურმა ,,ყოფამ’’ თავად მიმანიშნა… დაცვის სამსახური ,,მაგისტრის’’ მანქანის სახით, რომელიც ჟურნალისტთა კავშირის ყრილობის დღეს შევნიშნე… სამსახურის ხელმძღვენელი ზუგდიდელიაო, მითხრეს… აღმოჩნდა, კონკრეტულად ახალსოფლელი ყოფილა და თანაც, ჩვენს რედაქციას ,,სიძედ ეკუთვნოდა. რუბრიკის სტუმარი, ბატონი თორნიკე ჯოჯუა, სტუდენტობის წლებიდან, თბილისში ცხოვრობს. საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების მერე, წლები, სახელმწიფო უშიშროების სისტემაში მუშაობდა, შემდეგ კი, კერძო დაცვის სამსახური შექმნა თანამოაზრეებთან ერთად. ინტერნეტში, მასზე, მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, დღეისთვის, დაცვის სამსახური “მაგისტრი” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად და სანდოდ ითვლება, სოლიდური პარტნიორები და ძალიან ბევრი არანაკლებ სოლიდური კლიენტი ყავს, როგორც ორგანიზაციები, კომპანიები, ასევე კერძო პირები. ,,მაგისტრის’’ ვებგვერდზე www.magistri.ge ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სამსახურის სერვისების შესახებ, ბევრ სასარგებლო რეკომენდაციას, რჩევას და სიახლეს იხილავთ. ერთი საგულისხმო შეთანხმებაც არის: „თუ, თქვენ გაქვთ საინტერესო და ორგინალური იდეა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, გვაცნობეთ და ჩვენ მას აუცილებლად დავნერგავთ. ნუ დაკარგავთ დროს, მოგვაწოდეთ თქვენი იდეა და მიიღეთ სპეციალური პრიზი-ერთ წლიანი უფასო მომსახურება”…

– ბატონო თორნიკე, თქვენს დაცვის სამსახურს, ,,მაგისტრს’’, ,,დარგის ლიდერის’’, თქვენ კი ,,წლის ხელმძღვანელი 2016’’-ის წოდება მოგენიჭათ. რა იყო ამ წარმატებამდე განვლილი გზა?
– ეს საქმიანობა დავიწყე მეგობრებთან ერთად, 2004 წელს, 45 წლის ასაკში. იმ პერიოდში, ზოგადად, ეს სფერო ჩამოყალიბების პროცესში იყო და უფრო კონიუნქტურულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, როგორც მეწარმეობის დამოუკიდებელი, ცალკე სახეობა. ამ გზაზე, ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო შეცდომები, წარუმატებლობაც. 2016 წელს კი, მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა ჩვენი სამსახურის ისტორიაში. სწორედ ამ წელს მოგვენიჭა ეროვნული სერტიფიკატები “დარგის ლიდერი,” “წლის ხელმძღვანელი-2016” და ჩვენი მონაცემები შეტანილ იქნა საერთაშორისო კატალოგში.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიმინალური ტექნოლოგიური არსენალი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. მათთან დაპირისპირება კი, შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექნოლოგიური დაცვითი სისტემებით, ჩვენ ვცდილობთ, განვითარდეთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტები და სერვისები, ვთავაზობთ მომსახურების მაღალ სტანდარტებს და მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა უპილოტო მფრინავი აპარატებით და ინტელექტუალური ვიდეომოდულებით.
,,მაგისტრი’’- ეს სახელწოდება გარკვეული მინიშნებაა თქვენი კადრების პროფესიონალიზმის? რა კრიტერიუმით არჩევთ თანამშრომლებს?
– 18 წელს მიღწეული, სპორტული აღნაგობის მქონე პირები, საშუალო, ან უმაღლესი განათლებით. სასურველია, ძალოვან სამსახურებში გამოცდილების და სპეციალური მომზადების მქონე პირები.
კადრების საკითხი ცალკე თემაა, დღეს ზოგადად გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, ერთის მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონე და მეორეს მხრივ, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ანალოგიური სიტუაციაა ჩვენს სფეროშიც, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, თვითონ მოვამზადოთ მცველები და ინჟინერ-ტექნიკური კადრები დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციებისთვის, ვიდეომეთვალყურეობის თუ დაშვების სისტემებისთვის, პირადი დაცვისთვის, სტაციონარული და მობილური ობიექტების დაცვისთვის.
ტექნოლოგიური პროგრესი, საზოგადოების გლობალური ინფორმატიზაცია, ინტერნეტის და GPS-ის განვითარება ითხოვს კადრების პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებასაც. რისთვისაც გვაქვს მჭიდრო კონტაქტები ქართველ მეცნიერებთან და გამომგონებლებთან, უცხოელ სპეციალისტებთან. ახლახან, გვყავდა მოწვეული უცხოელი სპეციალისტი, დაცვის ელექტრონული სისტემების პროგრამულ ნაწილში, რომელმაც ტრენინგები ჩაატარა ტექნიკური სამსახურისთვის და უშუალოდ მოამზადა ახალი ტიპის მონიტორინგის პულტი.
მცველების ფიზიკურ მომზადებაში გვეხმარება საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია ბატონ ავთანდილ მიქაძის ხელმძღვანელობით. ჩვენი თანამშრომლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო დონის სპორტული ასპარეზობის გამარჯვებულები, მათ შორის კობა კალაიჯიშვილი არის ევროპის ჩემპიონი კიკ ბოქსინგში, მთავარი მწვრთნელია ტიტულოვანი სპორტსმენი გიორგი ობოლაძე. რაც შეეხება სახელწოდებას, ადრე შექმნილი ადვოკატურიდან ,,გამოგვყვა“, ჩავთვალეთ, რომ ჩვენს მიდგომას ამართლებდა.
– თქვენი ძირითადი სერვისები, ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი, თანამედროვე…
– თავდაპირველ ეტაპზე, მეტი მოთხოვნილება იყო ობიექტების დაცვაზე ცოცხალი ძალით. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, გაიზარდა მოთხოვნილება დაცვის ელექტრონულ სისტემებზე, სამუშაო დროის აღრიცხვის მრავალფუნქციურ სისტემებზე, დისტანციურ ვიდეომეთვალყურეობაზე, სხვადასხვა ინტელექტუალურ მოდულებზე, რომლებიც მართავენ ტექნოლოგიურ პროცესებს, ასრულებენ დაცვით ფუნქციებს. ასევე პოპულარულია ჯპს სისტემები ბავშვებისათვის, ტურისტებისათვის, მონადირეებისათვის და სხვა. ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია ელექტრონული დაცვითი სიგნალიზაცია და საგანგაშო ღილაკები. ამ სისტემების ერთობლიობა ქმნის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს გარანტიას. ასევე მნიშვნელოვანია სახანძრო და მხუთავი გაზის დეტექტორები.
ამგვარად, თანამედროვე დაცვის სამსახური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში, თანამედროვე კერძო დაცვითი კომპანიების გარეშე წარმოუდგენელიც კი გახდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უცხოური კაპიტალის ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკაში.
– რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული და რა არის მათი ხელფასი?
– 300-მდე თანამშრომელი გვყავს, მათი ანაზღაურება სხვადასხვაა, მომზადების დონის, კვალიფიკაციის, განრიგის გათვალისწინებით… არც მაღალია და არც დაბალი, რაც, ძირითადად, მომსახურების მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისები?
– იმის გათვალისწინებით, თუ რა დევს სასწორზე და რამდენად ძვირფასია ახლობელი ადამიანის სიცოცხლე და საკუთრების ხელშეუხებლობა, ხელმისაწვდომობაზე მეტად მნიშვნელოვანი ხდება მისი აუცილებლობა. ტარიფები მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და ხელმისაწვდომია ეკონომ და ბიზნეს პაკეტების მსურვილებისთვის.
– როგორ არის შეიარაღებული თქვენი დაცვა?
– წესდების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, პნევმატური, გაზის პისტოლეტები, ელექტროშოკი…

–  რამდენად ხშირად იყენებთ მათ და რამე შეზღუდვები თუ არის?

– თითქმის არ დაგვჭირვებია სერიოზულად… აკრძალულია მათი გამოყენება ორსული ქალებისა და ხანდაზმული ადამიანების წინააღმდეგ.
– თქვენი სამსახურის ლოკალური სტატისტიკის მიხედვით, რამდენად შეცვლილია კრიმინოგენური სიტუაცია?

– ბოლო წლებთან შედარებით რამე სერიოზული ცვლილებები არ არის.
– მთავარი რჩევები სახლის, ბინის, ობიექტის, პირადი უსაფრთხოებისთვის… თქვენი ,,მინიმალური პაკეტი’’…
– უმთავრესი არის მომხმარებელმა სწორად განსაზღვროს, რა სახის დაცვა ესაჭიროება – ელექტრონული, ცოცხალი ძალით, ან კომბინირებული დაცვა -და ასევე სწორად შეარჩიოს დაცვის სამსახური. არ გააკეთოს არჩევანი მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით, ვინაიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დაცვითი სისტემების ბაზარზე საკმაოდ თვალშისაცემად დგას, არის დემპინგი, ანუ მომსახურების ღირებულებაზე ხელოვნურად ფასების დაწევა.
კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ შეუსაბამოდ დაბალ ფასებს დაცვით მომსახურებაზე, იძულებული ხდებიან დაცვითი ღონისძიებები განახორციელონ დაბალი კვალიფიკაციის და ანაზღაურების მქონე პერსონალით, რა თქმა უნდა, ყოველგვარი სპეციალური მომზადების, სეზონური ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვის, კონტროლის მექანიზმების და სოციალური გარანტიების გარეშე. როგორც წესი, მსგავსი კომპანიები არათუ სრულად, არამედ საერთოდ ვერ აკმაყოფილებენ დამკვეთის მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ფასები საკმაოდ მაცდურად ჟღერს დამკვეთისთვის, აუცილებელია გავაანალიზოთ მედლის მეორე მხარეც. ადრე თუ გვიან, ყოველთვის, დგება კრიტიკული ზღვარი, როდესაც შეუძლებელი ხდება მომსახურების გაწევა არათუ კვალიფიციურად, არამედ, ზოგადად, კეთილსინდისიერადაც კი. ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი დაცვის ნაცვლად იღებს „დაცვის იმიტაციას“ და ხვდება, რომ იაფფასიანი დაცვა – ეს არის უაზროდ გადაყრილი თანხები და არა უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია.
,,მინიმალურ პაკეტს’’ რაც შეეხება… ჩვენ დავნერგეთ “სასტარტო პაკეტი” განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, რაც გულისხმობს დაცვის და სახანძრო სიგნალიზაციის საინფორმაციო სერვისს. დამკვეთი სმს შეტყობინების გარდა იღებს სატელეფონო ინფორმაციას მონიტორინგის სამსახურის მიერ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ.
ზემოთ აღნიშნულ პაკეტს განეკუთვნება მოკლევადიანი სიგნალიზაციები, რაც გულისხმობს შვებულების, მივლინების, ან სხვა შემთხვევებში, დაცვით მომსახურებას კლიენტისთვის სასურველი სერვისების ერთობლიობით.
– ყველაზე საინტერესო, საგულისხმო, სასაცილო შემთხვევები თქვენი პრაქტიკიდან.
– იყო სხვადასხვა კურიოზული სიტუაცია… ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც არ იყო დაცვაზე აყვანილი, შეიპარა ქურდი და ცნობისმოყვარეობის გამო დააჭირა ხელი სალაროს დაცვის ღილაკს და “გამოიძახა” რა “ოპერატიული ჯგუფი” , შედეგად “იხსნა” ობიექტი ქურდობისგან. ასევე, მახსენდება კურიოზული შემთხვევა, როდესაც ახალბედა ტექნიკოსმა ერთ-ერთ ობიექტზე, საიდანაც მოდიოდა ცრუ განგაშები, ჩახსნა სიგნალიზაციის ყველა დეტექტორი, რითაც პრაქტიკულად სრულად “გამორიცხა” არა მხოლოდ ცრუ განგაშები, არამედ, თეორიულადაც კი, ყოველგვარი განგაშის შანსი.
,,მაგისტრის’’ შექმნამდე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში იყავით… რა გამოცდილება იყო ეს, რა გამოწვევები…
– სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდი ჩემთვის იყოს უდიდესი ცხოვრებისეული სკოლა, კვალიფიკაცია და, პირველ რიგში, კანონმორჩილება. საინტერესო და უაღრესად ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა, იმის შეგრძნება, რომ მხოლოდ ენთუზიაზმზე დაყრდნობითაც კი შეიძლება აკეთო ქვეყნისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმე, იამაყო განვლილი გზით და ამავე დროს, დაგრჩეს იმის შეგრძნება და სინანული, რომ სრულად ვერ განახორციელე ის, რაც აუცილებელი იყო.
– რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ უშიშროების სამსახურში და ახლა თუ რამეა განსხვავებული ამ მხრივ?
– მაშინ ნაკლებად ვიცოდი, თუ რატომ მოვხდი იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც არჩევდნენ უშიშროების სამინისტროსთვის… ახლა ვიცი, როგორ ხდება… მანამდე მთელი წელიც აკვირდებიან, ხოლმე, ადამიანს, მის ურთიერთობებს, ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს… შემდეგ აბარებდი გამოცდებს, უნდა გაგევლო სპეციალური ტესტები, ახლანდელი უნარ-ჩვევების მსგავსი… ახლაც პიროვნება ყოველმხრივ უნდა შეისწავლო, გაიგო მისი ლოგიკური აზროვნების უნარი…
– უდიდესი ცხოვრებისეული სკოლააო თქვით, მაინც რა არის ეს…
– ადამიანის შეცნობის უნარი, მისი ხასიათის, შესაძლებლობების, გულწრფელობის… სიარულის მანერა, ჟესტების ენა… არც არაფერი განსაკუთრებული… უბრალოდ, უფრო სისტემურად აკვირდები ყველაფერს…
– თანამედროვე სიცრუის დეტექტორი რამდენად ზუსტ ,,დიაგნოზს“ სვამს?
– უფრო დახვეწილია, ცხადია, უმნიშვნელო ცვლილებას აფიქსირებს… მაგრამ ადამიანიც ,,იხვეწება“, ზოგ პროფესიონალს ისე შეუძლია მართოს, აკონტროლოს თავისი ემოციები ,,ფიზიოლოგიის“ დონეზე, რომ დეტექტორი ტყუვდება…
– მოსმენების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ არსებულ ხმაურიან განხილვებზე რა აზრისა ხართ?
– თავად ეს სამსახური და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მეთოდი, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად რეგლამენტირებული იქნება ის. ადრე ფარულ მოსმენებზე უწყებრივი კონტროლი ძალიან მკაცრი იყო, დანაშაულის სერიოზული მტკიცებულებები უნდა ჰქონოდა და მოსმენა მხოლოდ რაღაც დამატებით ინფორმაციად ითვლებოდა. ახლა რომ ვაკვირდები, ფარული მოსმენა ხშირად თითქოს, ძირითად მტკიცებულებად აღიქმება. ამ შემთხვევაში, იზრდება საშიშროება არამართლზომიერად გამოიყენონ ეს უფლება. ამიტომ, საჭიროა, აქ მკაცრი რეგულაციები.
– ,,პრაგმატული“ კითხვა: როგორ შეიძლება მიხვდე, ისმინება თუ არა შენი ტელეფონი? ინტერნეტში არის ამაზე რჩევები: ტელეფონი რომ ,,ურევს“, მალე ჯდება…
-არა, ეს ძალიან რთულია ამოიცნო, თორემ როგორაა, ქვეყნების მეთაურების მოსმენასაც რომ ახერხებენ… ასე რომ, ამაზე დიდად არ უნდა შეიწუხო თავი… სხვა მხრივ შეხედეთ-  ცუდია, როცა არ გისმენენ…
-ანუ არავის აინტერესებ და არაფრად გაგდებენ… ხო, ამით შეიძლება დაიმშვიდო თავი… თუ რაღაც დანაშაულის მტკიცებულებად არ ჩაგითვლიან უწყინარ საუბარს…
-უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, ტექნიკური პროგრესი წუთითაც არ ჩერდება, მათ შორის ინფორმაციის როგორც მოპოვების, ასევე დაცვის დარგში, მონადირის და ნადირის მუდმივი დაპირისპირების მსგავსად…

–  და იგივე კრიმინალის და დაცვის… თქვენი დაცვის სისტემების განეიტრალება თუ მოუხერხებიათ?
– აქ ყველაზე მთავარი სწორედ კვალიფიკაციის დონეა… კუსტარულად დამონტაჟებული ,,იაფი“ სისტემის გადალახვა არც ისე რთული იქნება… ამიტომ ვცდილობთ, მუდმივად ვიზრუნოთ ტექნიკის განახლებაზე და კადრების მომზადებაზე… ცხადია, შესაძლებელია, სიგნალიზაცია დაბლოკონ და გამოირთოს, მაგრამ ამას სხვა მოწყობილობა აფიქსირებს და გაცნობებს და პროფესიონალი შესაბამის ზომებს იღებს… აქაც მუდმივი პაექრობაა და არ უნდა გაჩერდე.
– თანამედროვე დაცვა ტექნიკურად სულ უფრო აღჭურვილი ხდება, თქვენი ინჟინრული განათლება, ალბათ, ხელს გიწყობთ საქმიანობაში.
– სხვათა შორის, როდესაც ვაყალიბებდით სამსახურს, თავად შევისწავლე ყველა საჭირო მოწყობილობა, ახლაც ვცდილობ არ ჩამოვრჩეთ…
– კერძო დეტექტიურ სამსახურზე არ გიფიქრიათ?
-ჩვენთან, საერთოდ, ის ოფიციალურად არც აკრძალულია, არც დაშვებული… კანონმდებლობა მხოლოდ კერძო დაცვის სამსახურზე არსებობს.
– თქვენი ცხოვრების ზუგდიდური ეტაპი-  რა და ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად…
-ჩემი ზუგდიდი და ჩემი საყვარელი ახალსოფელი… ეს არის საუკეთესო ეტაპის, ჩემი ბავშვობის მეგობრების, მშობლების, ჩემი ახლობელი ადამიანების გვერდით ყოფნის ეტაპი, რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ზუგდიდი, ჩემი ზუგდიდელები და ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ჩემი ლამაზი და სტუმართმოყვარე ხალხი, ქალაქი. მამაჩემი, ბოჩია ჯოჯუა, ბუღალტერი იყო პროფესიით, ახალსოფელში მუშაობდა, დედაჩემი შურა ჯოჯუა, სასამართლოში მუშაობდა… ახლა მამისეულ სახლში ჩემი ძმის ოჯახში ცხოვრობს…
საოცრად კარგად მახსენდებიან ჩემი მასწავლებლები, ასე მგონია, რომ ყველაზე კარგი პედაგოგები ჩემს სკოლაში იყვნენ (ასეთი შეგრძნება, ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს აქვს). გრიშა, ციცი, მარგო, ნოდარი, თინა, ლუბა, ციალა მასწავლებლები…
– ჩვენი რედაქციის ,,სიძე“ ბრძანდებით…
– ბატონი აკაკი ჭანტურია ჩემთვის იყო არა მარტო ჩემი მეუღლის მამა, არამედ უფროსი მეგობარი. უაღრესად კეთილი და თბილი ადამიანი, დინჯი და საოცრად დიდი იუმორის მქონე. ის უზომოდ იყო შეყვარებული თავის პროფესიაზე და ქართულ კულტურაზე, მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვისაც ახსოვთ ბატონი აკაკი და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.
– თქვენი მეუღლე სად გაიცანით? პროფესიული ,,ტესტირება“ ხომ არ ჩაუტარეთ?
– არა, ნამდვილად კონკრეტული ნიუანსები არ გამიანალიზებია, აქ ურთიერთობის მთლიანი შეგრძნება არის, და თუ ჩნდება კითხვა: კი თუ არა, მაშინ უარი უნდა თქვა… ორივე თბილისში ვმუშაობდით, როდესაც დავუახლოვდით ერთმანეთს… ქეთინოს ქიმიური ჰქონდა დამთავრებული, სანამ შვილი გვეყოლებოდა და მერეც, გარკვეული ხანი, მუშაობდა, მერე კი, ოჯახს მიუძღვნა თავი…
– ოჯახური ,,ბედნიერების დაცვის’’ თქვენეული ხედვა თუ გაქვთ…
– სიყვარულზე, ნდობაზე, მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა, როდესაც გვერდში გყავს მეუღლე, რომელიც არის შენი საუკეთესო მეგობარი, ვისი იმედიც გაქვს, ვისაც ყველაზე მეტად ესმის შენი.
– მთავარი მამა-შვილის ურთიერთობაში….
– ხელი შეუწყო მისი ნიჭის და უნარის გამოვლენას და განვითარებას. მაქსიმალური თავისუფლების მინიჭება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა… სამწუხაროა, რომ ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე, ქვეყნის ახალგაზრდობის, ინტელექტუალური პოტენციალის საზღვარგარეთ გადინება ხდება და მათი დაბრუნების შანსი ნაკლებია, კვალიფიციური სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო…
თქვენს შვილზე მოგვიყევით…
–  ირაკლი 28 წლისაა, დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის საფინანსო ფაკულტეტი. გადაწყვიტა თავისი ბიზნესი ქონოდა იმ სფეროში, რომელიც მოსწონს და შემოქმედებითად აინტერესებს… აუდიო და ვიზუალური ეფექტების სფეროა… ყავს მეუღლე, ინგა გუჩაშვილი, მარკეტინგის და პიარის მენეჯერია…
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– თავისუფალს რისგან? ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და როგორ შეიძლება დაისვენო იმისგან, რაც გიყვარს, გაინტერესებს… ისე, ,,თავისუფალ დროს” უპილოტო საფრენი აპარატი ავითვისე… სხვათაშორის, ჩვენ პირველებმა, გამოვიყენეთ ის ჩვენს საქმიანობაში სამი წლის წინ, ობიექტების დათვალიერების, მცველების მუშაობის მონიტორინგისთვის… მხოლოდ ახლა დაიწყო საუბარი მათი გამოყენების ოფიციალური რეგულაციების დაწესების შესახებ… და კიდევ, თავისუფალ დროსთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ზუგდიდში გასეირნება…
– რისი თქმის სურვილი გაქვთ ზუგდიდელებისთვის?
– სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ მშობლიური კუთხის მონახულებას, ამიტომ ყოველთვის მაქვს ნოსტალგია. სამომავლოდ, ვგეგმავ ზუგდიდში ჩვენი სამსახურის დანაყოფის შექმნას და ერთობლივი საქმიანობის დაწყებას.
– სხვა ,,თბილისელ ზუგდიდელებთან’’ თუ გაქვთ კავშირი? ჩვენი რუბრიკის შემდგომ რესპონდენტად ვის გვირჩევდით?
– ვაფასებ თქვენი იუმორის გრძნობას “თბილისელ ზუგდიდელებთან” დაკავშირებით და მინდა ყველა თბილისელს, რომელი კუთხის შვილიც არ უნდა იყოს, სრულიად საქართველოს ყველა ოჯახს, ვუსურვო მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო. რაც შეეხება რუბრიკის მომავალ რესპონდენტს, მე გთავაზობთ მანანა და მაყვალა როგავების გაცნობას.
და ბოლოს, რადგან ,,იუმორად’’ ჩამითვალეთ წინა კითხვა: თავს ზუგდიდელად თვლით თუ თბილისელად?
-ზუგდიდელად. ასეა, ზუგდიდელობა ისეთი რამ არის, რასაც ადვილად ვერ თმობენ.
მარინა ქარდავა

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!