ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭო იქნება შუამავალი მერსა და საზოგადოებას შორის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია, საბჭოს მდივნად რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარი“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია.  “ზუგდიდელებთან” საუბრობს საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო რეგულირდება კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. საბჭოს აქვს თავისი პრინციპები: კანონიერება, თანასწორობა, საჯაროობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალობა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამვჭირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარდგენა მერის წინაშე და მათი ინტერესების დაცვა.

-მრჩეველთა საბჭო 15 წევრისგან შესდგება, რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა?

– საბჭო იქმნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით, აქედან გამომდინარე, მერი უფლებამოსილია, თავად დააკომპლექტოს და დაამტკიცოს საბჭოს შემადგენლობა. საბჭო შესდგება 15 წევრისგან და მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. საბჭოს წევრები არიან: ხათუნა ბეჭვაია -არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი, ნინო  ბულია,-მეორე საჯარო სკოლის დირექტორი,  იროსლავ გვილია,-დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი, მამუკა დაგარგულია,- ცაიშის საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ თოდუა,-„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ეკა მინჯორაია,- ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, მურმან ნაჭყებია,-საზოგადოება “ზუგდიდელის“ პირველი მოადგილე, ვაჟა ფიფია,- საზოგადოება „ზუგდიდელის” წევრი, გიორგი შელია,- შპს „ნოვაცია-2009“ დამფუძნებელი, გიორგი შენგელია,- „თიბისი” ბანკის ზუგდიდის #1  ფილიალის  მმართველი, მაია ჩემია,- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ სამეგრელოს რეგიონალური კოორდინატორი, ნანა ხუფაცარია,- მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი,  თეონა  ხუფენია,- შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და კახა ჯიქია- ამომრჩეველი.

-მრჩეველთა საბჭოს უკვე ჰქონდა პირველი ხსდომა…

-დიახ, საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 27 ნოემბერს.  პირველ სხდომაზე, ერთხმად, მოხდა ჩემი კანდიდატურის დასახელება, საბჭოს მდივნად დასახელდა „თანაზიარის“ თავმჯდომარე ქალბატონი ხათუნა ბეჭვაია. საბჭოს ჰქონდა რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხდება ქალაქის ბიუჯეტის განხილვა, ვინაიდან, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ გამოიწვია ვადებში შემჭიდროვება. პირველ სხდომაზე, სანამ მერია წარუდგენდა საკრებულოს კონკრეტულ დოკუმენტს, ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტი და გვქონდა რამდენიმე ტიპის შენიშვნა. შენიშვნები, ძირითადად, ეხებოდა წინასაარჩევნო დაპირებებს, რომელიც ჰქონდა ბატონ ლაშას. საბჭო ითხოვდა რამდენიმე მუხლიდან თანხების გადატანას სხვა მუხლში, კერძოდ, ახალგაზრდების დაფინანსების პროგრამას, სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების ხელფასის მომატებას,  ტრანსპორტის შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსებას მასწავლებლებისათვის. ბოლოს, როცა გადავხედე ბიუჯეტის პროექტს, ჩვენი წინადადებები, უმეტეს შემთხვევაში, გათვალისწინებულია, რითაც ძალიან კმაყოფილებულები ვართ. ბატონმა მერმა გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები და სწორედ ამ შენიშვნებით გააგზავნა პროექტი საკრებულოში.

-საბჭოს სხდომები რა პერიოდულობით გაიმართება?

-ჩვენ დებულება გვავალდებულებს,  სამ თვეში ერთხელ შევიკრიბოთ, მაგრამ საბჭოს წევრებს საზოგადოება გვიცნობს და იციან, რომ ძალიან აქტიური მოქალაქეები ვართ, აქედან გამომდინარე, არამგონია, სხდომის მხოლოდ სამ თვეში ერთხელ მოწვევით შემოვიფარგლოთ და დავკამყოფილდეთ. ძალიან ხშირი შეხვედრები გვექნება. ვფიქრობ, მომავალ კვირას შევიკრიბოთ, რათა, ვნახოთ ბიუჯეტის საბოლოო სახე. ძალიან მინდა, შეხვედრას ყველა წევრი ესწრებოდეს. მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, არ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ნომინალურად გვერქვას სახელი. მინდა, მოსახლეობას მივმართო, საქმიდან გამომდინარე,  ხშირად მიწევს სოფლებში ყოფნა, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მომმართოს, რომ მე გავხდე შუამავალი მერიასა და მოსახლეობას შორის, ეს ერთ-ერთი ფუნქციაა ჩვენი, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის ხალხის ხმა მივაწოდოთ ბატონ მერს და მერის სხვადასხვა სტრუქტურას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც ექნება დაინტერესება. მინდა, გითრათ, რომ მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრდა ეს კულტურა. მე რამდენიმე ადამიანმა უკვე მომმართა შუამდგომლობისთვის, მოვახერხე შესაბამის  სამსახურებთან ამ ადამიანების დაკავშირება.

-თუ იცნობდით ყოფილი მერის მრჩეველთა საბჭოს  საქმიანობას?

-წინა მოწვევის ქალაქის საკრებულოს წევრი გახლდით. მერიაში მუშაობდა მრჩეველთა საბჭო, რომელიც ინტენსიურად იკრიბებოდა. საბჭოში, ზუგდიდისათვის მისაღები ადამიანები იყვნენ. როგორც საკრებულოს წევრს ხშირად მიწევდა მათთან ურთიერთობა საფინანსო  საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ  საბჭოს წევრები, ძალიან ხშირად, ინტერესდებოდნენ სხვადასხვა საკითხით, შენიშვნები ჰქონდათ, წინადადებებს გვთავაზობდნენ, რომელსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით. იმედი მაქვს, საბჭოს თანამშრომლობა აუცილებლად შედგება ბატონ მერთან. ლაშა გოგიას პიროვნულად ვიცნობ, ის ძალიან ღია ადამიანია, ურთიერთობა,  კომუნიკაცია ადამიანებთან არ უჭირს, აქედან  გამომდინარე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენც არ გაგვიჭირდება მივაწოდოთ მას  საზოგადოების ხმა და სათქმელი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!