- ზუგდიდელი ვიტალი გოგოხია, რომელიც საქართველოდან შორს, ინგლისში ცხოვრობს, გამორჩეული პიროვნებაა. ბუნებამ იგი საუკეთესო თვისებებით დააჯილდოვა. ღირსეული მშობლების შვილმა, ოჯახში მიღებული აღზრდის წყალობით, ბავშვობიდანვე შეიყვარა ადამიანები, ამას დაემატა დიდი შრომისმოყვარეობა, განათლების მიღება და მაღალი პროფესიონალიზმი.
ცხოვრების მთავარ მიზნად ბატონმა ვიტალიმ სიკეთის სამსახურში დგომა დაისახა, რასაც მთელი საზოგადოება ხედავს და აფასებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრებნი, ღრმა პატივისცემას გამოხატავენ ამ დიდი პიროვნების მიმართ.
ბატონი ვიტალი გოგოხიას სახით, სოფელ დარჩელს, ნამდვილად, ჰყავს სასიქადულო ქველმოქმედი, რომლის გვერდში დგომამ ცხოვრების სტიმული მისცა და პრობლემების მოგვარება შეაძლებინა ამ სოფლის მცხოვრებლებს. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. სწორედ, მისი სულიერი და მატერიალური მხარდაჭერით, ბევრმა დარჩელელმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია გაიკეთა. რამდენს მოუმართა ხელი ახალი ცხოვრების დაწყებაში. განსაკუთრებით ზრუნავს სკოლაზე, მის კეთილმოწყობაზე. სოფელს აუშენა სასურსათო მაღაზია, ქარხანა, სადაც დასაქმების მეტი პერსპექტივა მისცა მოსახლეობას. სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს მისი იმედი ყოველთვის აქვთ. ბევრჯერ დაუმშვენებია ბატონი ვიტალის მიერ გამოგზავნილ საჩუქრებს დარჩელელების საახალწლო სუფრა. ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ის არის ადამიანი, რომელსაც ასაკი ვერ ერევა და მუდამ მზად არის აკეთოს კეთილი საქმე უანგაროდ, ჩუმად, ხმაურის გარეშე. დარჩელელი ახალგაზრდებისათვის, ბატონი ვიტალი გოგოხია, არის მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ იცხოვრო ჭეშმარიტი ცხოვრებით, გიყვარდეს ადამიანები, გწამდეს, რომ სიკეთე არასდროს იკარგება. ემსახურო ქვეყანას, რაც არის ყველაზე წმინდა საქმე, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს. ბატონი ვიტალი ცხოვრობს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში,- ლონდონი მისი მეორე მშობლიური ქალაქი გახდა.
-ყველა ბავშვობიდან მოვდივართ…
– განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა. მამაჩემი, გრამიტონ გოგოხია ექიმი-ქირურგი იყო, მეც მინდოდა მესწავლა ეს პროფესია, სულ დავყვებოდი მამაჩემს ოპერაციებზე,-ჩიყვის, გლანდების, ბრმანაწლავის. ჰოდა, ერთი შემთხვევის შემდეგ, რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა ამ პროფესიაზე და ცხოვრების სხვა გზა ავირჩიე. აღმოჩნდა, რომ ამ გზაზე სულ წარმატებულად ვიარე და ეს, რა თქმა უნდა, ოჯახის დამსახურება იყო. უპირველესად კი დედაჩემის, ქალბატონ მანანა ბელქანიასი, მაგრამ მამაჩემი გახლდათ ჩემი უმთავრესი დამრიგებელი ცხოვრებისეულ საკითხებში. სადაც არ გავითვალისწინე მისი რჩევები, ყველგან “ფეხი წავიმტვრიე”, თუმცა, არასდროს დავცემულვარ, არასდროს გავჩერებულვარ.
ჩემი გზა ბიზნესს დაუკავშირდა და დღეს ვამბობ, რომ ჩემი მთავარი ბიზნესი ადამიანებისათვის სიკეთის მინიჭებაა. ისე, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი. შემდეგ რუსეთში ფინანსური აკადემიის საბანკო და სადაზღვევო საქმიანობა. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ახალგაზრდა აბიტურიენტს უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის ხელი შევუწყვე, რამდენიმე ადამიანს გულის ოპერაცია დავუფინანსე… დარჩელელებს სურსათის მაღაზია, თხილის ქარხანა და სასტუმრო “დარჩი” ავუშენე. თუმცა, მათი ჩამოთვლა, ალბათ უხერხულიცაა. სიკეთის ნუმერაცია არასოდეს მიფიქრია.
-რა განწყობაა, ფულის ხარჯვა კეთილი საქმეებისთვის…
-უფ, ეს ჩემთვის ყველაზე ტკბილი მომენტია. მზად ვარ, გაჭირვებულ ხალხს ყოველთვის გვერდით დავუდგე და დავეხმარო.
-რამდენად მიმტევებელი ხართ?
-ყველას შემიძლია ვაპატიო…
-ახალგაზრდებს დააინტერესებთ ალბათ, მიზნის მისაღწევად რა საშუალებას იყენებთ?
-ბევრს არაფერს… მთავარია, ალალად გინდოდეს ის, რასაც ისახავ მიზნად.
-გქონიათ ოდესმე იმის შეგრძნება, რომ რაღაც კომპლექსი ვერ დასძლიეთ?
-უკომპლექსო ადამიანი ვარ, შემიძლია გლეხთან და პრემიერ მინისტრთან ერთნაირი ვიყო, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რეგალიებს, სტატუსსა და ცხოვრების დონეს.
-ბატონო ვიტალი, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?
-როგორც გითხარით, მამაჩემი გრამიტონ გოგოხია წარმოშობით წალენჯიხის რაიონიდან, სოფელ ფახულანიდან იყო, სამამულო ომგამოვლილი, დამსახურებული ექიმი-ქირურგი, თავისი საქმის პროფესიონალი, მუშაობდა ახალქალაქში, სადაც მე და ჩემი შუათანა ძმა დავიბადეთ. მამაჩემს მივლინებით სხვადასხვა ქალქაში უწევდა ყოფნა,- თბილისში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, გალში, ნაბაკევში, ჯვარში, მესტიაში… ყველგან ყველას უყვარდა. განსაკუთრებით მესტიაში, სადაც დღესაც, მესტიის მთავარ საავადმყოფოში, მემორიალურ დაფაზეა ამოტვიფრული მისი სახელი და გვარი. დედა მანანა (ფაუსტა) ბელქანია იყო პედაგოგი, რომლის ზურგზეც გადადიოდა სახლის მოვლა, ბავშვების აღზრდა, მათთვის განათლების მიცემა და ბოლოს ფეხზე დაყენება. დედაჩემი ქმარს ფაქტიურად ვერც კი ხედავდა.
ჩემი მეუღლე გახლავთ მარინე შონია. ზუგდიდელები კარგად იცნობდნენ ბატონ ვალიკო შონიას. ის წლების განმავლობაში ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმის დირექტორი იყო. ჩემი მეუღლე მისი ქალიშვილი გახლავთ. ბევრი შემიძლია მასზე მოგიყვეთ. ერთი სიტყვით, ვიტყვი, მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ ახლა. გვყავს ორი შვილი, ქალ-ვაჟი- არჩილი და ნინო. რძალი ქეთევან ქართველიშვილი კახეთიდან, ყვარლიდანაა. ჯერ-ჯერობით, გვყავს ერთი შვილიშვილი-სოფიკო.
-ბატონო ვიტალი, როგორი იყო „ლონდონური კარანტინი“ თქვენს ცხოვრებაში?
-ისეთი, როგორც ყველასათვის ალბათ,-პანიკა და გაურკვევლობა… მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– ზუგდიდელები სიამოვნებით მოისმენენ მათდამი თქვენს სურვილებს…
-მიიღეთ, ჩემგან, ვიტალი გოგოხიასგან, ლონდონიდან, სიყვარულით, მოკრძალებული სურვილი და რჩევა: გაუფრთხილდით ერთმანეთს და გაახარეთ ერთმანეთი.
საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ