ვის საინფორმაციო მომსახურებას შეისყიდის ზუგდიდის მერია


კოდით “92400000 – ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებები” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 4 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. აქედან ერთი 2454 ლარიან, სამი კი 1800 ლარიან მომსახურებაზე.
2454 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა ახალი ამბების სააგენტომ ipn.ge (ipn.ge ზუგდიდის მერიას საინფორმაციო უზრუნველყოფას გაუწევს მხოლოდ 2016 წლის 30 სექტემბრამდე).
გამოცხადებული სამი 1800 ლარიანი ელექტრონული ტენდერიდან, ერთი არ შედგა, ერთი ტენდერი დისკვალიფიცირებულ იქნა, ანუ უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთში კი, გაიმარჯვა newpost.ge-მ, რომელიც ზუგდიდის მერიას საინფორმაციო უზრუნველყოფას გაუწევს 31 დეკემბრამდე.
მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში „ახალი ამბების მომსახურების შესყიდვაზე“ (1800 ლარი) მონაწილეობა უკონკურენტოდ მიიღო სამეგრელოს მედიაორგანიზაციამ smo.ge მაგრამ, როგორც მერიის მიერ პრეტენდენტისთვის მიწერილი წერილი იუწყება, მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დააგვიანა ტექნიკური ინფორმაციის დროულად წარდგენა და მისი წინადადება დისკვალიფიცირებულიქნა. არადა, როგორც spa.ge – ს კატეგორია “შედეგში” „დოკუმენტები“ იუწყებიან, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ დროულად წარადგინა დოკუმენტები, მაგრამ შემდეგ ისინი ისევ უკან გაიტანა.
სამეგრელოს მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია „ზუგდიდელები.გე“-სთან საუბარში  განმარტავს დისკვალიფიკაციის მიზეზს : „სატენდერო კომისია ითხოვდა 2015 წლის აგვისტოდან დღევანდელ დღემდე google analiytics-ის 6 თვის შედეგებს. მოგეხსენებათ, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია smo.ge გადავიდა ახალ სერვერზე და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მოგვეპოვებინა საიტის მხოლოდ ბოლო სამი თვის რეიტინგი. რომელიც ჯერ წარვადგინეთ, შემდეგ კი უკან გამოვითხოვეთ. დროში ვერ ჩავეტიეთ და ვერ შევძელით საიტის რეიტინგის არქივის გახსნა. ეს ტექნიკური შეფერხება იყო, რომელიც უკვე მოგვარებული გვაქვს. მერიის გადაწყვეტილება სამართლიანია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციაზე. ჩვენ ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში აუცილებლად ისევ მივიღებთ მონაწილეობას’’.

სმო.გე -ს დისკვალიფიკაციის თემა „ფეისბუქზე“ წამოსწია მოქალაქე ეგნატე შამუგიამ. ის წერს „არ აკმაყოფილებდა სმო.გე -ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნას. კონკრეტულად, მას უნდა წარმოედგინა რეიტინგი 2015 წლის 1 სექტემბრიდან და წარმოდგენილი ჰქონდა 26 დეკემბრიდან. თუმცა შემდეგ თავად გააუქმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზად მერიამ სხდომის ოქმში ტექნიკური დოკუმენტაციის დროზე წარმოუდგენლობა დაასახელა. რეალურად მისი დისკვალიფიკაცია მოხდა არასათანდო რეიტინგის გამო.“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!