დღეს, ფრაქცია „ზუგდიდმა’’ შეხვედრა გამართა, სადაც საზოგადოებას გააცნეს ზუგდიდში ელექტრონული პეტიციის პრაქტიკის დანერგვის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს ელექტრონული პეტიციის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე, ასევე მის ტექნიკურ მხარეებზე. მათი ინფორმაციით, ელექტრონული პეტიციის დანერგვა არცერთ მუნიციპალიტეტში არ მომხდარა და ეს ერთგვარი სიახლე იქნება ქალაქისთვის.
ფრაქცია „ზუგდიდის’’ წევრის გიორგი თოდუას აზრით, ელექტრონული მმართველობის დანერგვა ეფექტური მექანიზმი იქნება ქალაქის განსავითარებლად. მისი თქმით, საკრებულოში, ამ საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია. „მთავარი მიზანი, ამოცანა, არის ის, რომ ზუგდიდელებმა ვმართოთ ჩვენი მშობლიური ქალაქი ერთად, ამისათვის აუცილებელია, სამოქალაქო ჩართულობა, სამოქალაქო ჩართულობას კი სჭირდება მთელი რიგი ტექნიკური საკითხების და სხვადასხვა პროგრამების განხორციელება’’.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა კონსტანტინე კანდელაკმა ისაუბრა ელექტრონული პეტიციის მნიშვნელობაზე და მომსახურებაზე. მან, საზოგადოებას, წარუდგინა ელექტრონული პეტიციის პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმი. მისი თქმით, ელექტრონული პეტიცია გაუმარტივებს მოქალაქეებს საკუთარი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას და საინიციციატივო ჯგუფებს, რომლებსაც სხვადასხვა საკითხი დააინტერესებთ. ის ამბობს, რომ სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად, შესაძლებელი იქნება, შეუერთდნენ ნებისმიერ მოთხოვნას და მოქალაქეებს ექნებათ ყველანაირი კომფორტი. მისი განმარტებით, ეს სისტემა აპრობირებული მეთოდია ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში. „ელექტრონული პეტიციის ამოქმედებას სჭირდება თითოელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღება, რათა დაინერგოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში და შემდგომ, ჩვენ მათ ვთავაზობთ მზა პროგრამულ უზრუნველყოფას,არანაირი თანხა არ დაეხარჯებათ, შეუძლიათ პირდაპირ დააინსტალირონ საკუთარ ვებ გვერდზე და ამით აამოქმედონ ელექტრონული პეტიციის გვერდი’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NdBoKebNo1A[/embedyt]
კანდელაკი მიიჩნევს, რომ ელექტრონული პეტიციის დანერგვა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნებაზე. მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულო იყო პირველი, რომელიც მათ შეთავაზებას გამოეხმაურა და იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოში ახლო მომავალში, დაინერგება პეტიციის ელექტრონული წესით დანერგვა.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის მენეჯერი არჩილ თოდუა ამბობს, რომ ელექტრონული პეტიციის შემოღება საკრებულოში მნიშვნელოვანია. ,,არა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში, ზოგადად მთელ ქვეყანაში, უნდა იქნეს დანერგილი, რათა მოქალაქეებს გაუადვილდეთ საკუთარი ინიციატივის წარდგენის მექანიზმები’’.- განუცხადა თოდუამ ჟურნალისტებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=zsQa6A5zZcc[/embedyt]
დღევანდელი შეხვედრა აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) განახორციელა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC).