გაიმართა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმის მორიგი მოსმენა


დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულთა საქმის მოსმენა, წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, მხარეების პაექრობა და რეპლიკების ეტაპი დაასრულა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე ლაურა მიქავამ  მოწმის სახით დაკითხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის ხელმძღვანელი ბაკურ კვენეტაძე, რომელიც იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ- ერთი წევრი.

მოსამართლე ლაურა მიქავა დაინტერესდა, მოწმემ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში რა შეკითხვები დაუსვა გათავისუფლებულებს. კვენეტაძემ აღნიშნა, რომ გათავისუფლებული სოფლის რწმუნებულებისათვის მას შეკითხვები არ დაუსვამს. მის თქმით, შეკითხვებს სვამდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, რომელიც იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ ერთი წევრი და გამგებელი ლაშა გოგია, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობდა. კვენეტაძეს შეკითხვა ჰქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემოსავლების განყოფილების ყოფილ უფროსთან კახა კვარაცხელიასთან. მოსამართლის შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასა კვარაცხელია, კვენეტაძემ თქვა, რომ საშუალოდ. ლაურა მიქავამ მოწმეს ჰკითხა, არის თუ არა მოსარჩელე მხარე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. კვენეტაძემ განმარტა, რომ მისი შეფასება მოსარჩელე მხარის მიმართ პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. მან აღნიშნა, რომ კომისიამ კონკურსი ობიექტურად, გამჭირვალედ და კანონის შესაბამისად ჩაატარა. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ არ მიეცა კონკურსში საიას დამკვირვებლის უფლებით დასწრება, კვენეტაძემ განმარტა, რომ  უცხო პირების დარბაზში ყოფნა  დაძაბავდა მონაწილეებს და დისკომფორტს შეუქმნიდა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ გათავისუფლებული სოფლის რწმუნებულები, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათი გათავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა. გამგებლის წარმომადგენლებმა დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს „ბეტონის ქარხანაში“  მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაის და გამგებლის ლაშა გოგიას სტუმრობა, რომელიც სოფლის რწმუნებულებს აფრთხილებდა, არჩევნების პირველი ტურის  წაგების შემთვევაში, მოხდებოდა მათი გათავისუფლება სამსახურიდან. სხდომაზე მამუკა კვარაცხელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ატესტაცია სიცრუე და „მასკარადი“ იყო, რეალური მიზეზი მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ ის მეგობრობდა გამგებლის ყოფილ მოადგილესთან გურგენ სართანიასთან. „მინდა მჯეროდეს თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების“ მიმართა კვარაცხელიამ მოსამართლეს. მოპასუხე მხარის გამგეობის იურისტმა მაია ჩიტაიამ და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის იურისტმა ასმათ ბერაიამ  აღნიშნეს, რომ მოსარჩელე მხარის გათავისუფლება არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით.

საიას იურისტის ჯემალ ჭკადუას თქმით, წერილობითი მტკიცებულებით ირკვევა, რომ ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cfdN1v1aBM4[/embedyt]

მოსამართლე გათავისუფლებულთა საქმის საბოლოო გადაწყვეტილებას 11 მაისს 17 საათძე გამოიტანს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!