ეკატერინე დოჩია-ყოველთვის არიან მკითხველები, ვისთვისაც წიგნი გაჯეტებზე მაღლა დგას


  • დარჩელის სასოფლო ბიბლიოთეკა 1914 წელს დაარსდა და დიდი როლი შეასრულა სოფლის მოსახლეობის წერა-კითხვის გავრცელების საქმეში.

სხვადასხვა დროს, ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ: ცნობილი პედაგოგი და ეთნოგრაფი იოსებ ქობალია, დამსახურებული პედაგოგი იასონ ქირია. ათეული წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა მერი კარბაია, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება…

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა შენობაში იყო გადანაწილებული, მხოლოდ დაარსების ასი წლის თავზე ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა კუთვნილ შენობას.

გავესაუბრეთ დარჩელის ბიბლიოთეკის გამგეს, დარჩელელ ეკატერინე დოჩიას, რომელიც პროფესიით საფინანსო და საბანკო საქმიანობის მენეჯერია და 1996 წლიდან მუშაობს ამ ბიბლიოთეკაში.

ეკატერინე დოჩია: -დარჩელის სასოფლო ბიბლიოთეკა 110 წლის წინ დაარსდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მოსახლეობის წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. აქ მოღვაწე ცნობილი პედაგოგებისა და ეთნოგრაფების დამსახურებით, ის ერთგვარ საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა. ბიბლიოთეკა მდიდარია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით და შედგება 5243 წიგნისგან. დრო და დრო შემოდის ახალი წიგნებიც. ეს, უმეტესად, საბავშვო ლიტერატურა გახლავთ.

-ბიბლიოთეკაში როგორია მკითხველების აქტიურობა?

-ბიბლიოთეკა ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:30-დან 15:30-მდე ესტუმრონ ბიბლიოთეკას. ყოველწლიურად იზრდება მკითხველთა რაოდენობა. სამკითხველო პატარაა, მაგრამ რამდენიმე ადამიანს ერთდროულად იტევს. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა აღჭურვილია ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერებით.

-ძირითადად,  რა ასაკის არიან თქვენი მკითხველები?

-ყველა ასაკის მკითხველი გვყავს, მაგრამ უმეტესად, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები მოდიან.  ზოგჯერ, ხანდაზმულებიც გვსტუმრობენ. გვაქვს შინ მიტანის სერვისიც – მკითხველთან შინ მიგვაქვს პრესა და სასურველი ლიტერატურა მოძრავი ბიბლიოთეკის სახით.

-საბიბლიოთეკო ღონისძიებებით მკითხველთა მოზიდვაზე რას იტყვით…

-ყოველწლიურად ტარდება საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული გამოფენები,  წიგნების მიმოხილვა, დისკუსიები. ასევე, ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებები. ინტერესდებიან და მოდიან…

-როგორ ფიქრობთ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა მომავალი აქვს ბიბლიოთეკას?

-მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ბიბლიოთეკებში ვიზიტორთა შემცირება, მათ შორის, ჩვენთანაც, მაგრამ, სამკითხველოში მოსულებს, ეძლევათ საშუალება ელექტრონულად გაეცნონ სასურველ ლიტერატურას. აქვე ვიტყვი: – ყოველთვის არიან მკითხველები, ვისთვისაც წიგნი გაჯეტებზე მაღლა დგას.

-გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ!

მასალა მოამზადა მარიკა ბიგვავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!