- ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ბანერის განთავსება სურთ. ინიციატივა ეკუთვნის “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მარიამ სიჭინავას, რომელმაც პოსტი თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
“აგვისტოს თვე თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მძიმეა, ზოგს ახსოვს ყველაფერი და გაბრაზებულია. ზოგიერთს ახსოვს, მაგრამ ჯიუტად ბაბაიას გაიძახის. ეს სხვა თემაა და სხვა დროსაც ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. ახლა მთავრაზე გადავალ. ქვეყანაში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, რომლებიც ისე იქცევიან თითქოს თავიანთ ,,დაჩაზე” არიან. ესეც რომ არა, 7 აგვისტო მოდის და ქალაქშიც უნდა გავახსენოთ ყველას, ვინ ვინ არის :)) ამისათვის მჭირდება თქვენი დახმარება, რადგან პირადი თუ სხვა ფინანსები უკრაინელი დევნილების დახმარებას მოხმარდა, აღარ დარჩა რესურსი ბანერისთვის, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება, რომ ერთი თვით ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებასთან, სარეკლამო ადგილას დაიკიდოს. თანხის მცირედი ნაწილი მაქვს, რომელსაც ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და კიდევ უფრო კარგი ადამიანი, მირიცხავს ავსტრიიდან.
ბანერისთვის სულ საჭიროა 1670 ლარი და მგონი შეხსენებაც არ გვჭირდება, რომ თითო ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია”.-წერს მარიამ სიჭინავა.