დოდო კვარაცხელია: ახალგაზრდებმა გამოხატონ აზრი, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ საკუთარი


  • “ზუგდიდელების“ სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი, ქალბატონი დოდო კვარაცხელია.

დოდო კვარაცხელია: – “მე ძირძველი ზუგდიდელი ვარ, დავამთავრე ქალაქ ზუგდიდის  მე – 2 საჯარო სკოლა. ჩავირიცხე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 21 წლისამ მასწავლებლის სტატუსით შევაბიჯე სკოლაში და მოვახერხე მთავარი, ბავშვებს უხაროდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის დაწყება, მათი სიხარულით აციმციმებული თვალები და სიყვარული 45 წელია მასაზრდოებს, მაძლიერებს”.

-პედაგოგებიც მუდმივად სწავლობთ, საკუთარ თავზე მუშაობთ…

-დავესესხები ჯონ დანას: “ვინც იმდენად გამბედავია, რომ ასწავლოს, თავად არასოდეს უნდა შეწყვიტოს სწავლა!“ ეს ის სიტყვებია, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ერთი წამითაც მოვდუნდე, ან ახალი არ მოვიძიო, ან ახალი არ ვისწავლო. მე ხომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე ჩემი პროფესიით და ბავშვებთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერებაა.

-ახალბედა პედაგოგებს სკოლაში მრჩველი ხვდებათ. თქვენი მრჩეველი ვინ იყო?

-ჩემი მრჩეველი იყო ქართული ენის მასწავლებელი, ქალბატონი მარიამ დგებუაძე და ბატონი ვაჟა ესართია.

-ქალბატონო დოდო თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობას უამრავი ადამიანი აფასებს დადებითად. ემოცია, რომელიც დაგამახსოვრდათ?

-მასწავლებლობა ემოციების ზღვაა, მოგზაურობაც სხვა სამყაროში. დიდი ხანია ვაგროვებ ემოციურ, სიყვარულით სავსე წერილებს, გამოჭრილ გულებსა და მილოცვებს. მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო, ამ ემოციისათვის.

-მოსწავლეების მშობლებიც გემადლიერებიან. როგორ ახერხებთ?

-ჩემი მთავარი იარაღი მშობლებთან მუშაობის დროს, მათი აქტიური მოსმენაა. ყოველთვის ვცდილობ, პასუხი ჯადოსნური სიტყვებით გავცე: “მესმის თქვენი”. “აუცილებლად გავითვალისწინებთ”. შემდეგ კი, ყოველთვის, გამოვხატავ საკუთარ მოსაზრებას, ასეთი მიდგომა მშობელს შეახსენებს იმას, რომ მარტო მე არ ვზრუნავ მის შვილზე, არამედ პროფესიონალთა გუნდი. ნათქვამია: “თუ ვერ ცვლი გარემოს, უნდა შეიცვალო დამოკიდებულება მის მიმართ”.

-ამბობენ, პედაგოგები გვიან ბერდებიანო…

-დიახ, ბავშვებთან ურთიერთობა გვაახალგაზრდავებს. მეტ შანსს გვაძლევს გვიან დავბერდეთ. გარდა ამისა, მადლობა ჩემს კოლექტივს იმ ჰარმონიისთვის, რომელიც სკოლაში სუფევს. ეს, პირველ რიგში ჩვენი სკოლის დირექტორის, ქალბატონ მაია ცაავას, მოადგილის, ქალბატონ ციცინო ქობალიას და ჩვენი ახალგაზრდა კოლექტივის დამსახურებაა.

-ამბობენ, რთულდება ახალგაზრდებთან ურთიერთობა იმის გამო, რომ მათ ბევრ თემაზე საკუთარი აზრი გააჩნიათ…

-ჩემი თაობისთვის თავისუფლების განცდა ოცნება იყო. ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ვწყვეტდით სად ჩაგვებარებინა, ვისთან გვემეგობრა, რა ჩაგვეცვა, ხოლო ახლანდელი განათლების კონცეფცია თავისუფალ არჩევანს და ნებას ემყარება. მე მომხრე ვარ, ბავშვები იყვნენ თავისუფლები, გამოხატონ აზრი თუნდაც მიუღებელი, მაგრამ საკუთარი.

-რომ შეგეძლოთ შეცვლიდით თუ არა თქვენი ცხოვრების გზას?

-ჩემი გზა, სადაც მიმიხარია სკოლაა, სადაც ბევრი სითბო ტრიალებს. რა არის იმაზე დიდი სიხარული, როდესაც ქუჩაში გეხუტებიან, გეფერებიან და სიყვარულით სავსე კომენტარებს გიწერენ.

-როდის ბრაზდებით, რას ვერ პატიობთ?

-იშვიათად ვბრაზდები. არ მიყვარს მატყუარა და ორპირი ადამიანები. მე ვერ დავივიწყებ წყენას, მაგრამ შემიძლია ვაპატიო.

-რას გვეტყოდით დედის როლზე თქვენს ცხოვრებაში?

-სკოლა, სხვისი შვილები, ჩემი სამი შვილი, მეუღლე, ჩემი სიყვარული ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობა – ეს გაგვაჩნდა მე და ჩემს მეუღლეს და მისი დახმარებით შევძელი ამ ყველაფრის გაკეთება. ჩემი შვილები ჩემი ფრთებია, ისინი მაძლიერებენ და გვერდში მიდგანან.

-ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, რას იტყვით თქვენ?

 -მე მომწონს ახალგაზრდა ადამიანში სიბერის რომელიმე კარგი ხასიათი და მოხუცში- რომელიმე კარგი ახალგაზრდული ხასიათის ხარისხი.

-თქვენს ლამაზ ცხოვრებას ადრიანად დააკლდა თქვენი მეუღლე, ბატონი ანზორ ღურწკაია, ეს ტკივილი დღემდე არ გტოვებთ…

-მეგობრის, მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჩემთან ერთად ცხოვრობს. ძალიან გამიჭირდა შეგუება.

-როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

-პოზიტიური ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრები, კითხვა და მოსწავლეებთან ერთად მოგზაურობა.  

-რას უსურვებთ ახალბედა პედაგოგებს?

-ახალბედა პედაგოგებს ვუსურვებ არ შეშინდნენ, რადგან მასწავლებლობა უწყინარი ჯადოქრობაა. იყვნენ მზად ბევრი სითბოსთვის, სიყვარულისთვის, წყენისთვის, დაუფასებლობისთვის და იმავდროულად მადლიერებისთვის. ვისურვებდი ხშირად გაეგონოთ მოსწავლის უკმაყოფილო კომენტარი: “უჰ, რა მალე დარეკეს ზარი”.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!