დიმა აბშილავა: „ჩვენ უნდა შევძლოთ და კიდევ შევძლებთ“!


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, 36 წლის ექიმი, დიმა აბშილავა გახლავთ. დიმა თავადაც ამ სოფლის მკვიდრია.  პროფესია ბავშვობაში აირჩია.  წლების მანძილზე, როგორც რიგითი ექიმის, ასევე  სამხედრო ექიმის გამოცდილებაც მიიღო. თავის სოფელში ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ორი თვეა, თავად ჩაუდგა სოფელს სათავეში.

-აბასთუმანი ჩემი სოფელია, იქ დავიბადე და გავიზარდე, დავამთავრე ურთის სოლომონ ცაიშვილის სახელობის საჯარო სკოლა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ვმუშაობდი ქალაქ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს უმცროს ექიმად. ოთხი  წლის განმავლობაში, ვიყავი მეოთხე  ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ექიმი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, ექიმს დიდი ჯაფა და ნერვიულობა უწევს პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ ძალიან ბედნიერია, თუ ავადმყოფობაზე გაიმარჯვა.

ყველაზე დიდი ნიჭი, რაც უფალმა  უბოძა ადამიანს, სიყვარულია. მე მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს ყოველი დილა ჩემს ქვეყანაში, ქალაქში და სოფელში გათენებული, საქართველო ბევრი ღირსებითაა დაჯილოდოებული, ერთ-ერთი მისი ფასდაუდებელი განძია ისტორია, რომელიც ნატიფ ჩუქურთმებში გვაქვს ჩასმული. ჩემს სოფელში, სადაც ანდრია დადიანს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა, იყო წყარო, რომელიც ახლაც ცნობილია, იქ, სადაც დადიანების რეზიდენცია მდებარეობდა, სოფლის ცენტრში,  ახლა ეკლესიაა აშენებული, რომელიც რამდენადაც ვიცი,სოფლის მოსახლეობისა და ყოფილი მაჟორიტარის ზვიად გაბრავას ძალისხმევით აშენდა. აბასთუმანი ის სოფელია, სადაც ,,მამლუქის’’ ავტორი ფსევდონიმით ,,უიარაღო’’, კონდრატე თათარიშვილი ცხოვრობდა. დღეს, სოფელში, ფუნქციონირებს თათარიშვილის სახლ- მუზეუმი და მას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, ნიჭიერი გოგონა ეკატერინე ხვიჩია.

წარმოშობით აბასთუმნელია ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რაულ ჩილაჩავა,  რომელიც წლებია უკრაინაში  ცხოვრობს, მაგრამ დღემდე ეხმიანება და ეფერება თავის სოფელს პოეტური სტრიქონებით თუ საქმით. აბასთუმნელია პროფესორი ვახუშტი ფარცვანია. აბასთუმნის წიაღში სხვა არაერთი სახელოვანი ადამიანი აღზრდილა, მათ ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, თითოეული აბასთუმნელი ამაყობს მათი სახელით.

აბასთუმნელები ცნობილი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით. ყველგან, სადაც მივედი, თბილად მიმიღეს, პატივისცემა გამოხატეს. როცა ასეთი ხალხის, ასეთი მნიშვნელოვანი სოფლის წარმომადგენელი ხარ, თავს  უფლებას ვერ მისცემ, მათ სატკივარს წაუყრუო, ან მათი სიხარული არ გაიზიარო. თუკი, ჩემი თანასოფლელები ჩემს გვერდით იქნებიან, ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო, მათ გარეშე მე არაფერი შემიძლია.

-როგორი თავკაცი აღმოჩნდა სოფლისთვის პროფესიით ექიმი დიმა აბშილავა?

-პოლიტიკაზე არასოდეს მიოცნებია, თუმცა ერთი პრინციპით ვცხოვრობ, თუ საჭირო გახდა, უკან არაფერზე არ ვიხევ… სუფთა პოლიტიკოსი კი, ექიმივით მკურნალია, ისიც ადამიანების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ქმნის ჯანსაღ გარემოს. სოფლის თავკაციც სოფლის  გაჯანსაღებისათვის, თაობების ბედნიერი მომავლისათვის უნდა იბრძოდეს. მე ვთქვი, უკან არ დავიხევ მეთქი საჭიროების შემთხვევაში და ასეც მოვიქცევი, თუ ამას საქმეში ჩემი სოფელი და თანასოფლელები მოითხოვენ. ესეც ჩემთვის ბრძოლის ველივითაა…

– ვიცი, თქვენ ბრძოლის ველის გამოცდილებაც გაქვთ…

– სხვათაშორის, მე ვაპირებდი ავღანეთში წასვლას, მაგრამ 2008 წლის ომმა შეცვალა ჩემი გეგმები. ომში ჩემს ქართველ ძმებთან ერთად ვასრულებდი ჯარისკაცის მოვალეობას, ვარ ომის ვეტერანი, ვეხმარებოდი დაჭრილებს, ვუწევდი სასწრაფო დახმარებას. უფალს მადლობა იმისთვის, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე ადმიანის სიცოცხლე გადამერჩინა.

-რას მიიჩნევთ ადამიანის მთავარ ცხოვრებისეულ ფასეულობად?

-ჩემთვის, ნამდვილ ადამიანობაზე დიდი განძი არ არსებობს. მიყვარს პოზიტიური ხალხი. კარგ ხასიათზე რომ დავდგე, საკმარისია ვინმემ დამირეკოს და თუნდაც უმნიშვნელო სასიხარულო ამბავი  მითხრას. ისე, ძალიან მიყვარს იუმორი და ხშირად ვხალისობ ხოლმე მეგობრებთან ერთად. როცა პასუხისმგებელი პირი ხდები, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.

-პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით…

-ჩემი მეუღლე გახლავთ თეონა თორდია, პროფესიით იურისტი. ჩემი პაციენტი იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი და შევუღლდით. საქართველოს ვაჩუქეთ სამი ულამაზესი ქალბატონი, უფროსი მიმი, და 2 ტყუპი დები: ნიაკო და ანიკო აბშილავები.

მამაჩემი- ზაურ აბშილავა, რომელიც ინჟინერია, ჭკუას კარგავს ჩემს პატარებზე შვილიშვილებზე. სამწუხაროდ, დედაჩემი, მიმოზა არქანია 2001 წლის 8 მაისს გარდამეცვალა 47 წლის ასაკში, ვერ მოესწრო ჩემს დიდ სიხარულს. იყო არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე, მას უზომოდ უყვარდა შვილები.

მყავს ორი და-მაკა და მაია აბშილავები. მაკა თითქმის 8 წელია აბასთუმნის საბავშვო ბაღის გამგეა, მაია კი, პედაგოგი.

-…და კიდევ:

-და კიდევ:  ძალიან მიყვარს ზუგდიდი, განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი აბასთუმანი. მეგრელი კაცი ვარ და მინდა ჩემი კუთხე აღორძინებული და გაძლიერებული იყოს. მინდა, მუხრან მაჭავარიანის  სიტყვები გავიხსენო: „ დღეს ბედი მისი ჰკიდია ჩვენზე! ლარი და ხაზი ამას რად უნდა… ჩვენ უნდა შვძლოთ და კიდევ შევძლებთ! -კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა!“

საუბარი ჩაიწერა რ. როგავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!