დღეს, საპროტესტო აქცია გამართეს რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებმა დევნილებმა. ისინი ითხოვენ სოციალური სტატუსის აღდგენას, ზამთარში შეშით უზრუნველყოფას და ზოგადად, სოციალური პირობების გაუმჯობესებას. დევნილები ამბობენ, რომ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება – შენობას აწვიმს, ნესტია, რის გამოც ბავშვები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ.
მათ დახმარებისთვის რამდენიმეჯერ მიმართეს დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას. დევნილთა თქმით, ბატონი მანუჩარი მათთან სიტუაციის გასაცნობად არასდროს მისულა, არ პასუხობს მათ ზარებს და მათთან არანაირი კონტაქტი არა აქვს. დევნილები ამბობენ რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, აქციებს სამმართველოს შენობასთან გააგრძელებენ. დევნილებთან ადგილზე მივიდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.
ზუგდიდელები.გე დაუკავშირდა დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა: “ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ხვდებიან რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს და ეცნობიან მათ მდგომარეობას. რაც შეეხება შეშით უზრუნველყოფას, 2015 წლის ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული შეშის 200 ლარიანი ვაუჩერი და ჩვენ ცალკე ვერ გამოვუყოფთ მათ. მაგრამ ჩვენ მერიასთან ვთანამშრომლობთ, ვითვალისწინებთ, რომ შენობაში მცირეწლოვანი ბავშვები არიან და მათ უახლოეს დღეებში მივუტანთ შეშას. რაც შეეხება სოციაური სტატუსის აღდგენას, მათ შეწყვეტილი არ აქვთ, ჩემი ინფორმაციით, გადამოწმების, მიზნით დროებით შეჩერებული აქვთ.სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, დევნილები აპირებენ, რომ ამ ეტაპზე, საკუთარი სახსრებით შეიძინონ შეშა და პარალელურად დაიწყონ შიმშილობის აქცია.