“ზუგდიდელები” დაუკავშირდა ქალბატონ დალი ძიგუას. “ზუგდიდში დავიბადე, აქ გავიზარდე და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. მგონია, რომ ადგილობრივები მიცნობენ. ცუდი არასდროს შეგნებულად არ გამიკეთებია. რაც შეეხება აგარაკის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემის იდეას, მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, ერთ-ერთმა, სალომე ფაცაციამ თქვა, რომ მას მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა სურდა, მაგრამ ფართი არ ჰქონდა და შენობის აშენებას კი ვერ ახერხებდა. მე ვუთხარი, თუ თქვენ მარტო ფართზე ხართ დამოკიდებული და დანარჩენი ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მე შემიძლია დახმარების ხელი გამოგიწოდოთქო. შევსთავაზე ჩვენი ოჯახის აგარაკი. გაუხარდა ყველას. მოგვიანებით სალომეს პოსტი დაუდია თავის გვერდზე. არ მინდოდა ამის დადება, ვუსაყვედურე კიდეც. ვუთხარი: ჯერ ბოლომდე მიგვეყვანა ყველაფერი მეთქი. მე თანხმობა მაქვს მიცემული. რაც ვთქვი ძალაში იქნება. მაგრამ, ამას ძალიან ბევრი პროცედურა სჭირდება. როცა ჩამოვყალიბდებოდით და საქმეს გავაკეთებდით, მერე უნდა გვეთქვა მეთქი. ჩვენ იმ სახლში ზაფხულობით მივდივართ, აქვეა “კომბინატში”. სულ დაკეტილია. მე ბინაში ვცხოვრობ, შვილი თბილისშია. სახლში 20-25 ადამიანი მოთავსდება, გაფართოებაც შეიძლება.”